გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?

AutoSharing Option
"საბურთალო" ევროპალიგის საგზურისთვის თბილისის "დინამოსთან" პლეი ოფის შეხვედრებში დამარცხდა, მაგრამ ახალგაზრდულმა გუნდმა სეზონი მაინც წარმატებულად დაასრულა, რაშიც დიდი წვლილი გია ჭიაბრიშვილმა შეიტანა: მან გუნდი ჩემპიონატის მიწურულს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, "საბურთალომ" 5 თამაშში 10 ქულას მოუყარა თავი და პროგრამა-მინიმუმი შეასრულა: 2017 წელს საბურთალოელები პრო ლიგა 1-ში ითამაშებენ...

ახალგაზრდა სპეციალისტმა სეზონი შეაფასა:

"დინამოსთან" პლეი ოფში ფავორიტები არ ვიყავით, მაგრამ ევროპალიგაზე თამაში გვსურდა. "საბურთალომ" ახალგაზრდულ ლიგაზე დანიურ "მიდტიულანდთან" ით
ამაშა, ევროტურნირები კი კლუბის ზრდას უწყობს ხელს და გამოცდილებას სძენს.

რთულ მოწინააღმდეგეს არ შევუშინებივართ. ამ თამაშებში გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

თუმცა კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ "საბურთალო" სწორ გზაზე დგას და ნელ-ნელა ვითარდება. შარშან "დინამომ" ორჯერ დიდი ანგარიშით დაგვამარცხა. მაშინდელ და ახლანდელ "საბურთალოს" შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა, გუნდი აშკარად გაზრდილია და უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია", - ამბობს გია ჭიაბრიშვილი.

მან ჯერ ვერ დააკონკრეტა, დარჩება თუ არა "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელად:

"პაბლო ფრანკო მარტინი, რომელიც კლუბში ჩემამდე მუშაობდა, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და დიდი სამუშაოც ჩაატარა, თუმცა იმ პერიოდში კლუბი დაცვიდან თამაშობდა, რაც "საბურთალოს" სტილში არ ჯდება - ჩვენი კლუბი შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარია.

ჩემი მოსვლის შემდეგ ისევ აღებულ გეზს დავუბრუნდით და მიმაჩნია, რომ შედეგი სწორედ ამან მოიტანა. მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, გუნდში დავრჩები თუ არა. უახლოეს დღეებში "საბურთალოს" და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შევხვდები და საბოლოოდ გადავწყვეტ, სად და როგორი ფორმით ვიმუშავებ".

ჭიაბრიშვილის აზრით, გარდამავალმა ჩემპიონატმა გაამართლა:

"ბოლო ტურამდე გარკვეული თითქმის არაფერი იყო და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მთლიანობაში, ჩემპიონატმა გაამართლა და კმაყოფილი ვარ.

მაგრამ მომავალი, 10-გუნდიანი პირველობის უფრო დიდი იმედები მაქვს. მისი მონაწილეები 36 მატჩს ჩაატარებენ, ამ ყოველივეს კი დაძაბულობა და ინტერესი არ მოაკლდება და ვფიქრობ, თამაშის ხარისხიც გაიზრდება.

როცა ჩემპიონატი 10-გუნდიანი იყო, მაშინ ევროსარბიელზეც კარგად წარმოაჩინეს თავი "ზესტაფონმა", "დინამომ" და "რუსთავმა", ხოლო "გაგრამ" მეტოქე ერთ შეხვედრაში დაამარცხა.

10-გუნდიანი ჩემპიონატის დადებითი მხარე იქნება ისიც, რომ ჩვენი კლუბები ევროტურნირებს მზადყოფნაში შეხვდებიან, რადგან ივლის-აგვისტოში ჩვენთან შუა სეზონი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული