"სულელური ნაბიჯი იყო..." - იარმოლენკო ოჯახის უკრაინაში გაგზავნაზე საუბრობს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისა და "ვესთ ჰემის" ფეხბურთელმა ანდრეი იარმოლენკომ განაცხადა, რომ საუბარიც კი არ შეეძლო იმ ფაქტზე, რომ ოჯახი რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 1 დღით ადრე სამშობლოში გაუშვა.

"24 თებერვალი ის დღეა, როდესაც ყველაფერი დაიწყო. ვარჯიშზე მივედი და საუბარიც კი არ შემეძლო, ცრემლები თავისით მომდიოდა... მწვრთნელს ვთხოვე, რომ სახლში გავეშვი.

ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. ჩემი ოჯახი კიევში გავგზავნე, რადგან ბავშვს ექიმთან ვიზიტი ჰქონდა ჩანიშნული. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მეორე დილით რა მდგომარეობაში ვიყავი? მინდოდა გავქცეულიყავი
და კედლისთვის თავი დამერტყა. ოჯახის კიევში გაშვება და ჩემი ლონდონში დარჩენა სულელური ნაბიჯი იყო" - ციტირებს ანდრეის სიტყვებს Football 1/2/3.

შეგახსენებთ, იარმოლენკო მოედანს 13 მარტს, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა.

"არ მეძინა, ვერ ვჭამდი, გამუდმებით ოჯახსა და ახლობლებს ვესაუბრებოდი. მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა მითხრა, რომ ამერჩია, ვივარჯიშებდი თუ არა და რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. მჭირდებოდა პროფესიონალიზმის შენარჩუნება და მეც დავბრუნდი. უბრალოდ ვგიჟდებოდი და ყურადღება რაიმე სხვაზე უნდა გადამეტანა".

Sportall.Ge

როგორია უკრაინაში ცხოვრება?

32 წლის ფეხბურთელმა სამშობლოს 75 000 ფუნტი გადაურიცხა, რათა რუსეთთან თავდაცვაში მცირედი წვლილი შეეტანა. სპორტსმენმა ისიც დაამატა, რომ ომზე საუბრის ეშინია.

"იქაურობა მუდმივად იბომბება. როგორც ყველა, ჩემი ოჯახიც თავშესაფარშია. ომზე საუბრის მეშინია. რთულია იფიქრო საომარ სიტუაციაზე, როდესაც ნახულობ, თუ რა მდგომარეობაშია უკრაინული სოფლები. შეუძლებელია ამის გადმოცემა, ემოციებისგან დაცლილი ვარ".

იარმოლენკოს გზავნილი უკრაინას

"მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია ბრძოლა, სროლა, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი თავის იმედად დავრჩებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაგვამარცხებს. ამიტომ ვცდილობ, შეძლებისდაგვარად უკრაინას დავეხმარო.

მესმის, რომ ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ბავშვი მშობლის გარეშე დარჩება... ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ქვეყანა".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული