უმაღლესი ლიგა. სექტემბრის შეჯამება: ლაურეატები და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზამდე უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ტური უნდა გაიმართოს: 1-2 ოქტომბერს, ორივე ჯგუფში რამდენიმე მართლაც საინტერესო თამაში გველოდება. თუმცა, მანამდე გვინდა სექტემბრის თვე შევაჯამოთ და ამ თვეში გამორჩეული გუნდები, მწვრთნელები თუ ფეხბურთელები წარმოგიდგინოთ.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ამ გარდამავალ ჩემპიონატში (წინასგან განსხვავებით) ვეღარ ხერხდება "თვის მწვრთნელ(ებ)ის" და "თვის ფეხბურთელ(ებ)ის" დაჯილდოება.

შეგახსენებთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის პირველმა თვემ (აგვისტომ) ორი გუნდის დომინაციით ჩაიარა და ლაურეატებიც სწორედ იმათგან "ამოვარჩიეთ": "თვის მწვრთნელ(ებ)ად" სოსო ფრუიძე ("ჩიხურა") და ლევან ხომერიკი (ბათუმის "დინამო"), "თვის ფეხბურთელ(ებ)ად" კი - საბა
ლობჟანიძე
("ჩიხურა") და თეიმურაზ შონია (ბათუმის "დინამო").

ახლა კი, ალბათ, დროა, რომ სექტემბრის თვეზეც ვისაუბროთ და "ლელოს" ვერსიით ვიდრე გასული თვის საუკეთესო მწვრთნელსა და საუკეთესო ფეხბურთელს გაგაცნობდეთ, მანამდე ორივე ჯგუფის გუნდების სექტემბრის მონაგარიც გვინდა წარმოგიდგინოთ, ასევე, გასული თვის სიმბოლური ნაკრებიც...

თვის მწვრთნელი: გია ცეცაძე (სამტრედია)
გასულ თვეში უმაღლეს ლიგაში სამი ტური ჩატარდა. თუმცა, იმის გამო, რომ ორივე ჯგუფში გუნდების კენტი რაოდენობაა, გუნდებმაც სხვადასხვა რაოდენობის მატჩები ჩაატარეს. წარუმატებელი გამოდგა გასული თვე "ცხინვალისა" და "კოლხეთისთვის" - ვერც ერთი ქულა რომ ვერ აიღეს. იმავეს თქმა შეიძლება "შუქურაზეც", თუმცა ქობულეთურმა გუნდმა გასულ თვეში ის ერთადერთი ქულა მოქმედ ჩემპიონთან, თბილისის "დინამოსთან" (თან, სტუმრად) აიღო.

"უცნაური" სექტემბერი გამოდგა წინა თვის ერთ-ერთი ტრიუმფატორისათვის: ბათუმის "დინამომ" ორი მატჩი გამართა, ორივე ფრედ ითამაშა და ამ ორივე შეხვედრაში არც მეტოქის კარში გაუტანია გოლი და არც საკუთარ კარში მიუღია!

თუმცა, როცა ფრეების "სინდრომზე" ვლაპარაკობთ, ამ მხრივ მართლაც უკონკურენტო იყო მოქმედი ჩემპიონი: აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" სამი მატჩი ჩაატარა (სამივე - თბილისში) და სამჯერვე ფრედ ითამაშა. ასე რომ, სლოვაკი სპეციალისტის კონტრაქტის ამოწურვამდე გაშვება, წესით, მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო...

ახლა კი იმ გუნდებზეც ვთქვათ, მართლაც წარმატებულად რომ იასპარეზეს. "თეთრ ჯგუფში" გამოსარჩევია "ტორპედოს" აღმასვლა: ახალი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, ქუთაისელებმა ბოლო ორ მატჩში 4 ქულა აიღეს. აი, "გურიამ" კი გასული თვე სულაც 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა, ოღონდ ეს მხოლოდ ჩემპიონატში, თორემ საქართველოს თასის მერვედფინალში დამარცხდა პირველლიგელ "სულორთან". სამაგიეროდ, "ლოკომოტივმა" იყოჩაღა სექტემბერში და "ორივე ფრონტზე" ჩატარებული ოთხივე მატჩი წაუგებლად დაასრულა.

ეგ კი არა, ის ერთადერთი ფრეც "ლოკომოტივმა" თბილისის "დინამოსთან" ითამაშა, თორემ ამ გუნდსაც 100-პროცენტიანი შედეგი ექნებოდა. საერთოდაც, ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას გუნდი მიმდინარე სეზონში ისეა დაკოპლექტებული, რომ თავისუფლად შეუძლია მაქსიმალურად მაღალი მიზნებისათვის იბრძოლოს. არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ლოკომოტივმა" წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში დარჩენა მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა...

"წითელ ჯგუფში" გასულ თვეში ბევრი რამ მოხდა: "ზუგდიდმა" ნანატრი გამარჯვება იზეიმა, "საბურთალო" და "დილა" არასტაბილურად ასპარეზობდნენ, ბათუმის "დინამოსა" და "კოლხეთზე" კი უკვე ზემოთ ვთქვით.

აი, "სამტრედია" კი, როგორც "ტკბილი ლუკმა", ბოლოსკენ შემოვინახეთ: გია ცეცაძის გუნდი ერთადერთი იყო (ორივე ჯგუფში), სექტემბერში ჩატარებული ყველა, ოთხივე ოფიციალური მატჩი რომ მოიგო.

ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ "სამტრედია", საერთოდაც, აბსოლუტური ლიდერია ორივე ჯგუფის საერთო ცხრილშიც და არც იმის შეხსენება იქნებოდა მკითხველისათვის ურიგო, რომ ამ გუნდმა უკანასკნელად ოფიციალური მატჩი 30 ივნისს (ევროპალიგაზე, "გაბალასთან") წააგო.

Sportall.Ge

გასულ თვეში "სამტრედიამ" თასზე პირველლიგელ "ჩხერიმელას" მოუგო, ჩემპიონატში კი საშინაო მატჩები მოუგო "კოლხეთსა" და "ზუგდიდს", სტუმრად კი "დილას" აჯობა. აღსანიშნავია, რომ ამ სამ მატჩში "სამტრედიამ" 5 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში და ხუთჯერვე სხვადასხვა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა: ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი დათუნაიშვილმა, ბაჩანა არაბულმა, გიული მანჯგალაძემ, ლაშა შერგელაშვილმა.

ანუ "სამტრედიის" წარმატებული ასპარეზობა არ არის დამოკიდებული ერთი ან ორი კონკრეტული ფეხბურთელის საშემსრულებლო ოსტატობაზე, - უფრო გუნდური თამაშია წინა პლანზე და შედეგიც სახეზეა.

აღარაფერს ვამბობთ თამაშის სანახაობრივ მხარესა თუ, საერთოდ, თამაშის სწორად ორგანიზებაზე და ყოველივე ეს კი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის დამსახურებაა, რომლის ხელმძღვანელობითაც "სამტრედია" წინა სეზონში II ადგილზე გავიდა, ახლა კი ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც მიგვაჩნია (ისე, როგორც კიდევ ერთი იმერული კლუბი, "ჩიხურა").

ამიტომ სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად "სამტრედიის" თავკაცის, გია ცეცაძის დასახელება, წესითა და რიგით, არავის უნდა გაუკვირდეს!..

თვის ფეხბურთელი: რევაზ თევდორაძე (ლოკომოტივი)
გასული თვისგან განსხვავებით, სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა; უფრო ზუსტად, ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელს უნდა ჰქონოდა ამაზე პრეტენზია და, უპირველეს ყოვლისა, 21 წლის საბა ლობჟანიძე უნდა ვახსენოთ, რომელიც, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეულია ამ გარდამავალი ჩემპიონატის დასაწყისიდან მოყოლებული.

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურას" ახალგაზრდა ახალწვეული თბილისის "დინამოდან" იჯარით არის გადასული საჩხერელთა გუნდში...

სექტემბერში ჩინებულად წარმოაჩინეს თავი "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა, 24 წლის გეგა დიასამიძემ, "გურიის" 21 წლის უკრაინელმა ფორვარდმა ევგენი მურაშოვმა, "დილას" 18 წლის ნახევარმცველმა ალეკო გამცემლიძემ და "ზუგდიდის" 22 წლის უნივერსალმა ნიკა ნარმანიამ - ყველა მათგანმა მეტოქეთა კარში 2-2 გოლი გაიტანა, ისე, როგორც საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა დვალმა ("ცხინვალი").

დვალის გარდა, სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც გვინდა გამოვარჩიოთ: გიორგი გურული ("ტორპედო") და გიორგი დათუნაიშვილი ("სამტრედია"); ისე, როგორც ჩემპიონატის დღესდღეობით საუკეთესო გუნდის კიდევ ორი გამორჩეული ფეხბურთელი: 24 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი და 22 წლის ცენტრფორვარდი ბუდუ ზივზივაძე.

თუმცა, გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად ამპლუით... მეკარე მივიჩნიეთ: 28 წლის რევაზ თევდორაძის დამაჯერებელი თამაშიც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თბილისის "ლოკომოტივს" ხანგრძლივი პაუზის მერე გაუჩნდა სერიოზული ამბიცია!

Sportall.Ge

რევაზ თევდორაძეს 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში, როცა 2005/06 წლების სეზონში გამოჩნდა "თბილისის" შემადგენლობაში; სხვადასხვა დროს უთამაშია უმაღლესი ლიგის არაერთ გუნდში, უცხოეთშიც (უკრაინა, ლატვია, აზერბაიჯანი) მოსინჯა ძალები, თავის დროზე გამოდიოდა საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, 18 ასაკში კი ერთი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია (კლაუს ტოპმიოლერის დროს).

რაც შეეხება "ლოკომოტივს", ამ გუნდში წინა სეზონის მეორე წრეში მივიდა, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში მართლაც გამორჩეულია კოლეგებს შორის და ისე, როგორც აზამატ ჯიოევი ("შუქურა") და დინო ჰამზიჩი ("ჩიხურა"), უკვე ორჯერ დავასახელეთ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".

სექტემბერში თევდორაძის ჩინებული თამაშითაც იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ "ლოკომოტივმა" ფრედ ითამაშა თბილისის "დინამოსთან", ხოლო სტუმრად "შუქურას" მოუგო: ამ ორივე ურთულეს მატჩში თევდორაძემ საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა აშკარა გოლს...

სექტემბერი
წითელი ჯგუფი
ა გ  თ მ ფ წ ბ ქ
1. სამტრედია 3 3 0 0 5-1 9
2. სიონი 2 1 1 0 4-1 4
3. საბურთალო 3 1 1 1 2-2 4
4. დილა 3 1 0 2 3-4 3
5. ზუგდიდი 3 1 0 2 2-5 3
6. დინამო (ბთ) 2 0 2 0 0-0 2
7. კოლხეთი 2 0 0 2 0-2 0

თეთრი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლოკომოტივი 3 2 1 0 3-1 7
2. გურია 2 2 0 0 4-2 6
3. ტორპედო 3 1 1 1 4-3 4
4. ჩიხურა 2 1 0 1 3-3 3
5. დინამო (თბ) 3 0 3 0 1-1 3
6. შუქურა 2 0 1 1 1-2 1
7. ცხინვალი 3 0 0 3 3-7 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამცემლიძემ 2გოლი კი არა 3გოლი გაიტანა.გია იგნებ გამოასწორთ ეს შეცდომა.ამ 18 წლის პერსპეკტიულ ახალგაზრდაზე მეტი დაწეროთ.ნაკრებში გამოიძახეს მაგრამ ბოლი მომენტში არ დაიტოვეს.წარმატებები ალეკოს.
dato
09:39 30-09-2016
0
ერთი ტვეა ვიძახი ცეცაძეს სიმბოლური ეკუთვნისთქო და როგორც იქნა... გია მაგარი კაცი ხარ წარმატებები...მარტლაც საუკეტესო გუნდია სამტრედია...
dato
18:37 29-09-2016
0

სიახლეები პოპულარული