ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში

AutoSharing Option
დღეს, 15 სექტემბერს, სლოვენიურ მარიბორში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, სადაც პირველი ორი დღე პირად პირველობას დაეთმობა, 17-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

დღეს იასპარეზებენ ბიჭები 55, 60, 66 და 73 კილოგრამებში, ხოლო გოგონები - 44, 48, 52 და 57-ში. ხვალ ტატამზე გავლენ ბიჭები 81, 90, 100 და +100 წონებში, ხოლო გოგონები - ასევე დარჩენილ ოთხ წონაში (63, 70, 78 და +78).

55 კგ.
ვანო ნინიაშვილს არ გაუმართლა, რადგან, მაქსიმუმ, მეორე წრეში მეტოქედ აზერბაიჯანელი რეიტინგის ლიდერი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნატიგ
გურბანლი ეყოლება. თუმცა ჩვენებური ჯერ იქამდე უნდა მივიდეს, საამისოდ კი სომეხი გასპარ ჰაირაპეტიანი უნდა დაამარცხოს. სომეხთან მოგება ნამდვილად არაა ფანტასტიკის სფერო, აი, გურბანლი კი ბევრად ძლიერია.

ევროპის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილის უმცროსი ძმა - ჯაბა პაპინაშვილი ჯგუფში იტალიელთა ევროპის მესამეპრიზიორ ანდრეა კარლინოსთანაა, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ წრეში კი უკრაინელი დილშოტ კალმატოვი უნდა დაამარცხოს, ხოლო მოგების შემთხვევაში პორტუგალიელ ფელიპე კრუზს დაეჭიდება.

60 კგ.
რობინზონ ბეგლარაშვილი პირველ შეხვედრას ესპანელ დავიდ ტორნე გარსიასთან ჩაატარებს, ამ წყვილის გამარჯვებულს კი მეტოქედ რუმინელი ალინ ალბუსა და ფრანგი ტომას მაკრეზის დუეტიდან უმჯობესი ეყოლება.

ჩვენებური არც ისე ხელსაყრელ წილისყრაშია და საბოლოო წარმატების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლების გადახდა მოუწევს. ამ ჯგუფის ფავორიტი ბრიტანელთა შარშანდელი ევროპის ფინალისტი ნაილ მაკდონალდია.

ვაჟები
66 კგ.
ამ წონაშიც ჩვენებურები ლიდერთა სიახლოვეს განლაგდნენ: შალვა გაზაშვილი იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან მოხვდა, ჭაბუკებში ევროპის მესამეპრიზიორი და მსოფლიოს ფინალისტი ბაგრატ ნინიაშვილი - ლატვიელ არტიომს გალაქტიონოვსთან. თუმცა მათთან მისასვლელად ჩვენებს თითო საფეხურის გავლა სჭირდებათ.

გაზაშვილი პირველ შეხვედრას გერმანელ მიხელ ადამთან ჩაატარებს. იტალიელი ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორია, თუმცა მაშინ 60-ში გამოდიოდა, 66-ში კი წლეულს აინაცვლა. გაზაშვილმა ეს ბარიერი თუ გაიარა, მერე ნახევარფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

ძმებ ნინიაშვილებიდან უფროსი - ბაგრატიც მეორე წრეში თუ შეხვდება გალაქტიონოვსს, იქამდე კი ჰოლანდიელი ტვან ვან დერ ვერფი ჰყავს დასამარცხებელი, რაც სულაც არ იქნება მარტივად გადასაჭრელი ამოცანა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენებურმა მას წლეულს პეტერბურგში ნახევარფინალში მოუგო.

73 კგ.
თბილისის გრან პრიზე გაბრწყინებული ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მასთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად კი ერთმანეთში ლეონარდო კასალია და გერმანელი კილიან ოჩსი იჭიდავებენ. არა გვგონია, ამათგან რომელიმე ჩვენებურის შემჩერებელი იყოს, ამ სამეულიდან მესამე წრეში გასულს კი მოლდოველ იონ ნაკუსა და ავსტრიელ კრისტოფერ ვაგნერს შორის გამარჯვებულთან მოუწევს გაპაექრება.

81 კგ.
ლუკა მაისურაძეც მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც მოლდოველ ვიქტორ სტერპუს გაეჯიბრება, მოგების შემთხვევაში კი მერვედფინალში მეტოქედ რუსთა ევროპის მესამეპრიზიორ ტურპალ ტეპკაევსა და უნგრელ როლანდ გოზს შორის გამარჯვებული ეყოლება.

მაისურაძემ წლეულს ტუპკაევთან პეტერბურგში ფინალი წააგო.

90 კგ.
ნიკა სიდამონიძე პირველ წრეში უკრაინელ ნიკიტა მატლაშევსკის გაეჯიბრება, ამათში მოგებულს კი მეტოქედ რუსი ინალ ტაიმაზოვი ელოდება, ვისთანაც ჩვენებური პეტერბურგში ასევე ფინალში დამარცხდა.

+100 კგ.
ბერლინის ტურნირის გამარჯვებული ამირან წიქორიძე ჯერ ბულგარელ ვესელინ ივანოვს გაეჯიბრება, ხოლო თუ მოუგებს, სლოვენიელ ენეი მარინიჩს დაეჭიდება.

გელა ზაალიშვილი მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში ბრიტანელ უესლი გრეენიდგესთან შეხვედრით და მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალშიც გადის, სადაც ერთ-ერთ სავარაუდო კონკურენტად ავსტრიელი სტეფან ჰეგი ჰყავს, ვინც უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატში ახლახან იაპონელი ტაკეში ოჯიტანი დაამარცხა.

ქალები
52 კგ.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოსმედალოსანი ნატალია ყიფშიძე თავდაპირველად ჰოლანდიელ ხულიე კემინკის ხვდება. ამათში მოგებულს ძლიერი ბულგარელი, ოღონდ უკვე ისრაელში გადასული ბეტინა ტემელკოვა ელოდება.

57 კგ.
გოგონებში მთავარი "დესანტი" ამ წონაში გვყავს, ჭაბუკებში ევროპის ორი ჩემპიონი: მზია ბებოშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

ლიპარტელიანი პირველ წრეში თურქ მელტემ დინდარის ხვდება. ბებოშვილიც პირველივე წრეში იჭიდავებს კოსოვოელ ფლაკა ლოხასთან.

63 კგ.
სალომე მჭედლიშვილიც პირველივე წრიდან ჩაებმება გათამაშებაში ხორვატ ლარა კლიბასთან შეხვედრით, მეორე წრეში კი ამათში უმჯობესს ფრანგ იასმინ ორლავილსა და შვედ იდა ერიქსონს შორის მოგებული დახვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული