სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლიგეტის მეორე ოქრო

AutoSharing Option
სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეექვსე კომპლექტი მამაკაცებმა სუპერკომბინაციაში გაითამაშეს. ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა პლანეტის პირველობას ამერიკელი ტედ ლიგეტი - მან შლადმინგში მეორე ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტიტული მან სუპერგიგანტში დაისაკუთრა და ეს უდიდეს სენსაციად მოინათლა, რადგან აქამდე ამერიკელს ამ დისციპლინაში არც ერთი სტარტი არ ჰქონდა მოგებული. პირველი დისციპლინის - სწრაფდაშვების შემდეგ მისი პირველობისა ნაკლებად სჯეროდა ვინმეს. ლიგეტი მეორე სახეობის - სპეციალური სლალომის წინ მეექვსე იყო და 0.72 წამს აგებდა ლიდერ რომედ ბაუმანთან. მისი შანსები მით უმეტეს მინიმალური იყო, რადგან
აქამდე არც სუპერკომბინაცია ჰქონდა მოგებული, უფრო მეტიც - ერთი პოდიუმიც არ ჰქონია.

მაგრამ ლიგეტიმ მეორე სენსაცია მოახდინა. მან არა მარტო გააბათილა დიდი ჩამორჩენა, არამედ წუთი და 17 მეასედი მოუგო ავსტრიელს. ბაუმანი საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ასევე ბევრით ჩამორჩა ლიგეტის ვერცხლისმედალოსანი ივიცა კოსტელიჩი - 1.15 წამი.

ამ სახეობაში მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი სწრაფდაშვების შემდეგ მეორე იყო, მაგრამ სლალომისას კარი ვერ გაიარა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

კიდევ ერთ ფავორიტს, ფრანგ ალექსის პინტუროს ფანტასტიკური გარღვევა ჰქონდა - მან სლალომში საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ ეს მხოლოდ 22-ედან მეექვსე ადგილზე გადასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი.

ახლა ლიგეტის აქვს შანსი, მოიგოს მესამე ოქრო. ის უდავო ფავორიტი იქნება პარასკევს გიგანტურ სლალომში. წელს მსოფლიოს თასზე ამ დისციპლინაში ხუთი სტარტი შედგა და ოთხი ამერიკელმა მოიგო.

სუპერკომბინაცია

კაცები
1. ტედ ლიგეტი (აშშ) - 2:56.96 (2:02.10+54.86); 2. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 2:58.11 (2:02.75+55.36); 3. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 2:58.13 (2:01.38+56.75); 4. ანდრეას რომარი (ფინეთი) - 2:58.30 (2:02.93+55.37); 5. სანდრო ვილეტა (შვეიცარია) - 2:58.38 (2:03.17+55.21); 6. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 2:58.41 (2:04.73+53.68)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: კანონზომიერება და სენსაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული