დორტმუნდი VS მონაკო - 50/50 "მონაკოს" სასარგებლოდ

AutoSharing Option
* "დორტმუნდმა" ევროთასებზე ბოლო 12 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო (9 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

* ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდება.

* "მონაკო" ბოლო სამ სეზონში მეორედ გავიდა ლიგის მეოთხედფინალში, "დორტმუნდი" ამ ეტაპზე 2014 წლის მერე პირველადაა.

მაშინ, როცა მთელი ევროპის ყურადღება ტურინული მატჩისკენ იქნება მიქცეული, დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" "ბორუსია" "მონაკოს" მასპინძლობს და ჩვენი აზრით, არანაკლები თამაშის მომსწრენიც გავხდებით...

"დორტმუნდსა" და "მონაკოს" საერთო ისტორია ჯერ არ აქვთ და მის წერას დღეიდან დაიწყებენ. ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა საყოველთაო აღიარება
"სიტის" გამოგდებით მოიპოვა. თანაც, ყველა ახლა მათ ახალგაზრდა ფორვარდ კილიან მბაპეზე ლაპარაკობს. მას ტიერი ანრის ადარებენ და დიდი შანსია, გრანდებმა მის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ომი გამართონ ზაფხულში.

"მონაკო" შინაურ პირველობაზეც კარგად მიდის, ლიდერია და ამით ყველაფერია ნათქვამი. საპირისპირო განწყობაა გერმანულ ბანაკში, გუნდს არათუ ჩემპიონობის, რეალურად მეორე ადგილისთვის ბრძოლის თავიც არ აქვს. ცალკე მძიმე გასახსენებელია გერმანული კლასიკა, რომელშიც თომას ტუხელის გუნდი შერცხვა.

მოწინააღმდეგე ბანაკებში
"მონაკოს" არ ეყოლება ნახევარმცველი ტეამუე ბაკაიოკო, ის დისკვალიფიცირებულია. გუნდს დააკლდა სიდიბეც, რომელსაც ბრმა ნაწლავის შეტევა ჰქონდა და სასწრაფოდ დასჭირდა ოპერაცია. ეს ორი მართლაც დიდი დანაკარგია გუნდისთვის. ცნობილი ამბების გამო "დორტმუნდს" არ ეყოლება მარიო გიოტცე, რომლის კარიერაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ იქნებიან დურმი და შიურლეც. აი, მარკო როისის თამაში კი საეჭვოა.

პრესკონფერენცია
თომას ტუხელი (დორტმუნდი): "არ ვართ გამოუვალ სიტუაციაში, "ბაიერნთან" 1:4 მარცხი იყო კარგად "დამსახურებული" ერთი ცუდი შედეგი და მეტი არაფერი. ფეხბურთელებს უკვე ვთხოვე, რომ ეს წაგება დაივიწყონ. როცა ყოველ შაბათს, ოთხშაბათსა და ისევ შაბათს თამაშობ, სჯობს, წინა შეხვედრა დასრულებისთანავე დაივიწყო. "მონაკოს" ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც უკვე ყველა აღაფრთოვანეს. ვფიქრობ, მათ მხარეს დიდებული ინდივიდუალური თვისებებია. ამასთან ერთად, "მონაკო" ათლეტური და კარგად ჩამოყალიბებული გუნდია. მეტოქე საკმაოდ ძლიერია.

ასეთ შემთხვევაში პროგნოზისას 50/50-ზე ამბობენ, მაგრამ სიტუაცია ცოტათი უფრო ფრანგების მხარესაა და შანსიც ცოტა მეტი აქვთ. "დორტმუნდი" მზად არის, მიიღოს გამოწვევა და ამ დიდებულ დაპირისპირებაში გამარჯვებისთვის იომოს".

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "რადამელ ფალკაოს დაბრუნება ჩვენ მეტ ხარისხსა და გამოცდილებას გვმატებს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ძალაა ფალკაო ჩემპიონთა ლიგის თამაშებში. სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს, არ გვეყოლებიან სიდიბე და ბაკაიოკო, მაგრამ "მონაკოს" უპირატესობა ღრმა შემადგენლობაა. ძალიან ინტენსიურ თამაშს ველოდები უაღრესად კარგი გუნდის წინააღმდეგ. გერმანელებს მეტი ევროპული გამოცდილება აქვთ, ვიდრე ჩვენ.

ძალიან ბევრი თამაში მოგვიწია ლიგაზე, ჩვენ ხომ ჯგუფურ ეტაპზეც არ ვიყავით. ამას ემატება ჩემპიონატის მატჩებიც, ძალიან ძნელია ყოველ სამ დღეში ინტენსიურად თამაში".

გასულ უქმეებზე
დორტმუნდის "ბორუსიას" გერმანული კლასიკა ჰქონდა "ალიანც არენაზე" და შერცხვა, "ბაიერნთან" 1:4 წააგო. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ თამაშში რაფაელ გერეიროს სუპერგოლი იყო მასპინძელთა კარში. "დორტმუნდის" მიზანი ბუნდესლიგაში მესამე ადგილის დაკავებაა.

"მონაკომ" ლიდერობა რადამელ ფალკაოს წყალობით განიმტკიცა - სამხრეთელებმა სტუმრად "ანჟერს" მოუგეს - 1:0. კოლუმბიელმა გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე გაიტანა. ეს მისი მე-17 გოლი იყო ჩემპიონატში და 25-ე ყველა შეჯიბრებაში. ფეხბურთელისგან, რომელიც ყველამ ჩამოწერა, ეს დიდებული შედეგია.

სამშაბათი. 11 აპრილი
დორტმუნდი-მონაკო 22:45
დისკვალიფიკაცია: - ბაკაიოკო
ტრავმა: გიოტცე, შიურლე, დურმი, როისი (?) - სიდიბე, ბოშილია, კარილიო
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი - დემბელე, კაგავა, პულიშიჩი, გერეირო - ობამეიანგი
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაგი, გლიკი, მენდი - ჟოაო მოუტინიო, ბერნარდო სილვა, ლემარი - მბაპე, ფალკაო, ჟერმენი
ურთიერთშეხვედრები: არ უთამაშიათ
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული