დინამო (თბ)-ცხინვალი 0:0 - "დინამო" ტიტულს გამოეთხოვა?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" ფრედ ითამაშა ჯგუფის აუტსაიდერ "ცხინვალთან". ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, დიდი ალბათობით, ჩემპიონის ტიტულს დაემშვიდობება.

ამაში გასაკვირი არაფერია: იმ ფეხბურთს, რომელსაც ბოლო დროს "დინამო" აჩვენებს საქართველოს ჩემპიონატში, საჩემპიონოსთან საერთო არაფერი აქვს. ასე იყო "ცხინვალთან" შეხვედრაშიც.

აუტსაიდერმა მაგრად იბრძოლა. "ცხინვალმა" ტოლი არაფერში დაუდო ფავორიტს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია. კახა კაჭარავამ (დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ტრიბუნიდან ადევნა თვალი) სწორად დამოძღვრა გუნდი და, გარდა ამისა, "დინამომაც" ვერ გამოაჩინა ფხა...

"დინამოს" თამაშში არ ჩანს
ჟინი და ნაპერწკალი. გუნდი თითქოს ინერციით აგორებს ბურთს. ათწუთიანი მონდომება-მომატება კი, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში, გასამარჯვებლად საკმარისი არ არის.

ცხადია, "დინამო" ახალ მწვრთნელს ელის. ვიაჩესლავ გროზნი უკვე იყო თბილისში. იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველოს დედაქალაქს სხვა კანდიდატიც (ისიც უცხოელი) ეწვიოსო.

- ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"

მოკლედ, ვნახოთ. ფაქტია, სეზონის დასრულების შემდეგ "დინამო" გვარიანად შეიცვლის სახეს და თუ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობას დავაკვირდებით, ეს აუცილებელიცაა.

ამ შეხვედრას საქართველოს 16-გზის ჩემპიონი სერიოზული დანაკლისით შეხვდა. ყველასთვის ცნობილი ამბის გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ და შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა.

- სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები და მწვრთნელი მკაცრად დასაჯა

მატჩი ორმხრივი დაზვერვით დაიწყო. ოთარ კიტეიშვილმა ორჯერ სცადა სტუმართა კარის აღება, მაგრამ მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა გიორგი ნადირაძის კარს.

25-ე წუთი მიდიოდა, როცა "დინამომ" ხეირიან შეტევას მოაბა თავი. მათე ცინცაძე და ჯაბა ჯიღაური შეეცადნენ ცხინვალელთა საჯარიმოში სიტუაციის გამწვავებას, მაგრამ მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.

ამ ეპიზოდის შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლომდე, მინდორზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა.
ტაიმის ბოლოს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ცხინვალელებს მიეცათ. სტუმართა შემადგენლობაში ბაქარ ქარდავასთან ერთად აშკარად გამორჩეული ბიძინა მახარობლიძე ფლანგიდან შევიდა დინამოელთა საჯარიმოში, თუმცა საენდშპილო დარტყმას ძალა დააკლო და ბურთი ნუკრი რევიშვილის იოლი ნადავლი შეიქნა.

მეორე ტაიმში პირველი საგოლე შანსი "ცხინვალისა" იყო. გიორგი კახელიშვილის პასის შემდეგ ლაშა ქოჩლაძე თითქმის პირისპირ დარჩა რევიშვილთან. შემტევმა მეკარე მოატყუა, მაგრამ ბურთი ზედმეტად გვერდზე წაიღო და საბოლოოდ მისმა დარტყმულმა მიზანს ვერ უწია.

56-ე წუთზე "დინამომ" ურეალურესი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. კიტეიშვილმა მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა ცხინვალელთა საჯარიმოში, სადაც ჯიღაურმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით დაარტყა. ბურთი მილიმეტრებით ასცდა ნადირაძის კარს.

66-ე წუთზე უკვე "ცხინვალმა" გაანიავა შანსი - ვაკო ბაჩიაშვილის დარტყმულს რევიშვილი ადგილზე დახვდა. იქვე შეცვლაზე შესულ ვახტანგ ჭანტურიშვილს არ გაატანინა ნადირაძემ. უნდა ითქვას, რომ ჭანტურიშვილმა აშკარად გამოაცოცხლა "დინამოს" თამაში. ერთხელ მან კარგად "მოჭრა" ბურთი, თუმცა ნადირაძემ საიმედოდ ითამაშა.

81-ე წუთზე მოვლენათა ეპიცენტრში კვლავ ჭანტურიშვილი აღმოჩნდა. მისი დარტყმული ოდნავ ასცდა ცხინვალელთა კარს. ბოლო წუთები "დინამომ" მეტოქის ნახევარზე გაატარა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ახლა თბილისურ კლუბს საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური ჯახი ელის ქუთაისის "ტორპედოსთან". ორი ტრადიციული ქართული კლუბისთვის საქართველოს თასი წარუმატებელი სეზონის გადარჩენის ლამის ერთადერთი საშუალებაა.

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. "თეთრი ჯგუფი"
23.10. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ცხინვალი 0:0
დინამო: რევიშვილი, ველევი (76. მიქელთაძე), ჭელიძე, ამისულაშვილი, ლობჟანიძე, თევზაძე (60. ჭანტურიშვილი), პარუნაშვილი (64. ზარია), ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი.
სათადარიგოები: ლომაია, ლილუაშვილი, კირკიტაძე, ნემსაძე
მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი (87. თომაშვილი), ბაჩიაშვილი, სულთანიშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, კახელიშვილი (66. შინდაგორიძე), მახარობლიძე, დვალი (90. მაქაცარია).
სათადარიგოები: სომხიშვილი, მ. გელაშვილი, ფირცხალავა, გაბრიჩიძე
გაფრთხილება:მახარობლიძე (48)
არბიტრი: ჯ. ხორავა

მომდევნო XI ტური
თეთრი ჯგუფი
29 ოქტომბერი
ჩიხურა-ტორპედო
გურია-ლოკომოტივი

30 ოქტომბერი
ცხინვალი-შუქურა

წითელი ჯგუფი
29 ოქტომბერი
საბურთალო-კოლხეთი

30 ოქტომბერი
სიონი-დილა
დინამო (ბთ)-ზუგდიდი

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7
თ. შონია (დინამო ბთ) 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არც დინამოს და ტორპედოს ნახევარფინალს არ გააშუქებენ შეგნებულად! კობი თქვენი იმედი გვაქს!
გოგი ქუთაისელი
15:22 24-10-2016
0
სწორად რომ ვითარდებოდეს დინამო ეხლა ისე უნდა იყოს როგორც ბატე და სელტიკი არიან თავიანთ ქვეყნებში 5 ტურით ადრე რომ იფორმებენ ჩემპიონობას))
svani
15:15 24-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული