U19. პრესკონფერენცია: მწვრთნელები თანხმდებიან - ჯგუფი უძლიერესია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ვედათ ინჯეფე, გიორგი დევდარიანი, ლუის დე ლა ფუენტე, ედგარ ბორგეში
დღეს, 29 მაისს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის თანატოლთა გუნდები ჰყავს. გიორგი დევდარიანის ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას დღეს ესპანელებთან გამართავს - მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 14:00 სთ-ზე, სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს პორტუგალიელი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.


მატჩის წინა დღეს, 28 მაისს, მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მონაწილე ნაკრებთა (საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი) მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია ერთად გამართეს. ცხადია, იყო ასეთ დროს მიღებული და ტრაფარეტული ფრაზები - ურთიერთქათინაურები, ტრადიციული მადლობა მასპინძლობისთვის და ასე შემდეგ, რაც ნამდვილად გულწრფელად ჟღერდა.

მერე მწვრთნელები საქმეზე გადავიდნენ:


ედგარ ბორგეში, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ელიტრაუნდი იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ჯგუფებში ევროპის ელიტური ნაკრებები შეიკრიბნენ. ყველა მეტოქე ძლიერია, დიდი გზა გაიარეს და მათთან თამაში პატივია.

თითოეული ჩვენს მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს. პატივისცემას გამოვხატავ კოლეგებისადმიც და ვისურვებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გასულიყოს.

რაც შეეხება იმას, მყავს თუ არა ახალი რონალდო ან ფიგუ - კარგად თუ მოძებნი, შესაძლოა, არა ერთი, არამედ 18 რონალდოც აღმოაჩინო. ზოგი მოთამაშე კარგია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მათ შორის საუკეთესოებს ვარჩევთ".

ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. სხვათა შორის, ასეთ ტურნირებში თამაშის გამოცდილება გვკარნახობს, რომ საკუთარი თავი ფავორიტად არ უნდა მოიხსენიო. მით უფრო, რომ ჩვენს ჯგუფში ძლიერი მეტოქეები შეიკრიბნენ, მათთან გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ და რთული მატჩები გველის.

მთავარია, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვავლინოთ და მაყურებელს ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ. თავადაც ვეცდებით, ჩვენთვის დამახასიათებელ თამაშს არ ვუღალატოთ.

"ბარსელონას" აღზრდილები რატომ არ გვყავს? იმიტომ, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდი მეორე დივიზიონში თამაშობს, ფეხბურთელები სჭირდება და ჩვენ სხვების მოწვევა გადავწყვიტეთ".

ვედათ ინჯეფე, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენთვის საქართველო შოთა და არჩილ არველაძეებთან ასოცირდება. ჯგუფი კი მართლაც უძლიერესია. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ ჯგუფიდან გავა, ის ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული