NHL: პრიზები დარიგებულია

AutoSharing Option
გუშინ, ლას ვეგასში 2015-16 წლების სეზონი დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიით შეაჯამეს...

მთავარი პრიზი - "ჰარტ ტროფი" (სეზონის უძვირფასესი მოთამაშე) ერგო "ჩიკაგოს" ფორვარდს პატრიკ კეინს, რაც არავისთვის ყოფილა სიურპრიზი. ჩიკაგოელმა გასულ რეგულარულში 106 ქულა (46+60) მიითვალა. გამოკითხვაში მან 1395 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სიდნი კროსბის. "ჰარტ ტროფის" გამოკითხვის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. პატრიკ კეინი (ჩიკ) 1395
2. სიდნი კროსბი (პიტ) 800
3. ჯეიმი ბენი (დალ) 637
4. ბრეიდენ ჰოლტბი (ვაშ) 292
5. ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 267
6. ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 212
7. იარომირ
იაგრი (ფლო) 60
8. ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 53
9. ერიკ კარლსონი (ოტა) 44
10. ბენ ბიშოპი (ტ-ბეი) 42

პატრიკ კეინმა უფრო ადრე კიდევ ერთი პრიზი მოიგო - "ტედ ლინდსეი ტროფი", რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიკაგოელი საუკეთესოდ მოთამაშედ თავად ჰოკეისტებმაც აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ კეინი პირველი ამერიკელი ჰოკეისტის ისტორიაში, ვინც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

* * *
სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი ("ვეზინა ტროფი") მოიპოვა "ვაშინგტონის" კარის დარაჯმა ბრეიდენ ჰოლტბიმ. მან 140 ქულა მოიპოვა და დიდი უპირატესობით მოუგო ბენ ბიშოპს ("ტამპა ბეი") და ჯონათან კუიკს ("ლოს ანჯელესი"), რომლებსაც, შესაბამისად, 51 და 36 ქულა მიიღეს. ჰოლტბიმ რეგულარულ სეზონში 48 მატჩი მოიგო და მეტოქეთა დარტყმების 92.2 პროცენტი მოიგერია.

* * *
ორი პრიზი დაიმსახურა "ლოს ანჯელესის" სლოვენიელმა ფორვარდმა ანზე კოპიტარმა. მან ჯერ მიიღო "სელკე ტროფი", როგორც დაცვითი ყაიდის საუკეთესო თავდამსხმელმა. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ - პატრის ბერჟერონი ("ბოსტონი") და რაიან კესლერი ("ანაჰაიმი"). რეგულარულ ჩემპიონატში კოპიტარი 12 საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა, სარგებლიანობის კოეფიციენტი "+34" ჰქონდა, რვა გამარჯვების გოლი გაიტანა და ჩაგდებების 53 პროცენტი მოიგო.

გარდა ამისა, კოპიტარი გახდა "ლედი ბინგ ტროფის" მფლობელი. ეს პრიზი გადაცემა ჰოკეისტს, რომელიც სანიმუშოა პატიოსანი სპორტული ბრძოლისა და მოედანზე ჯენტლმენური საქციელის მიხედვით.

* * *
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა "ვაშინგტონის" დამრიგებელი ბარი ტროტცი, რომელმაც 344 ქულა დააგროვა. "ჯეკ ადამს ევორდისთვის" ბრძოლაში მისი კონკურენტები იყვნენ ჟერარ გალანი ("ფლორიდა") და ლინდი რაფი ("დალასი"), რომლებმაც, შესაბამისად, 203 და 75 ქულა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტროტცის ხელმძღვანელობით, "ვაშინგტონი" 2015-16 წლების რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

* * *
დიდი კონკურენცია იყო სეზონის საუკეთესო მცველის ნომინაციაში. "ნორის ტროფისთვის" ბრძოლა წააგო მცველებს შორის ყველაზე შედეგიანმა ერიკ კარლსონმა ("ოტავა"). მან გამოკითხვაში 1020 ქულა მიიღო. პრიზი კი "ლოს ანჯელესის" მცველმა დრიუ დაუტიმ (1254 ქულა) მოიპოვა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 51 ქულა (14+37) დააგროვა.

* * *
"კოლდერ ტროფი", რომელიც სეზონის საუკეთესო დებიუტანტს გადაეცემა, "ჩიკაგოს" რუსმა ფორვარდმა არტიომი პანარინმა დაიმსახურა. მან გამოკითხვაში 1258 ქულა მიიღო და უკან ჩამოიტოვა შეინ გოსტისბეჰერი ("ფილადელფია") და კონორ მაკდევიდი ("ედმონტონი"). 24 წლის პანარინმა რეგულარულ ჩემპიონატში 80 მატჩი ჩაატარა და 77 ქულა (30+47) დააგროვა.

* * *
გუშინდელ ცერემონიაზე სხვა პრიზები ასე გადანაწილდა:
ჯილდო საქველმოქმედო საქმიანობისთვის და ხასიათის გამოვლენისთვის ("კინგ კლენსი ტროფი") ჰენრიკ სედინმა ("ვანკუვერი") მიიღო.
ლიდერობისთვის პრიზი ("მარკ მესიე ლიდერშიპ ევორდი") ერგო "ნეშვილის" მცველს ში უებერს.

"ბილ მასტერტონ ტროფი" (ჰოკეისადმი ერთგულება და მაღალი ოსტატობა) გადაეცა "ფლორიდას" ლეგენდარულ ჩეხს იარომირ იაგრს.
საუკეთესო გენერალური მენეჯერი გახდა ჯიმ რუტერფორდი "პიტსბურგიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული