პრემიერლიგა. II ტური. მარკოს ალონსოს დუბლმა ინგლისის ჩემპიონს ხასიათი გამოუკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალურ მატჩში სახეშეცვლილმა "ჩელსიმ" მარკო ალონსოს დუბლით "უემბლიზე" 2:1 მოუგო "ტოტენჰემს" და დაამტკიცა, რომ ტიტულის დასაცავად, მიუხედავად კრიტიკისა, სერიოზული ბრძოლისთვის თავი აქვს გადადებული...

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო შთამბეჭდავი ანგარიშით (4:0), რითიც მიანიშნა კონკურენტებს, რომ ის "აქ" არის...

დებიუტანტმა "ჰადერსფილდმა" მეორე ტურშიც გაიმარჯვა, თან ისე, რომ გოლი არც ამჯერად გაუშვია. ამით ეს გუნდი გახდა პირველი დებიუტანტი პრემიერლიგის დასაბამის (1992/93) შემდეგ, რომელმაც სტარტზე ორიდან ორი მატჩი მოიგო...

ტოტენჰემი-ჩელსი
ფაქტები
  • "ჩელსიმ" დაასრულა "ტოტენჰემის" 19-მატჩიანი დაუმარცხებელი საშინაო სერია, რომელიც სათავეს 2016
    წლის მაისის ("საუთჰემპტონთან" მარცხის) შემდეგ იღებს
  • "ტოტენჰემმა" "ჩელსისთან" "უემბლიზე" ბოლო 4 დაპირისპირებიდან (სხვადასხვა ტურნირში) ოთხივე წააგო
  • შეცვლაზე შესულმა პედრომ ("ჩელსი") ბოლო ოთხიდან სამ შემთხვევაში საგოლე პასი გააკეთა
  • მიჩი ბატშუაი 21-ე საუკუნეში "ჩელსის" პირველი ფეხბურთელია, ვინც შეცვლაზე შესულმა პრემიერლიგაში ავტოგოლი გაიტანა. 1999 წლის აპრილში ასე დაემართა მაიკლ დაბერის "ლესტერთან" მატჩში
  • ანტონიო კონტეს მწვრთნელობის პერიოდში "ჩელსის" არასოდეს წაუგია მატჩი, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ ლიდერობდა - 20 მოგება, 2 ფრე

მატჩის საუკეთესო მოთამაშე - მარკო ალონსო (ჩელსი)
ესპანელმა "ჩელსის" 5-ნახევარმცველიან შუა ხაზში მარცხენა ფლანგზე ითამაშა. გასულ სეზონში ანტონიო კონტე მას წარმატებით იყენებდა დაცვაშიც. უთამაშია 3-მცველიან უკანა ხაზშიც... მოკლედ, 26 წლის ალონსოს იმდენი ღირსება აქვს, აგერ, მატჩის ბედის გადაწყვეტაც შესძლებია. აღსანიშნავია მისი პირველი გოლი, რომელიც ჯარიმიდან "მოჭრილი" დარტყმით გაიტანა.

სუონსი-მანჩესტერ იუნაიტედი
ფაქტები

  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" უმაღლესი დივიზიონის პირველი ორი ტურის თითო მატჩში 4 და მეტი გოლი ბოლოს... 110 წლის წინ გაიტანა
  • მეორედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა პრემიერლიგის პირველი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოიგო. ბოლოს ეს "ჩელსიმ" 2010/11 წლების სეზონში მოახერხა
  • ზედიზედ მესამედ მოხდა, რომ "იუნაიტედმა" მოიგო სეზონის პირველი ორი მატჩი, თუმცა წინა ორივე შემთხვევაში საბოლოოდ ოთხეულს მიღმა დარჩა
  • პოლ პოგბამ თავის კარიერაში მეორედ მოახერხა ზედიზედ სამ (წინა სეზონის ჩათვლით) საჩემპიონატო მატჩში გოლის გატანა (პირველად, ეს იყო "იუვენტუსში" 2015 წელს)
  • "მანჩესტერის" ბოლო სამ გოლს 3 წუთი და 41 წამი დასჭირდა
  • ანტონი მარსიალმა ორივე მატჩში მოახერხა გატანა და ორივე შემთხვევაში - შეცვლაზე შესულმა
  • "სუონსის" კარში ოთხიდან 3 გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, ვინც თავი პირველ მატჩშიც გამოიჩინა
  • "სუონსიმ" პირველ მატჩში მიზანში მხოლოდ ერთხელ მოარტყა

კომენტარი
ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "საოცრად ლაღად, სიამოვნებით ვითამაშეთ. ვერ დავინახეთ აუცილებლობა, ბოლომდე ჩაგვეკეტა სივრცეები. ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი სხეულის ენა, ამ კომენტარის გარეშეც მიხვდებოდა ჩემს განწყობას. ბიჭები კლასით, მოთმინებითა და კონცენტრაციით ელოდნენ მომენტს, როცა შეეძლოთ თამაშის "მოკვლა" და მათ ეს მომენტი გამოიყენეს კიდეც. როგორც კი "სუონსიმ" მოუმატა და შეეძლო, პრობლემები შეექმნა ჩვენთვის, გადამწყვეტი დარტყმა სწორედ მაშინ განვახორციელეთ".

ლივერპული-კრისტალ პალასი
ფაქტები

  • ამ მატჩამდე "ლივერპულს" "კრისტალ პალასთან" წაგებული ჰქონდა ზედიზედ 3 საშინაო მატჩი საერთო ანგარიშით - 3:7
  • "ლივერპულის" მარცხენა მცველმა ენდრიუ რობერტსონმა, რომელსაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა, ყველაზე მეტი (3) შანსი შექმნა და ყველაზე მეტჯერ (134) შეეხო ბურთს, ვიდრე "ლივერპულის" სხვა რომელიმე ფეხბურთელი
  • მარტინ იოლის შემდეგ ფრანკ დე ბური მეორე ჰოლანდიელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგის სტარტზე პირველი ორი მატჩი წააგო
  • "ლივერპულმა" პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში მეხუთედ შეინახა კარი "მშრალად" - უფრო მეტჯერ, ვიდრე წინა 21 შეხვედრაში. თანაც, "წითლებმა" ეს კონკრეტულად "კრისტალ პალასთან", ბოლო 14 დაპირისპირებაში, პირველად მოახერხეს
  • "კრისტალ პალასმა" პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო

კომენტარი
იურგენ კლოპი (ლივერპული): "ძალიან რთული თამაში იყო. ბურთს ვფლობდით, მოედნის დიდ ნაწილს ვაკონტროლებდით და პირველ ტაიმშივე შეგვეძლო ისე წაგვეყანა საქმე, რომ ბევრი არ გვენერვიულა... სამაგიეროდ, მეორე ნახევარი გაცილებით უკეთ ჩავატარეთ და გოლიც დამსახურებულად გავიტანეთ".

სტოკი-არსენალი
ფაქტები

  • "სტოკმა" "არსენალთან" ბოლო 8 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (4 მოგება, 3 ფრე)
  • 2003/04 წლების სეზონის შემდეგ "არსენალს" ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - 77,3%
  • "არსენალმა" (732) "სტოკზე" (212) 520-ით მეტი პასი გააკეთა
  • 2009/10 წლების სეზონის შემდეგ "არსენალი" ორი სასტარტო მატჩიდან ორივეს მოგებას ვერ ახერხებს
  • რიკარდო ფულერისა (2008) და მაიკლ კაიტლის (2012) შემდეგ ხესე როდრიგესი "სტოკის" მესამე ფეხბურთელია, ვინც სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა

კომენტარი
არსენ ვენგერი (არსენალი):
"ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ყოფილიყვნენ დაცვაში და შეცდომები არ დაეშვათ, თუმცა მეორე ტაიმში ამ მხრივ ნამდვილად მოვიკოჭლებდით და ამიტომაც დავისაჯეთ. ლაკაზეტის გოლი? დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო გოლი და არბიტრმა სულ ტყუილად გააუქმა თამაშგარეს გამო. ძნელია, ასეთი წაგება გადაყლაპო".


ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ შეხვედრებში მარკო არნაუტოვიჩი ("ვესტ ჰემი") ზედიზედ მეორედ გააძევეს
  • 2015/16 წლების სეზონის შემდეგ "ვესტ ჰემმა" პრემიერლიგის გუნდებს შორის პენალტის ნიშნულიდან ყველაზე მეტი - 15 გოლი გაუშვა
  • პირველად 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, "ბორნმუთმა" პრემიერლიგის ზედიზედ ორ მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა
  • "უოტფორდმა" პრემიერლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა
  • "ბარნლიმ" ბოლო 7 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო
  • ჰალ რობსონ-კანუს ("ვესტ ბრომვიჩი") მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლი იყო პირველი კარში დარტყმა "ბარნლი"-"ვესტ ბრომვიჩის" მატჩში
  • რიად მაჰრეზმა ("ლესტერი") ზედიზედ ორ მატჩში საგოლე პასის გაკეთება 2016 წლის თებერვლის შემდეგ პირველად მოახერხა
  • 1999/2000 წლების სეზონის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა "ნიუკასლმა" პრემიერლიგის პირველი ორი მატჩი წააგო
  • "ჰადერსფილდი" არის პირველი დებიუტანტი 1997/98 წლების სეზონის ("ჩარლტონი") შემდეგ, რომელმაც პირველ ორ სასტარტო მატჩში ერთი გოლიც არ გაუშვა
  • ავსტრალიელი აარონ მუის გოლმა დაასრულა "ჰადერსფილდის" 316-წუთიანი "მშრალი" სერია საკუთარ მოედანზე

სუონსი-მანჩესტერი 0:4
გოლები
: 0:1 ბაილი (45), 0:2 ლუკაკუ (80), 0:3 პოგბა (82), 0:4 მარსიალი (84)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, ბლინდი - პოგბა, მატიჩი - მატა (75. ფელაინი), მხითარიანი (85. ერერა), რაშფორდი (75. მარსიალი) - ლუკაკუ.



ბორნმუთი-უოტფორდი 0:2
გოლები
: 0:1 რიჩარდსონი (73), 0:2 კაპუ (86)



ლესტერი-ბრაიტონი 2:0
გოლები
: 1:0 ოკაზაკი (1), 2:0 მაგუაირი (54)



ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი
: 0:1 რობსონ-კანუ (71)
გაძევება: რობსონ-კანუ (83. ვესტ ბრომვიჩი)



ლივერპული-კრ. პალასი 1:0
გოლი
: 1:0 მანე (73)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, კლავანი, რობერტსონი - ჰენდერსონი, მილნერი, ვეინალდუმი (71. სოლანკე) - მანე, ფირმინო (90. ლოვრენი), სტარიჯი (61. სალაჰი).



საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 3:2
გოლები
: 1:0 გაბიადინი (11), 2:0 ტადიჩი (38-პენ), 2:1 ერნანდესი (45), 2:2 ერნანდესი (74), 3:2 ოსტინი (90+3-პენ)
გაძევება: არნაუტოვიჩი (33. ვესტ ჰემი)



სტოკი-არსენალი 1:0
გოლი
: 1:0 ხესე (47)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - მუსტაფი, მონრეალი, კოლაშინაცი (66. ჟირუ) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რემზი, ჯაკა (79. ივობი), ბელერინი - იოზილი, უელბეკი - ლაკაზეტი (78. უოლკოტი).



ჰადერსფილდი-ნიუკასლი 1:0
გოლი
: 1:0 მუი (50)



ტოტენჰემი-ჩელსი 1:2
გოლები
: 0:1 ალონსო (24), 1:1 ბატშუაი (82-საკ. კარში), 1:2 ალონსო (88)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დაიერი (68. სონი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიერი (90. იანსენი), ვანიამა, დემბელე, ბ. დევისი (80. სისოკო) - ალი, ერიქსენი - კეინი.
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - მოზესი, ბაკაიოკო, დავიდ ლუიზი, კანტე, ალონსო - ვილიანი (78. პედრო) - მორატა (79. ბატშუაი).



ორშაბათი. 21 აგვისტო
მანჩესტერ სიტი-ევერტონი 23:00

ბომბარდირები: 3 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 2 - ხავიერ ერნანდესი (ვესტ ჰემი), სადიო მანე (ლივერპული), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ), შინჯი ოკაზაკი (ლესტერი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ), ჯერემი ვარდი (ლესტერი), სტივ მუნი (ჰადერსფილდი), სემ უოკსი (ბარნლი), მარკოს ალონსო (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული