დილა-ტორპედო 2:1 - ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გაზაფხულის პირველმა დღემ გორს დიდი სიხარული მოუტანა. შინ გამარჯვების მომპოვებელ "დილას" თბილისის "დინამოს" მარცხიც წაეშველა და ცხრილის პირველ საფეხურზე მოექცა. თამაშის დამთავრების შემდეგ ტრიბუნებზე ათასობით გახარებული გულშემატკივარი დიდხანს ულოცავდა ერთმანეთს საყვარელი გუნდის გალიდერებას.

მართალია, საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ ძალიან შორია, მაგრამ გორელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წლეულს ჩემპიონობაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებენ...

ბოლო პერიოდში "დილა" ქუთაისურ კლუბთან წარმატებით თამაშობს - 2013 წლის მაისიდან ქვეყნის ჩემპიონატში "ტორპედოსთან" არ წაუგია, უკანასკნელ ხუთ მატჩში კი გორელებს მათგან გოლიც არ გაუშვიათ.

რადგან გოლის გაშვება ვახსენეთ, მეკარეებზეც
ვთქვათ - ორიოდე წლის წინათ ომარ მიგინეიშვილი "ტორპედოს", უფრო ახლო წარსულში კი ბექა შეყრილაძე "დილას" კარს იცავდნენ, ხოლო ამჯერად, ისინი საპირისპირო მხარეს იდგნენ.

აქვე, "ტორპედოს" დღევანდელ მწვრთნელ გიორგი დარასელიაზეც შეგახსენებთ, რომელიც 2012 წელს "დილას" თავკაცობდა და საკმაოდ ნაყოფიერადაც. სამწუხაროდ, კვირას დარასელია გორში გულნაკლული ჩამოვიდა - მისი მეუღლის გარდაცვალების გამო თამაშს წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა...

"დილას" ტრავმის მიზეზით არ ჰყავდა ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე. სამაგიეროდ, ძირითადში ოთხთვიანი შესვენების შემდეგ ვიხილეთ გუნდის ვიცე-კაპიტანი ლუკა რაზმაძე. თავდასხმაში გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე მიხაილ გორელიშვილი იდგა, რომელსაც ცოტა უკნიდან ნიკა კვეკვესკირი ეხმარებოდა. ამ უკანასკნელმა საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

უშედეგოდ არც სტუმართა მთავარი მეგოლე ნიკა საბანაძე გარჯილა, მაგრამ მან მხოლოდ მეორე ტაიმში გამოაჩინა ბრჭყალები.

შეხვედრის დასაწყისში კი, როგორც საბანაძის, ისე "ტორპედოს" შეტევითი პოტენციალი სტუმარს სახეიროს არაფერს უქადდა. მასპინძლები იქნებ განსაკუთრებულ უპირატესობას არ ფლობდნენ, თუმცა შეხვედრის სადავეები მათ ხელში იყო.

შეყრილაძე პირველად კვეკვესკირის მიერ დაახლოებით 20 მეტრიდან შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ გატეხა - ბურთი მეკარისაგან მარჯვენა უკიდურეს კუთხეში შევარდა, გოლკიპერს კი მისი აღების შანსი ნაკლებად ჰქონდა - 1:0.

კვეკვესკირს მალე ანგარიშის გაზრდაც შეეძლო - ფლანგზე გაჭრილი გორელიშვილის მიერ მისი მისამართით ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში სტუმართა მცველებს რომ არ დაესწროთ, ტაბლოზე ციფრები ერთხელაც შეიცვლებოდა.

საპასუხოდ, "ტორპედოს" მიერ განხორციელებულ კონტრშეტევებს სიმწვავე აკლდა, რაც დიდწილად "დილას" მცველთა ნაყოფიერი გარჯის დამსახურება იყო. ქებას იმსახურებს გორელთა ახალწვეული, ცენტრალური მცველი ალან ბაგაევი, რომელიც უფრო ადვილად შეეწყო გუნდს, ვიდრე კიდევ ერთი ლეგიონერი მარიჩი.

მეორე გოლი "ტორპედოს" კარში 41-ე წუთზე გავიდა. კვეკვესკირმა მარცხენა ფლანგიდან, "სტანდარტულისას", ბურთი მეკარის ბაქანზე ჩააგდო, იქ კი თენგიზ ჩიკვილაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:0.

დარასელიამ მეორე ტაიმის დასაწყისიდან ორი ფეხბურთელი შეცვალა, კვერნაძის ხარჯზე შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა, რასაც, მართალია, მყისიერი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მეორე ტაიმის შუაწელიდან სტუმრებმა მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობის უპირატესობა ჩამოართვეს და აქტიურადაც შეუტიეს.

ამას გორელთა თამაშში კონცენტრაციის დაკარგვა მოჰყვა და "ტორპედომ" რამდენიმეწუთიანი შტურმიც მოაწყო. ჯერ დავით კირკიტაძის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული მიგინეიშვილმა გადააგდო კუთხურზე; მერე საბანაძემ დასცხო ოციოდ მეტრიდან და ბურთმა ძელთან ჩაიქროლა, ხოლო 73-ე წუთზე იმავე საბანაძემ შორეული პასი გოლად აქცია. უნდა ითქვას, რომ ამ გოლში "დილას" მცველთა შეცდომამაც ითამაშა გარკვეული როლი.

ანგარიშში სხვაობის შემცირების შემდეგაც მასპინძლების კართან ვითარება დაძაბული დარჩა. სტუმრებს ქულის გადარჩენის იმედი მიეცათ, მაგრამ - ამაოდ.

უნდა აღინიშნოს შეცვლაზე შესული გიორგი ერისთავის შესანიშნავი გარჯა. ერთ ეპიზოდში მან ბრწყინვალე სოლო-რეიდით სამი მცველი ჩამოიტოვა და კარის ძელთან მყოფმა თანაგუნდელებსაც უპასა, მაგრამ გასწვრით გადაცემას არავინ გამოეხმაურა.

ამასობაში "დილამ" მოედანზე ვითარება დაალაგა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

მატჩის შემდეგ:
გია მეგრელაძე ("ტორპედო", მწვრთნელის ასისტენტი):
"პირველი ტაიმი ვერ ჩავატარეთ სათანადო დონეზე, თუმცა მერე გამოვასწორეთ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ვულოცავ "დილას" დამსახურებულ გამარჯვებას".

უჩა სოსიაშვილი (დილა):
"შესვენებამდე უპირატესობა ჩვენი გუნდის ხელში იყო. შეიქმნა საგოლე მომენტები, შევძელით ორი გოლის გატანაც. სამწუხაროდ, მეორე ნახევარი ასევე ვეღარ გავაგრძელეთ, სულელური გოლიც გავუშვით და ერთხანს მეტოქემ რთული წუთებიც გადაგვატანინა.

სასიხარულოა, რომ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილის სათავეში მოვექეცით, მაგრამ, ვფიქრობ, გალიდერებაზე უფრო მეტად, პოზიციების შენარჩუნება იქნება ძნელი".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
01.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 3000 მაყურებელი
დილა-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 კვეკვესკირი (15), 2:0 ჩიკვილაძე (41-საკ. კარში), 2:1 საბანაძე (73)
დილა (4-1-4-1): მიგინეიშვილი - ჯაფარიძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა - რაზმაძე - სეთურიძე, კვეკვესკირი (80. ერისთავი), გვალია (85. ჭეჭელაშვილი), ფალავანდიშვილი (57. მარიჩი) - გორელიშვილი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, სამხარაძე, ქარქუზაშვილი, ახალკაცი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ტორპედო (4-5-1): შეყრილაძე - ადამაძე, მირცხულავა, ჭელიძე, ჩიკვილაძე - იოსელიანი (46. კირკიტაძე), კლიმიაშვილი, ქებაძე (46. კვერნაძე), ბაბუნაშვილი (61. ტუღუში), ქიმაძე - საბანაძე.
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე, მახვილაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილება: იოსელიანი (32), ჩიკვილაძე (60), ტუღუში (77), კლიმიაშვილი (80), ადამაძე (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.


მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი

6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული