სამთო თხილამურები: ჩემპიონის მეექვსე მოგება

AutoSharing Option
შვეიცარიის ადელბოდენში მამაკაცებს შორის გიგანტური სლალომით გაგრძელდა მსოფლიოს თასის გათამაშება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიპოვა: დღეს მას მსოფლიოს ტურში თითქმის არ ჰყავს კონკურენტი ტექნიკურ დისციპლინებში.

უკვე პირველი ცდის შემდეგ ჰირშერი კომფორტულად ლიდერობდა - მსოფლიოს თასის მოქმედ მფლობელს ნახევარწამიანი უპირატესობა ჰქონდა გერმანელ ფელიქს ნოიროიტერზე. ავსტრიელს მეორე დაშვება კიდევ უფრო უკეთესი გამოუვიდა და ეტაპი სოლიდური სხვაობით მოიგო - წამი და 13 მეასედი.

ნოიროიტერმა ვერ შეინარჩუნა მეორე ადგილი, რადგან მეორე ცდაზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საერთოდ ვერ ავიდა პოდიუმზე. მეორე
ადგილი დაიკავა ფრანგმა ალექსის პინტურომ, რომელიც რისკზე წავიდა და ამან გაამართლა. მან 51 მეასედი წამით გაუსწრო ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსონს. ფინიშზე პინტურომ ყველას დაანახა ჩაფხუტი წარწერით: "მე ვარ შარლი", რითაც პატივი მიაგო პარიზში დაღუპულ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება კრისტოფერსონს, ის პირველი ცდის შემდეგ მეოთხე ადგილიდან მესამეზე გადავიდა. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ტალანტმა ისარგებლა ნოიროიტერის შეცდომებით და ტედ ლიგეტის წარუმატებელი გამოსვლით. ლიგეტი ამ დისციპლინის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, მაგრამ, ამჯერად, პირველ ცდაზე მეხუთე იყო, ორი დაშვების ჯამში - მეშვიდე.

ჰირშერმა სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და 15 ეტაპის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდთან 152-ქულიანი ჰანდიკაპით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველ მოთხილამურებზეც თუ დაწერთ კარგი იქნება
chka
22:25 12-01-2015
0

სიახლეები პოპულარული