სამთო თხილამურები: დიდი ფინალი გველოდება

AutoSharing Option
სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასზე დასკვნითი ეტაპები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ დისციპლინაში არ არის ცნობილი სეზონის ლაურეატი.

გასულ უქმეებზე ქალები გერმანიის გარმიშ-პარტენკირხენში შეიკრიბნენ, სადაც პირველი სტარტი - სწრაფდაშვება იყო.

მისი გამარჯვებული გახდა ლიხტენშტაინის წარმომადგენელი ტინა ვაირატერი, რომელმაც 2013 წლის 22 დეკემბრის შემდეგ პირველად მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპი. ბავარიულ ტრასაზე გამარჯვება მეოთხე იყო მის კარიერში. სხვათა შორის ვაირატერმა წინა დღეს ოფიციალურ ვარჯიშზეც საუკეთესო დრო აჩვენა.

ლიხტენშტაინელმა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე არ აუშვა ავსტრიელი ანა ფენინგერი
და სლოვენიელი ტინა მაზე, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ამ მოთხილამურეებს დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული საერთო ჩათვლაში გამარჯვებისთვის. სეზონის პირველ ნახევარში მაზემ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ახლა უკეთეს ფორმაში ფენინგერი იმყოფება და გარმიშის სწრაფდაშვების შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციაში 24 ქულამდე შეამცირა სხვაობა სლოვენიელთან.

გარდა ამისა, ფენინგერს სწრაფდაშვებაში ბროლის მცირე გლობუსის მოგების შანსიც გაუჩნდა, რადგან ლინდსი ვონთან 35 ქულამდე შეამცირა სხვაობა. აქ ყველაფერი საფრანგეთის კურორტ მერიბელში გაირკვევა, სადაც მარტის შუა რიცხვებში სეზონის ფინალი გაიმართება.

* * *
ასევე ჩქაროსნულ დისციპლინებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მამაკაცები ნორვეგიის კვიტფიელში. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფ ჩეტილ იანსრუდს შანსი ჰქონდა მიახლოებოდა ლიდერ მარსელ ჰირშერს, რომელიც კვიტფიელში არ ჩასულა, მაგრამ ნორვეგიელმა სწრაფდაშვებაში მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა, რაც აშკარა ჩავარდნა იყო.

გამარჯვება კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ავსტრიელმა ჰანეს რაიხელტმა მოიპოვა, რომელმაც 2015 წელს ოთხი სწრაფდაშვებიდან მესამე მოიგო. ამით მან შეინარჩუნა ამ დისციპლინაში ბროლის მცირე გობუსის მოპოვების შანსი. ახლა, რაიხელტი მხოლოდ 20 ქულას აგებს იანსრუდთან.

კვიტფიელში მეორე ადგილი კანადელმა მანუელ ოსბორნ-პარადიმ მოიპოვა. მან გამარჯვებულ რაიხელტთან 3 მეათედი წამი წააგო. ოსბორნ-პარადისთვის ეს მეორე პოდიუმია მიმდინარე სეზონში. პოდიუმის მესამე საფეხურზე კი იტალიელი ვერნერ ჰილი გავიდა, რომელმაც გახსნა სწრაფდაშვების შეჯიბრება და მისი დროის გაუმჯობესება მხოლოდ ორმა მოთხილამურემ მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული