ჰოკეი. NHL. სეზონის წინ: მარათონი დაიწყო

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 99-ე რეგულარული სეზონი დაიწყო. NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი ახალ სეზონში რამდენიმე ფაქტორის მიმართ ყურადღების მიქცევას გვირჩევს.

ვინ იქნება საუკეთესო დებიუტანტი?
სიმბოლურია, რომ ზუსტად 10 წელი გავიდა თანამედროვე NHL-ის ისტორიული მომენტიდან. ლაპარაკია ლიგაში სიდნი კროსბისა და ალექსანდრ ოვეჩკინის დებიუტზე. ჰოკეის სამყარო დიდი ხანი ელოდა ახალ სუპერგმირებს და როგორც ჩანს, ეს დროც დადგა.

2015 წლის დრაფტის ორი პირველი ნომერი - კანადელი გულშემატკივრების ახალი კერპი კონორ მაკდევიდი ("ედმონტონი") და ამერიკელი ფორვარდი ჯეკ აიკელი ("ბაფალო") ბრძოლას გააგრძელებენ: ახლა, ჯილდო უფრო სერიოზულია - არა
დრაფტზე ვირტუალური არჩევანი, არამედ, სეზონის საუკეთესო ახალბედას პრიზი. 18 წლის ბიჭებისგან უკვე წელს ბევრს ელიან. და თუ რეგულარულში 60-70 ქულაზე ნაკლებს დააგროვებენ, ეს სუპერვარსკვლავის გრაფიკიდან ჩამორჩენად აღიქმება.

თუმცა, დებიუტანტების მხრივ, მხოლოდ მაკდევიდით და აიკელით არ იქნება ეს სეზონი საინტერესო. სხვა ახალბედებიც გამოიდებენ თავს. ნიჭიერი იუნიორები საკმარისზე მეტნი არიან - მცველი ნოა ჰენიფინი ("კაროლინა"), ფორვარდები - მაქს დომი ("არიზონა"), ნიკოლაი ელერსი ("ვანკუვერი"), სემ ბენეტი ("კალგარი"), დილან ლარკინი ("დეტროიტი") და სემ რაინჰარტი ("ბაფალო"). წარმატებული თამაშის შემთხვევაში, თითოეულ მათგანს შეეძლება დებიუტანტის პრიზისთვის ბრძოლა. მით უმეტეს, რომ ჰენიფინის გარდა, ყველანი მაკდევიდზე და აიკელზე ერთ-ორი წლით უფროსები არიან.

ოვერტაიმი 3x3
ბოლო წლებში, არც ერთი წესის ცვლილებას არ გამოუწვევია ასეთი ფართო რეზონანსი. ძირითად დროში არასრული შემადგენლობებით თამაშისას, ყოველთვის ვხედავთ მხიარულ და შემტევ ჰოკეის, თუმცა, ასეთი რამ, მცირე დროით ხდება. ახლა კი "სამი სამზე" თამაში მთელი ოვერტაიმის განმავლობაში შეეძლებათ.

ბუნებრივია, მწვრთნელები ოვერტაიმებისთვის სხვადასხვა ტაქტიკურ ეშმაკობებს ამზადებენ. რა თქმა უნდა, საინტერესოა, რა ცვლილებებს მოიტანს ეს სიახლე? რომელი კლუბები მიიღებენ უპირატესობას ამ წესისგან და რამდენად შემცირდება ბულიტების სერიების რაოდენობა? ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივრები კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რადგან ოვერტაიმში დაცვიდან არც ერთი გუნდი აღარ ითამაშებს.

ვინ გახდება ბომბარდირი?
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზისთვის კროსბი და ოვეჩკინი იბრძოდნენ. დღეს, ყველაზე დიდი ვარსკვლავებიც კი ვერ ახერხებენ სეზონში 100 ქულის დაგროვებას, სამაგიეროდ, ბრძოლაში ჩაება ბევრი ახალი პრეტენდენტი. გასული სეზონის დიდი ნაწილი ლიდერობდა "ფილადელფიას" ჩეხი ფორვარდი იაკუბ ვორაჩეკი, ხოლო შთამბეჭდავი საფინიშო სპურტის წყალობით, გამარჯვება "დალასის" ფორვარდმა ჯეიმი ბენმა მოიპოვა.

ვინ მოიგებს ამჯერად? მკაცრი გაცხრილვის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 15 კანდიდატის შერჩევა შეიძლება. ძმები სედინები, ბექსტრიომი, ოვეჩკინი, მალკინი, ვორაჩეკი, ჟირუ, სეგუინი, ბენი, კროსბი, ტავარესი, კეინი, იოჰანსენი, სტემკოსი... გამარჯვებული ნებისმიერი შეიძლება გახდეს.

ფავორიტები
პლეი ოფი 9 აპრილს იწყება და იქ, ტრადიციულად, 16 საუკეთესო გუნდი მოხვდება. აღმოსავლეთში ფავორიტია - "ტამპა ბეი". კარგი ახალგაზრდების წყალობით, ამ გუნდმა უკვე გასულ სეზონში მიაღწია სტენლის თასის ფინალამდე და სავსებით შეუძლია წარმატების გამეორება. "ტამპას" კონკურენციას გაუწევენ"რეინჯერსი", "მონრეალი", "აილენდერსი" და "ვაშინგტონი".

დასავლეთში, რომელიც, ტრადიციულად, აღმოსავლეთზე ძლიერია, გამორჩეულია "ანაჰაიმი". ეს გუნდი ძლიერი და გამარჯვებებს მოწყურებულია. "იხვებს", შესაძლოა, ხელი შეუშალონ "მინესოტამ", "ლოს ანჯელესმა", "სენტ ლუისმა" და, რა თქმა უნდა, მოქმედმა ჩემპიონმა "ჩიკაგომ". ამ გუნდმა რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაკარგა, მაგრამ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და შეუძლია ბოლო შვიდ წელიწადში მეოთხედ მოიგოს სტენლის თასი.

"ჩიკაგოსი" ბუკმეიკერებსაც სჯერათ და მის ჩემპიონობაზე 6.5 კოეფიციენტს გამოდიან. უფრო დაბალი შანსები აქვთ - "ტამპა ბეის", "ანაჰაიმს", "ლოს ანჯელესსა" და "რეინჯერსს" - 10.0. სტენლის თასის აღების ყველაზე ნაკლები შანსი მისცეს - "არიზონასა" (150.0) და "კაროლინას" (110.0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული