U21. საქართველო-ესპანეთი 2:5 - კითხვები ალექსანდრე ჩივაძის მიმართ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მიხეილ მესხზე" უცნაური და მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ფავორიტმა ესპანეთმა მოუგო საქართველოს.

ესპანეთის ნაკრები, "ბარსელონას", "რეალის", "ატლეტიკოსა" და "ევერტონის" ფეხბურთელებით რომ არის დაკომპლექტებული, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. და მაინც, ფეხბურთი ერთი საათის კი არა, 90 წუთის განმავლობაში რომ გვეთამაშა, იქნებ მოწინააღმდეგისთვის ქულა მაინც გამოგვეგლიჯა.

იყო კლასში დიდი სხვაობა, იყო გოლების გაშვებით გამოწვეული იმედგაცრუება, იყო არნახული ფიზიკური დაღლილობა, რაც თითქმის ნებისმიერი ქართული გუნდის საერთაშორისო გარჯას ლაიტმოტივად გასდევს...

საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ვერავინ იტყვის, რომ შედეგი
კანონზომიერი არ იყო.

საქართველოს ნაკრებს მწვრთნელად მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტიც რომ ჰყოლოდა, ესპანეთთან, ალბათ, მაინც წავაგებდით, მაგრამ ალექსანდრე ჩივაძის მიმართ კითხვები მაინც დაგროვდა.

საინტერესოა, რატომ არ ითამაშა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკა კაჭარავამ? ან რატომ არ შეიცვალა ჩვენი გუნდის მარცხენა მცველი დავით უბილავა, ვინც, პირდაპირ ვთქვათ, ცუდად ითამაშა და რა უბედურებაც დაგვატყდა, ძირითადად მისი ფლანგიდან იყო...

* * *
თამაში ორი სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე ესპანელთა შორის აშკარად საუკეთესო ჟერარ დეოლოფეუმ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და შესანიშნავი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ მუნირ ელ ჰადადის, ამან კი, ვისაც არაერთხელ უთამაშია "ბარსელონას" ძირითადში, შანსი ცივსისხლიანივით გამოიყენა.

მაგრამ საქართველომ იქვე გაათანაბრა - საჯარიმო დარტყმა შორი მანძილიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან მათე ცინცაძემ შეასრულა და ისე, რომ ბურთი არავის შეხებია, პირდაპირ შორეულ კუთხეში ჩაეშვა. ესპანელთა მეკარე კეპა არისაბალაგა აშკარად დაიბნა - 1:1.

პირველ ტაიმში, სანამ საქართველოს ნაკრებს ჯანი მოსდევდა, ესპანელთა შებოჭვას მათსავე ნახევარზე ცდილობდა. ნახევარდაცვის ცენტრში კი კარგად მოქმედებდა ცინცაძე-აბურჯანიას დუეტი.

ტაიმის ბოლომდე ესპანელებმა მაინც შეგვიქმნეს 3 საგოლე მომენტი. მე-15 წუთზე ოლივერ ტორესს ლამის ასპროცენტიანი შანსი გაუცუდდა. მერე ბრწყინვალედ მოთამაშე დეოლოფეუმ ერთხელაც დააწიოკა ჩვენი მარცხენა ფლანგი და ლანგრით მიართვა საგოლე გადაცემა სამუელ კასტილეხოს, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

მერე ისევ დეოლოფეუმ ჩაიდრიბლინგა, შორეულ კუთხესაც დაუმიზნა, თუმცა მიზანს ვერ უწია.

* * *
მეორე ტაიმი მუნირ ელ ჰადადის მიერ შექმნილი დიდებული ეპიზოდით დაიწყო - ბარსელონელი შემობრუნებით ურტყამდა, თუმცა მეკარე ბექა ქურდაძემ შესანიშნავად ითამაშა.

ამას საქართველოს ნაკრების გოლი მოჰყვა, გოლი-შედევრი! - შეცვლაზე შესულმა საბა ლობჟანიძემ ორი მეურვე ჩამოიშორა, მეკარესაც გახედა და დაახლოებით 20 მეტრიდან "მოჭრილი" დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში ჩასვა.

ულამაზესი გოლი გამოვიდა და ქომაგებშიც იმედი გაჩნდა, თუმცა... მალევე მოკვდა.

ორ წუთში წონასწორობა აღდგა, რის შემდეგაც ჩივაძის გუნდი მოიშალა, მოიქანცა, შეცდომებს უმატა და კიდევ 3 გოლი მიიღო - 2:5.

* * *
ბოლო ნახევარ საათში მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს გუნდი ესპანეთის ნაკრები იყო. რა თქმა უნდა, მეტოქის სიძლიერე გასაგები და სათვალავში ჩასაგდებია, მაგრამ არც ერთ მოწინააღმდეგესთან ასეთი რამ არ უნდა დაგვემართოს.

არსებობს ელემენტარული სპორტული თავმოყვარეობა. არსებობს მცნება იმისა, რომ სადღაც უნდა იპოვო ძალა და არ დანებდე. გუშინ ეს ვერ მოვახერხეთ. ესპანეთმა კი აღარ დაგვინდო - "ფურია როხამ" ბოლოს მართლა ფურივით ჩაგვწიხლა და ეს ფური აშკარად ჩვენზე მეტს "იწველის"...

სწორედ ამ ბოლო ნახევარ საათში ესპანეთის ნაკრების ყურება ერთი სიამოვნება იყო. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ რამდენჯერმე ჩვენვე შევუწყვეთ მეტოქეს ხელი გოლის გატანასა თუ სახიფათო მომენტების შექმნაში.

მართალია, 5 გოლი გავუშვით, მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ - რომ არა მეკარე ბექა ქურდაძის შესანიშნავი გარჯა მთელ რიგ ეპიზოდებში, ანგარიში გაცილებით სერიოზულიც შეიძლებოდა ყოფილიყო. რამდენიმე შემთხვევაში კი ესპანელებს სიზუსტე დააკლდათ.

მატჩის შემდეგ
ალბერტ სელადესი (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი):
- საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ღირსეული მოწინააღმდეგეა. მე ადრეც ვიყავი საქართველოში და უნდა ვთქვა, რომ დონე მომატებულია...

ჩვენ პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში ვიპოვეთ ჩვენი თამაში და ამან შედეგი გამოიღო. არა მგონია, რომ პირველ ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ, უბრალოდ, მოწინააღმდეგემ ითამაშა კარგად...

- საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით?
- კონკრეტულად არავის გამოვყოფ. გამოვარჩევ 5-6 ფეხბურთელს. მაგალითად, ცენტრალურ მცველებსა და თავდამსხმელს.

- როგორ ფიქრობთ, შეუძლია საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლა?
- გულწრფელად გეტყვით, რომ შეუძლია.

ალექსანდრე ჩივაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
- გთხოვთ, შეკითხვები სამომავლოდ გადავდოთ. ახლა მხოლოდ თამაშს შევაფასებ. ტაქტიკა და სტრატეგია აზრს კარგავს თანამედროვე ფეხბურთში, თუ ფიზიკური მომზადება არ იქნა სათანადო დონეზე...

ჩვენ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ვითამაშეთ ფეხბურთი და სანამ შევძელით, ძლიერ მეტოქეს წინააღმდეგობას ვუწევდით, ვიგებდით კიდეც...

ფეხბურთელებს ველაპარაკე და შევთანხმდით, რომ მომხდარიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
7 ოქტომბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 2 500 მაყურებელი
საქართველო-ესპანეთი 2:5
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (2), 1:1 ცინცაძე (3), 2:1 ლობჟანიძე (60), 2:2 ასენსიო (62), 2:3 მაიორალი (67), 2:4 ელ ჰადადი (73), 2:5 სებალიოსი (90)
საქართველო (4-4-1-1): ქურდაძე - გეგეჭკორი, ცნობილაძე, დვალი, უბილავა - აბურჯანია, ცინცაძე, შენგელია (55. ლობჟანიძე), ფანცულაია (80. ერისთავი) - კიტეიშვილი (70. გოროზია) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: მიქავა, გადრანი, კაჭარავა, თევზაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ესპანეთი (4-3-3): არისაბალაგა - მანკილიო, ვალიეხო, მერე, დუარტე - ოლივერ ტორესი, ნიგესი, ასენსიო - დეოლოფეუ (84. როდრიგესი), ელ ჰადადი (77. სებალოსი), კასტილეხო (61. მაიორალი).
სათადარიგოები: პაუ, რემირო, ნოელი
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
გაფრთხილება: აბურჯანია (64), ცინცაძე (79)
არბიტრი: ერეზ პაპირი (ისრაელი).

სან მარინო-ხორვატია 0:3

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 0 0 8-0 9
2. ესპანეთი 2 2 0 0 7-2 6
3. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
4. საქართველო 3 1 0 2 5-6 3
5. ესტონეთი 3 0 1 2 0-6 1
6. სან მარინო 4 0 1 3 0-9 1

9 ოქტომბერი
შვედეთი-ესტონეთი

13 ოქტომბერი
საქართველო-ესტონეთი
ესპანეთი-შვედეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
sano-ს. საშა ჩივაძის მწვრთნელობის დროს, ყველაზე კარგი შედეგი ქონდა ჩვენს ნაკრებს. ანუ 1996 წლის ევროსესარჩევზე აიღო მესამე ადგილი. თუ არ იცი, რას წერ ჯიგარ!!
zako
18:13 08-10-2015
0
რა ცაიხვიეტ ეს ფიზმომზადება? ჯერ გუშინვე იმ კომენტატორებმა გახვრიტეს არაკომპეტენტურობიტ ტვინი ფიზმომზადებაზე გადაბრალება გავს ერტ რუსულ გამოტქმას ცუდ მოცეკვავეს ყვერები რომ უსჰლიდა ვიტომ!
SANDRO
18:11 08-10-2015
0

სიახლეები პოპულარული