ნახევარფინალების წილისყრის გამოხმაურება. "აიაქსზე" გაზრდილი...

AutoSharing Option
ევროპალიგის მთავარ ფავორიტად შერაცხულმა " იუნაიტედმა" "ანდერლეხტის" ბარიერი დიდი გაჭირვებით გადალახა და თან ეს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმად დაუჯდა.

ასეთი თამაშით "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს ადვილი შეხვედრა არც "სელტასთან" ექნებათ, რომელიც დიდი ხანია, ამ სეზონს ევროპალიგას უძღვნის - ედუარდო ბერიცო ლა ლიგაში შემადგენლიბას ასვენებს ხოლმე. ჟოზე მოურინიომაც თქვა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, გუნდი გადამწვარია ამ დატვირთული კალენდრის გამოო.

დიდი მოტივაცია აქვს "ლიონს", რომელიც მეორე წრეში ფორმაში კი შევიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ლიგა 1-ში სამეულში შესასვლელად. ასე რომ, ლიონელები
თავგანწირვით ითამაშებენ "აიაქსთან", უკანდასახევი გზა არც აქვთ. ამ წყვილისგან შემტევ, სანახაობრივ და უხვგოლიან მატჩებს ველით.

"აიაქსის" თავკაცი პეტერ ბოში: "ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ სხვას რას უნდა ელოდო ნახევარფინალში? ყველამ ვნახეთ, რა ქნა "ლიონმა" "ალკმაართან", მაგრამ ყველა გუნდს ორი მხარე და სახე აქვს. როგორც მაგალითად, ჩვენ - "შალკესთან" პირველი მატჩი დიდებულად ჩავატარეთ, მეორე კი არცთუ კარგად".

"საპასუხო მატჩის შინ ჩატარება გვინდოდა და გვიხარია, რომ ასეც იქნება. ვიცით, რომ "აიაქსი" დიდებული კლუბია, უამრავი ახალგაზრდა ტალანტით" - თქვა ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ბრუნო ჟენეზიომ.

"ლიონის" მრჩეველი ბერნარ ლაკომბი: "როდესაც 17-18 წლის ვიყავი, "აიაქსის" თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ამ გუნდმა ჩემი თაობის ადამიანების საფეხბურთო ხედვა შეცვალა. მაშინ ამსტერდამელთა რიგებში ჰოლანდიის ნაკრების ლიდერები თამაშობდნენ - კრუიფი, ნეესკენსი... გუნდი მას მერე შეიცვალა, მაგრამ ახალგაზრდებზე ისევ აკეთებს აქცენტს და ძლიერი აკადემია ჰყავს, ცოტათი ვგავართ კიდეც ერთმანეთს. შესანიშნავია, რომ ასეთ დიდ კლუბს დავუპირისპირდებით, "აიაქსს" უდიდეს პატივს ვცემ. მახარებს ისიც, რომ საპასუხო მატჩი ლიონში იქნება, ეს ჩვენს შანსს ზრდის".

"მხოლოდ იმიტომ, რომ მეტოქის დარი გამოცდილება არ გვაქვს, უშანსოდ არ ვრჩებით. ბევრი ფანი გამოგვყვება მანჩესტერში და მათ ხმას იქაც გავიგებთ. ვნახოთ, გავახარებთ თუ არა გულშემატკივრებს კარგი თამაშით.

ნახევარფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რამდენი ძლიერი გუნდი გავარდა. ეს ხაზს უსვამს, თუ რა კარგი სამუშაო გასწია "სელტამ" და გვახარებს, რომ დიდ როლს ამ წარმატებაში ადგილობრივი, კლუბის გაზრდილი მოთამაშეები ასრულებენ" - ამბობს "სელტას" ელჩი და ყოფილი ფეხბურთელი ბორხა ოუბინია.

აიაქსი (ჰოლანდია)-ლიონი (საფრანგეთი)
3 და 11 მაისს

სელტა (ესპანეთი)-მანჩესტერი (ინგლისი)
4 და 11 მაისს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული