პრემიერლიგა. XXVII ტურის წინ: ლონდონური დერბის სურნელი: ჰარი თუ ობა?

AutoSharing Option
"ტოტენჰემისა" და "არსენალის" შეხვედრა თავისუფლად შეგვიძლია, შევრაცხოთ უქმეების მთავარ დაპირისპირებად. ჯერ ერთი, ამ გუნდებს შორის ისტორიულად დიდი მტრობაა, და მეორეც, ისინი, ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

ცალკე უნდა განვიხილოთ თანამედროვე მსოფლიოს ორი გამორჩეული ფორვარდის, ჰარი კეინისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჯახი, რასაც ყველა მოუთმენლად ველით. ფაქტია, "ობას" კარგი სტარტი გამოუვიდა "არსენალში" და ასევე მართებს გაგრძელება. კეინზე კი რაღა ვთქვათ ისეთი, რაც აქამდე არ გვითქვამს.

"ტოტენჰემმა", შეიძლება, ვერ დაიხმაროს "პარი სენ-ჟერმენიდან" ახლახან გადმობირებული ლუკას ლეივა. რაც შეეხება "არსენალს", საეჭვოა მეკარე
პეტერ ჩეხის, ნაჩო მონრეალისა და დენი უელბეკის თამაში.

"მანჩესტერ სიტი" ლეროი სანეს გარეშე შეხვდება "ლესტერს". მიუხედავად ამისა, "ქალაქელებს" საშინაო ასპარეზზე გამარჯვება მაინც არ უნდა გაუჭირდეთ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ის, რომ სტუმართა ბანაკში ყველაფერი რიგზე ვერ არის. რიად მაჰრეზი კვლავ ჭირვეულობს, რაც მის თანაგუნდელებზეც მოქმედებს. წესითა და რიგით, მან ეს შეხვედრა უნდა გამოტოვოს. მაჰრეზს სწორედ "სიტიში" უნდოდა წასვლა იანვარში, თუმცა "მელიების" უფროსობამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.

"იუნაიტედი" "სენტ ჯეიმს პარკზე" ჩადის. რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილი გუნდი ფავორიტია, მაგრამ კაცმა არ იცის, რას იზამს "განსაკუთრებული კაცი" - შეუტევს თუ დაცვაში ჩასვამს გუნდს კინკილა გოლის იმედად.

"ლივერპული" "საუთჰემპტონთან" სათამაშოდ მიემგზავრება და, ცხადია, გამარჯვების იმედი აქვს. წესით, თვალსასეირო თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან "წითლებს" თავისთავად, მის მეტოქეს კი საკუთარ ასპარეზზე შემტევი ფეხბურთის თამაში უყვარს. ახლა კი, "წმინდანებს" სხვა გზა არ აქვთ - გასავარდნი ზონიდან კი ამოძვრნენ, მაგრამ ჯერ იქვე არიან.

ვნახოთ, რამდენად გამოვიდნენ მერსისაიდელები იმ შოკიდან, რომელიც მათ "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მსაჯების შეცდომების შედეგად მიიღეს.

ორშაბათს ჩაატარებს ამ ტურის მატჩს "ჩელსი", სადაც სიტუაცია ვერ არის დალაგებული. წესით, "არისტოკრატებმა" შინ უსათუოდ უნდა მოუგონ "ვესტ ბრომვიჩს", მაგრამ ისეთ ცუდ ფორმაში არიან, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

ფაქტები
  • "ჩელსიმ" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ვესტ ბრომვიჩს".
  • "ტოტენჰემისა" და "არსენალის" ბოლო ორ დაპირისპირებაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
  • "ევერტონისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 5 მატჩიდან 4 ფრედ დასრულდა.
  • "სუონსისა" და "ბარნლის" ბოლო 5 შეხვედრიდან ოთხში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • ბოლო 3 თამაშია, "ვესტ ჰემი" ვერ უგებს "უოტფორდს".
  • "ნიუკასლისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 3 მატჩიდან 2-ში ფრე აღინიშნა.
  • "საუთჰემპტონისა" და "ლივერპულის" ბოლო 5 მატჩიდან ოთხში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXVII ტური
შაბათი, 10 თებერვალი
ტოტენჰემი-არსენალი 16:30
ევერტონი-კრ. პალასი 19:00
სტოკი-ბრაიტონი 19:00
სუონსი-ბარნლი 19:00
ვესტ ჰემი-უოტფორდი 19:00
მანჩესტერ სიტი-ლესტერი 21:30

კვირა, 11 თებერვალი
ჰადერსფილდი-ბორნმუთი 16:00
ნიუკასლი-მანჩესტერ იუნ 18:15
საუთჰემპტონი-ლივერპული 20:30

ორშაბათი, 12 თებერვალი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 23:59

ბომბარდირები: 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 12 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული