სამტრედია-დინამო (თბ) 2:1 - ნერვების თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის ცენტრალური მატჩი იმაზე დაძაბული გამოდგა, ვიდრე ველოდით. თბილისის "დინამო" მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია ევროსაგზურისთვის მებრძოლ "სამტრედიას". სტუმართა უმოტივაციობის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური გამოვიდა.

იმთავითვე ვთქვათ, რომ თბილისის "დინამო" უკმაყოფილო დარჩა მსაჯობით. კლუბის გენერალური დირექტორის, მიხეილ ხუციშვილის განცხადებას ჩვენი წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლად სამსაჯო თამაში. რა თქმა უნდა, ასე ერთი შეხედვით ვერ ვიმსჯელებთ მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა. ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება სამსაჯო კოლეგია და
ჩვენზე კომპეტენტურად ის შეაფასებს არსენ ნონიკაშვილისა და მის დამხმარეთა მოქმედებას.

ერთი კია, რომ პირადად ჩემი აზრით, დადგა მომენტი, როცა მსაჯთა ბრიგადას ხელიდან გაექცა თამაშის სადავეები. მათ თავიდანვე რომ მიემართათ შედარებით მკაცრი ზომებისთვის, თამაშის ბოლოს წითელი ბარათების ცვენა აღარ გვექნებოდა.

"დინამოს" გულისწყრომა განსაკუთრებით იმ ეპიზოდმა გამოიწვია, როცა ნიკოლოზ გელაშვილი, მათი აზრით, ერთ-ერთმა სამტრედიელმა მცველმა ხელით დაიჭირა. ეს ეპიზოდი მართლაც ჰგავდა წესის დარღვევას...

ისევ თამაშზე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბედნიერია გუნდი, რომელსაც ასეთი ქომაგი ჰყავს. რა თქმა უნდა, იყო ემოცია, მათ შორის, მძაფრიც, მაგრამ კარგა ხანია, ქართულ სტადიონებზე ასეთი გულშემატკივრობა არ მინახავს. თუმცა, სასურველია, ეს ნაკლებაგრესიულად ხდებოდეს...

"დინამოს" თამაშს აშკარად დაამჩნია კვალი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნამ. ალეკო ამისულაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და ჯაბა ჯიღაური საქართველოს ჩემპიონისთვის სერიოზული ძალაა, ალექსანდრე იაშვილი კი, ჩემი აზრით, "დინამოს" სულაც უპირობო ლიდერია...

პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება სხვა მხრივაც გამორჩეული იყო. სხვა თუ არაფერი, 4 წითელი ბარათი ვიხილეთ. სახიფათო მომენტები კი ორივე კართან მრავლად შეიქმნა. პირველიდან ბოლო წამამდე მინდორზე ვნებები დუღდა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ გაიმარჯვებდა ის გუნდი, რომელიც უკეთ გამოიყენებდა საგოლე შანსებს.

...ანგარიში "სამტრედიამ" გახსნა. ძალიან აქტიურმა გიგი იოსელიანმა "კედელი" გაათამაშა პარტნიორთან და ლიბორ ჰრდლიჩკას შანსი არ დაუტოვა. ანგარიში მალევე გათანაბრდა - ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი სამტრედიელთა კარის ახლო კუთხეში გავიდა. იქვე ტრავმა მიიღო რენე ფერეირამ...

თანაბარ ანგარიშზე სტადიონის ტრიბუნებზე ვითარება მცირე ხნით დაიძაბა, თუმცა თამაში განსაკუთრებული ექსცესების გარეშე გაგრძელდა და ასევე დასრულდა. ამაში თავისი წვლილი სტადიონზე მრავლად მობილიზებულმა სამართალდამცველებმაც შეიტანეს.

"სამტრედიამ" დავით ჯიქიას გოლით მოიგო. ექსდინამოელმა ბურთით ისე იარა, თბილისელმა ფეხბურთელებმა ხელი ვერაფრით შეუშალეს. ამას პერსპექტიული ფეხბურთელის ძლიერი და ზუსტი დარტყმაც მოჰყვა.

2:1 და "სამტრედია" აგრძელებს ბრძოლას მეორე ადგილისთვის.

მატჩის შემდეგ
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა:

"მინდა გამოვეხმაურო დღევანდელი მატჩის მოვლენებს. ის, რაც დღეს სამტრედიაში მატჩამდე, უშუალოდ მატჩის დროს და შემდეგ ხდებოდა, არის ქართული ფეხბურთისთვის დამღუპველი. აქამდე ჩვენ სამსაჯო კორპუსის ქმედებებზე კომენტარი არასდროს გაგვიკეთებია, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში მსაჯის მოქმედებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - "ზღვარგადასული".

არსენ ნონიკაშვილს თამაშის სადავეები დასაწყისიდანვე გაექცა ხელიდან, რამაც შექმნა უსიამოვნო ემოციური ფონი და შემდეგ უარყოფითი მუხტი უშუალოდ მოედანზე და ტრიბუნების მოქმედებაზეც აისახა.

დღევანდელი დღე ჩვენი ფეხბურთისთვის იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და იმედია, მსგავს შემთხვევებს შემდგომში ადგილი არ ექნება. მეტოქეს კი ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
30.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 იოსელიანი (18), 1:1 ჭანტურიშვილი (29), 2:1 დ. ჯიქია (56)
სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, ცნობილაძე, მარკოზაშვილი (84. ახალაძე), რაჟამაშვილი, იოსელიანი (77. სიხარულიძე), ზივზივაძე, ჯიქია (90. მთივლიშვილი).
სათადარიგოები: მეშველიანი, ა. კვარაცხელია, შ. კერძევაძე, თვალავაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა (35. ჭელიძე), გველესიანი, კაკაბაძე, თევზაძე (59. მიქელთაძე), მიკელ ალვარო, პარუნაშვილი, გელაშვილი, ჭანტურიშვილი, ქვილითაია (67. არაბული).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გურული, ჯანელიძე, ს. ლობჟანიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: ლობჟანიძე (44), მიკელ ალვარო (45), მჭედლიშვილი (74), მიქელთაძე (74)
გაძევება: გელაშვილი (79), მიქელთაძე (90), კაკაბაძე (90), ახალაძე (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 16
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

XXVIII ტური
8 მაისი, კვირა
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-მერანი
დილა-საბურთალო
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საპოვნელა
ცხინვალი-შუქურა

9 მაისი, ორშაბათი
დინამო (თბ)-გურია
ჩიხურა-სიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Dinamos ro apraveb sul... erti statia miudgveni ici raaas? Samtredias rogor waartva dinamom chempionoba tankebittt.... da kadrebi amoigeee xo ari eg kadrebiii., magram magas rogor gabedavt mere pipias ra pasuxs gacemt... ai amis gamoa xalxi agresiuli
jallaall
12:03 04-05-2016
0
ნაკლებაგრესიულიო რო ამბობ მიზეზი იკითხე ჯერ რატო იყო ხალხი აგრესიული? ყველაფერი დინამოს ფანებმა დაიწყეს სბანე
irakli
22:26 03-05-2016
0

სიახლეები პოპულარული