სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
გია გეგუჩაძე: მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, დანარჩენს მინდორზე ვნახავთ
AutoSharing Option
11:35 28-03-2016
დღეს, 28 მარტს, 18 საათზე, ზესტაფონის მთავარ სპორტულ არენა "დავით აბაშიძეზე" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკრაინელ თანატოლებს ამხანაგურად ეთამაშება. თამაშზე დასწრება თავისუფალია, მატჩის ტელერეპორტაჟს კი ტელეკომპანია "რიონი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა.

- როგორც იცით, რამდენიმე დღის წინათ ჩავატარეთ ოფიციალური მატჩი სან მარინოსთან. უკრაინასთან შეხვედრა კი, მართალია, ამხანაგურია, მაგრამ მას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

დამეთანხმებით, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში სოლიდური ფეხბურთელები თამაშობენ, ჩვენ კი საშუალება გვექნება, საქმეში ვნახოთ ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეები...

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ, ამავე დროს, ხარისხთან ერთად, შედეგიც წინა პლანზეა.

როგორც იცით, სამი ფეხბურთელი - ნიკა კაჭარავა, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. გარდა ამისა, ვერ დაგვეხმარება ავთო ენდელაძე. ის ავად გახდა.

ნაკრებში ვუხმეთ ბუდუ ზივზივაძესა და ვაკო გვილიას. ისინი ჩვენს გაფართოებულ სიაში იყვნენ და მიგვაჩნია, რომ ღირსნი არიან ნაკრებში ყოფნის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვილია ითამაშებს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. მან ქართული პასპორტი აიღო და ჩავთვალეთ, რომ ღირსია, იყოს საქართველოს ნაკრებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოთამაშე შენარჩუნებულია საქართველოსათვის.

- რა ინფორმაციას ფლობთ ჩვენი მეტოქის, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შესახებ?
- ფაქტია, ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. შეიძლება, დღეს უკრაინელთა მდგომარეობა არ არის მთლად სახარბიელო ევროშესარჩევ ციკლში, მაგრამ მათ ბოლო შეხვედრა გასვლაზე მოუგეს ავსტრიას და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს...

ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს. ვეცდებით, მეტოქეს საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს.

- თქვენ ახსენეთ ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში მიწვეული 3 ფეხბურთელი. უკრაინასთან მათი არყოფნა შედარებით შეასუსტებს ჩვენს პოტენციალს...
- თუ დანაკლისზე ვისაუბრებთ, მაშინ აქვე უნდა ვახსენოთ მათე ცინცაძე, ოთარ კაკაბაძე, ლუკას ჰუფნაგელი, მათე კვირკვია, აკაკი შულაია... ერთი მხრივ, ეს ცუდია, მაგრამ მეორე მომენტია - ჩვენ საშუალება გვიჩნდება, საქმეში ვნახოთ ჩვენთვის საინტერესო სხვა ფეხბურთელებიც.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მივაქციოთ ყურადღება. მათ არამც და არამც არ უნდა იგრძნონ თავი განწირულად და უპატრონოდ. ფონს უნდა გავიდეთ იმ კადრებით, რაც ჩვენს ხელთაა. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. დანარჩენს მინდორზე ვნახავთ.

- თქვენთვის ზესტაფონი რიგითი ქალაქი არ არის. ალბათ, ემოციური მომენტია აქ დაბრუნება...
- ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. ეს ქალაქი არის იმის ღირსი, რომ უმაღლეს ლიგაში ჰყავდეს გუნდი. მე ზუსტად ვიცი, როგორი გულშემატკივრობა იციან აქ და დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინასთან მატჩზეც მრავლად მოვა ქომაგი.

გავიხსენებ საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს, რომელიც სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა. მაშინ ჩვენ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე დავამარცხეთ და მიმაჩნია, რომ ამ გამარჯვებაში თავისი როლი გულშემატკივარმაც შეასრულა.

არჩევანი არ იყო შემთხვევითი. ჯერ ერთი, მინდორი შესანიშნავია და მარტო ამიტომაც ძალიან დასანანია, რომ დღეს ამ ქალაქში არ არის დიდი ფეხბურთი, მაგრამ დაე, ეს მატჩი იყოს ის ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ გზაზე. კიდევ არაერთხელ გეწვევით, თუ მიგვიღებთ (იცინის).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.