ევროპალიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: როცა შეცდომის უფლება არ გაქვს

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის ოთხი ნახევარფინალისტის ვინაობას შევიტყობთ, ხვალ კი ნახევარფინალის კენჭისყრის შედეგები გვეცოდინება, როგორც ამ ტურნირზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.

"დორტმუნდისა" და "ლივერპულის" გერმანულ დაპირისპირებას ჩვენ და არა მარტო ჩვენ, "ელ კლოპიკო" ვუწოდეთ. ბუნებრივია, საპასუხო მატჩს "ენფილდისთვის" ასეთი დატვირთვა არა აქვს, თუმცა "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპისთვის დაპირისპირება მაინც რჩება ყველაზე მნიშვნელოვან მატჩად.

შეგახსენებთ, რომ კლოპმა სამშობლოდან საკმაოდ მისაღები 1:1 წამოიღო და ახლა ვერ ვიტყვით, რომ "დორტმუნდი" დაპირისპირების ფავორიტია.

იურგენ კლოპის "ლივერპულს" შინ გერმანულ კლუბებთან, როგორც წესი, არ უჭირს - ბოლო 15 ევროთამაში
გერმანელ კლუბებთან "ლივერპულმა" "ენფილდზე" არ წააგო. "დორტმუნდი" კი ბოლო ხანს შესანიშნავ ფორმაშია - 2016 წელს 18 მატჩია, არ წაუგია.

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ეს ისეთი თამაშია, როცა მწვრთნელმა შეცდომა არ უნდა დაუშვა. არ მაქვს წარმოდგენა, როგორ უყურებენ თავიანთ შანსებს დორტმუნდში პირველი მატჩის მერე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ნახევარფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი გვაქვს და ჩვენ ამ შანსის გამოყენებას ვაპირებთ.

"ლივერპულს" სათანადო ხარისხი აქვს, რომ ბრძოლა გააგრძელოს. გუნდი საკმაოდ მამაცია იმისთვის, რომ ეს შეძლოს. საფეხბურთო სიმამაცეს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენგან თეთრი ბაირაღის გამოფენას არავინ ელის და არც უნდა ელოდოს. დიახ, "დორტმუნდს" იმაზე უკეთ შეუძლია თამაში, ვიდრე ეს წინა დაპირისპირებაში შეძლო, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია უკეთ თამაში".

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "აღფრთოვანებული ვარ იმ სიტუაციით, რაც აქ დაგხვდა. პატარა ბავშვივით ვარ, რომელსაც ყველაფერი აოცებს. ამ დროს ჩემი გუნდი ძალიან მშვიდია და ხვალინდელ მატჩს ელის. ყველამ კარგად იცის, რომელ სტადიონზე მოუწევს თამაში; ყველამ კარგად იცის "ლივერპულის" ფანების შესახებ.

პირველ თამაშზე აღარ ვფიქრობთ, რადგან არა მგონია, ის გადამწყვეტი იყოს. აქ ჩამოვედით შესატევად და გოლების გასატანად. უნდა გავრისკოთ და თამაშით ვისიამოვნოთ. აქ იმისთვის ნამდვილად არ ჩამოვსულვართ, რომ ჩვენი ლიმიტები გამოვამზეუროთ; აქ იმისთვის ვართ, რომ ყველას დავანახოთ ჩვენი პოტენციალი.

ორიჯიმ პირველ თამაშში კარგად ითამაშა, სტარიჯიც მაღალი კლასის ფეხბურთელია. იურგენისთვის, ალბათ, ძნელი გადასაწყვეტია, რომელს დააყენებს სასტარტოში. ჩვენ კი ერთბაშად ორივეს ველით და მზად ვართ".

* * *
სხვა თამაშებიდან ინტრიგა ყველაზე მეტად პრაღის თამაშს შერჩა, სადაც "სპარტა" შეეცდება "ვილიარეალთან" 1:2-ის ამოქაჩვას. "სპარტა" შინ ბოლო 17-მატჩია, დაუმარცხებელია, თანაც, აქედან 15 ჩეხებმა მოიგეს.

ასე რომ, მარსელინოს გუნდს სერიოზული ბრძოლა ელის. "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" უკვე აშკარა ფავორიტია "ბილბაოსთან" დაპირისპირებაში, თუმცა ბოლომდე ყველაფერი არც ამ წყვილშია გადაწყვეტილი.

ლვოვში ნახევარფინალში ცალი ფეხით მყოფი "შახტარი" "ბრაგას" მიიღებს.

ხუთშაბათი. 14 აპრილი
შახტარი-ბრაგა 23:05 (2:1)
დისკვალიფიკაცია: ფრედი, რაკიცკი (შახ)
ტრავმა: აზევედო, ტაისონი (?) - ალანი, ბაიანო, კრისლანი, პ. სანტოსი, რ. ფონტე
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

სპარტა-ვილიარეალი 23:05 (1:2)
დისკვალიფიკაცია: ბრაბეცი, კოსტა (სპარ)
ტრავმა: ჰოლეკი, ვახა (?), ზაჰუსტელი (?) - ბონერა, მუსაჩო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

სევილია-ბილბაო 23:05 (2:1)
დისკვალიფიკაცია: ბანეგა (სევ)
ტრავმა: ტრემულინა - ლაპორტი, მერინო, ვილიამსი (?)
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ლივერპული-დორტმუნდი 23:05 (1:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენტეკე, გომესი, ჰენდერსონი, ინგსი, როსიტერი - სუბოტიჩი
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-1-2): მინოლე - კლაიდი, ლოვრენი, სახო, მორენო - ალენი, ჯანი, მილნერი - ლალანა, კოუტინიო, ორიჯი
დორტმუნდი (4-5-2): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ჰუმელსი, სოკრატისი, შმელცერი - ვაიგლი, გიუნდოგანი, მხითარიანი, კასტრო, როისი - ობამეიანგი
მსაჯი: ჯუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული