ტორპედო-ვიტ ჯორჯია 4:1 - შთამბეჭდავი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ზედიზედ ორი ნულოვანი ფრის შემდეგ "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯია" შესანიშნავ სტილში დაამარცხა და მეორე პოზიციაზე აინაცვლა. ქუთათურები ლიდერ თბილისის "დინამოს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდების შეხვედრა დინამიკური და კარგი სანახავი გამოდგა. წვიმიან ამინდში ორივე გუნდმა ენერგიულად ითამაშა და ლამაზი საფეხბურთო ეპიზოდებიც მრავლად ვიხილეთ.

შეხვედრის დებიუტი "ვიტ ჯორჯიის" ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხებას არ მოასწავებდა. მეტიც - თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო და საწყისი 20 წუთის განმავლობაში მოედანზე სწორედ ისინი დომინირებდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზურაბ ბერიძის გუნდმა ამ პერიოდში რამდენიმე მწვავე შეტევა
განახორციელა და რომ არა ფატალური უიღბლობა, გოლიც უნდა გაეტანა.

Sportall.Geსტუმართა პირველივე იერიში ძალზე სახიფათო გამოდგა. სიჭინავას წაქცევისთვის დანიშნული სახიფათო ჯარიმა ჯანელიძემ შეასრულა. მისი ძლიერი დარტყმა ქვილითაიამ კარის წინ მოიგერია. ბურთი კარიდან ორიოდე მეტრში მყოფ იმავე სიჭინავას მიუვიდა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... სტუმართა ნახევარმცველმა სასწაულებრივ ააცილა.

მალე ქუთაისელები უკვე ქვილითაიამ იხსნა, როცა კორიფაძის ძლიერი და რთული ტრაექტორიით დარტყმული ბურთი თავგანწირულ ნახტომში მოიგერია.

თანდათან მასპინძლებმაც გამოასწორეს თამაში და ფეხბურთის დაუწერელი კანონი ("არ გაიტან, გაგიტანენ") ამოქმედდა - შესანიშნავად ითამაშა კუხიანიძემ, რომელმაც მცველებს "მოპარა" ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა, ადამაძეც მოატყუა და ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, წესი დაერღვია.

დაინიშნა პენალტი, რომელიც გიგაურმა გოლად აქცია - 1:0.

ამის შემდეგ "ტორპედო" გააქტიურდა. კარგი მომენტი შექმნა გიგაურმა, თუმცა მისი უძლიერესი დარტყმა მეკარემ ნახტომში მოიგერია. შემდეგ ფანცულაიამ საბანაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა კუთხე მახვილი იყო და მისი დარტყმულიც დაუშვილმა გააუვნებელყო.

პირველი ტაიმის მსგავსად, სტუმრებმა მეორე ნახევარიც უკეთ დაიწყეს და სწრაფი გოლით ანგარიშიც გაათანაბრეს - მთივლიშვილმა საჯარიმოში სიჭინავა წააქცია და პენალტით ამჯერად ჯანელიძემ იხეირა - 1:1.

ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა შეტევები გაამწვავეს და სტატუს-კვო მალევე აღადგინეს. კუთხურიდან გიგაურის მიერ მოწოდებულ ბურთს კაპანაძემ მოხდენილი თავური მიაყოლა და ბურთი კარში "ჩააჭედა".

ვიტელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და მთელი ძალებით შეტევაში გადავიდნენ, რასაც მოჰყვა ის, რომ "ტორპედომ" მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა. საბანაძემ საკუთარი საჯარიმოდან გრძელი გადაცემით ფანცულაია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ქუთაისელები ორი ბურთით დაწინაურდნენ - 3:1.

ამის შემდეგ "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ გაიბრძოლა, მაგრამ თამაშის სათავისოდ შეტრიალება ვეღარ მოახერხა. ტორპედოელები სტუმარს ფიზიკური მომზადებითაც სჯობდნენ, ბურთსაც უკეთ აკონტროლებდნენ და მალე კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაიტანეს - ცინცაძემ ოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბურთი "ცხრიანში" გაახვია - 4:1.

ამრიგად, "ტორპედო", რომლის პერსპექტივებსაც სეზონის წინ ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.

მატჩის შემდეგ
ჟერარდ სარაგოსა ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი):
"მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი ამინდის მიუხედავად, სტადიონზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. "ვიტ ჯორჯიას" სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა და სასიხარულოა, რომ ასეთ დაბალანსებულ გუნდს მოვუგეთ.

პირველი 20 წუთის განმავლობაში სტუმარი უკეთ გამოიყურებოდა, შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და გოლიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში საპასუხო ბურთი კი გაგვიტანეს, მაგრამ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და საგოლე ეპიზოდებიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ.

შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, ჯერ კარგად ვერ ვთამაშობთ, ბევრ ბურთს ვკარგავთ და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. საამისოდ ვმუშაობთ კიდეც და ვფიქრობ, "ტორპედო" სამომავლოდ უკეთ ითამაშებს".


ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 5
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 5
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

VIII ტური
6 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-სპარტაკი
გურია-დილა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
მერანი-ტორპედო
სიონი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერიძე კარგად დაუფიქრდი-ფეხბურთელების შერჩევის დროს უპირატესობა ნიჭიერ ბიჭებს მიეცი-შედეგი სახეზე გაქვს.
messi
15:54 02-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული