ლა ლიგა. XI ტურის წინ: არის თუ არა ეს კრიზისი?

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, "კამპ ნოუზე" გაიმართება, სადაც გათამაშების ლიდერი "ბარსელონა" "სევილიას" მასპინძლობს, რომელიც კრიზისიდან გამოსვლისთვის იბრძვის.

ამ გზაზე ანდალუსიელებმა ორი სერიოზული ნაბიჯი გადადგეს, ჯერ "ლეგანესს" მოუგეს 2:1, რომელსაც წინა ცხრა ტურში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, შემდეგ კი ლიგაზე "სპარტაკზე" იძიეს შური და ასევე 2:1 დაამარცხეს რუსული კლუბი.

ედუარდო ბერისომ ნელ-ნელა შეძლო სიტუაციის გამოსწორება "სევილიაში". ამ დღეებში კი "სევილია" თვით დიეგო არმანდო მარადონამ ახსენა. მან თქვა, "სევილიას" ყოფილი თავკაცი ხორხე სამპაოლი მეპატიჟებოდა გუნდში ასისტენტად, მაგრამ მე
ყალბ ხალხთან არ ვმუშაობო. შეგახსენებთ, რომ მარადონამ ერთი სეზონი ითამაშა "სევილიაში" (1992/93 წლების სეზონში 5 გოლი გაიტანა).

დავუბრუნდეთ ედუარდო ბერისოს, რომელმაც განაცხადა, რომ "სპარტაკთან" "სევილიამ" საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა მის ხელში.

"მარკა" წერს, რომ გუნდის ფორვარდმა პაბლო სარაბიამ ხულიენ ლოპეტეგის ყურადღება დაიმსახურა და მას უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ეროვნულ ნაკრებში შანსს მისცემენ. სარაბიამ ბოლო სამ მატჩში ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

"ბარსელონა" 28 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მდევარ "ვალენსიას" 4 ქულით უსწრებს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ლა ლიგის წინა ტურში ცოტა უცნაური გამარჯვება მოიპოვა ბილბაოს "ატლეტიკზე". უცნაურობა კი იმაში გამოიხატა, რომ "ბარსელონა" მეორე ტაიმში საკუთარ ნახევარზე "ჩაიკეტა" და ბოლოს კონტრშეტევით იხეირა. ბუნებრივია, "ბარსას" ასეთ მატჩს ბევრს ვერ ნახავთ. ამას მოჰყვა ნულოვანი ფრე პირეოსში, ჩემპიონთა ლიგაზე.

"ბარსას" არ ეყოლება უსმანა დემბელე, რაფინია, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი. ლაზარეთს კიდევ ორი კაცი მიემატა - ანდრე გომეში და სერხი რობერტო. არც ერთი მათგანი არ ითამაშებს არა მარტო "სევილიასთან", არამედ ნოემბრის განმავლობაში. პორტუგალიელი "ოლიმპიაკოსთან" მატჩში დაიმტვრა.

აი, ანდრეს ინიესტამ კი ვარჯიში განაახლა. ის უკვე გუნდთან ერთად ემზადება და დიდი ალბათობით, ანდალუსიელებთან მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას. ბერისოს არ ეყოლება მცველები, კარისო და პარეხა.

მესამეადგილოსანი "რეალი" კვირას ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლას პალმასს" მასპინძლობს. "ტოტენჰემთან" მარცხის მერე ყველა "რეალის" კრიზისზე ალაპარაკდა, თუმცა ზინედინ ზიდანი გამორიცხავს, რომ გუნდში კრიზისია:

"არანაირი კრიზისი. ზედიზედ ორი მატჩი დავთმეთ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, კარგ განწყობაზე არ ვართ, მაგრამ 3-4 დღე დასვენება და ფეხბურთი გაგრძელდება", - აცხადებს ფრანგი.

"რეალს" პრობლემები ყველა რგოლში აქვს - კარში, თავდასხმაში, დაცვაში... რონალდოსა და ბენზემას წყვილი არაეფექტურია, სუსტია სათადარიგო გოლკიპერი კასილია...

კუნძულელებთან ისევ არ იქნებიან გარეთ ბეილი, დანი კარვახალი, მატეო კოვაჩიჩი, კეილორ ნავასი და რაფაელ ვარანი. სტუმრებს არ ეყოლებათ ორი გამორჩეული ვარსკვლავი, ალენ ჰალილოვიჩი და ხონათან ვიერა (ამ უკანასკნელს თამაშის მცირე შანსი აქვს).

მეორეადგილოსანი "ვალენსია", რომელსაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს, შაბათს "ლეგანესს" მიიღებს. "ვალენსიას" 24 ქულა აქვს და "რეალს" 4 ქულით უსწრებს. "ლეგანესი" დაცვაში საუკეთესო თამაშით არის ამ სეზონში გამორჩეული, თუმცა "ვალენსია" ბრწყინვალედ უტევს და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება "ბარსას".

"რეალზე" სერიოზულ კრიზისშია "ატლეტიკო", რომელმაც "ყარაბაღს" ლიგაზე ზედიზედ ორ მატჩში ვერ მოუგო. დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგაში 20 ქულით მე-4 ადგილზე და გალისიას სტუმრობს. "დეპორტივოსთან" თამაში მადრიდელებისთვის ბოლო დროს მუდამ შფოთიანია, გახსოვთ ალბათ, არცთუ დიდი ხნის წინათ მადრიდში "ატლეტიკოს" ფანებმა "დეპორტივოს" ფანი მდინარეში ჩააგდეს. ამ ტრაგედიის შემდეგ კლუბებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

ლა ლიგა. XI ტური
პარასკევი, 3 ნოემბერი
ბეტისი-ხეტაფე 23:59

შაბათი, 4 ნოემბერი
ვალენსია-ლეგანესი 16:00
დეპორტივო-ატლეტიკო 19:15
ალავესი-ესპანიოლი 21:30
ბარსელონა-სევილია 23:45

კვირა, 5 ნოემბერი
ლევანტე-ჟირონა 15:00
სელტა-ბილბაო 19:15
სოსიედადი-ეიბარი 21:30
ვილიარეალი-მალაგა 21:30
რეალი-ლას პალმასი 23:45

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 6 - როდრიგო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული