სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: კანონზომიერება და სენსაცია

AutoSharing Option
როგორც იცით, პირველ დისციპლინაში, სუპერგიგანტში სენსაცია მოხდა - ოქრო მოიგო ამერიკელმა ტედ ლიგეტიმ იმ დროს, როცა ყველა გამარჯვებას ნორვეგიელ აქსელ ლუნდ-სვინდალს უწინასწარმეტყველებდა.

ასე რომ, სკანდინავიელს სიტუაცია შაბათის სწრაფდაშვებაში უნდა გამოესწორებინა. მის მხარდასაჭერად შლადმინგში მამამისიც ჩავიდა, რომელიც იშვიათად ესწრება ხოლმე შვილის სტარტებს.

ავსტრიული ტრასა ტექნიკურად ძალიან რთულია და აქ პრაქტიკულად ყველა უშვებს შეცდომას. ხარვეზები სვინდალსაც ჰქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია აქსელისთვის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში. თან ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა - 46 მეასედი წამი მოუგო იტალიელ დომინიკ პარისს, რომელმაც ამ სეზონში
ორი სწრაფდაშვება მოიგო და ამ დისციპლინაში ლიდერობს მსოფლიოს თასის ჩათვლას.

სვინდალმა კარიერაში მეორედ მოიგო სწრაფდაშვებაში მსოფლიოს ჩემპიონატი. პირველად მან ეს 2007 წელს, შვედეთის კურორტ არეში შეძლო. სულ კი პლანეტის პირველობებსა და ოლიმპიადებზე ეს მისი მე-11 მედალი იყო. ამ მხრივ, რეკორდსმენია სვინდალის თანამემამულე ჩეტილ ანდრე აამოდტი, რომელსაც 20-მედლიანი კოლექცია აქვს.

ბრინჯაოს მედალი საკმაოდ მოულოდნელად მოიგო დავიდ პუასონმა. დე ტესერიეს შემდეგ, ის მეორე ფრანგი მედალისტი გახდა ამ ჩემპიონატზე, რასაც ჩქაროსნულ დისციპლინებში არავინ ელოდა.

რაც შეეხება სწრაფდაშვებაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კანადელ ერიკ გუეის, მან ტრასის შუაში სერიოზული შეცდომა დაუშვა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

* * *
სწრაფდაშვებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს ქალები და აქ ნამდვილი სენსაციის მოწმენი გავხდით. ოქროს მედალი მოიგო 30 წლის ფრანგმა მარიონ როლანმა, რომელსაც აქამდე არასოდეს გაუმარჯვია მსოფლიოს თასის ეტაპებზე და უფრო იმით იყო ცნობილი, რომ 2010 წლის ოლიმპიადაზე სწრაფდაშვებაში საშინელი კატასტროფა განიცადა.

როლანი გახდა პირველი ფრანგი ქალი მოთხილამურე 1966 წლის შემდეგ, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფდაშვების სტარტი მოიგო. 47 წლის წინ ეს გააკეთა მარიელ გუატშელმა. მაშინ კურიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი - ოქრო მოიპოვა ავსტრიელმა ერიკა შინეგერმა, მაგრამ მოგვიანებით მას ჩამოართვეს მედალი, რადგან გენდერულმა ტესტმა აჩვენა, რომ ის მამაკაცი იყო.

როლანს მსგავსი სკანდალი არ დასჭირვებია კარიერაში პირველი დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩემპიონს მხოლოდ იტალიელი ნადია ფანკინისგან შეხვდა წინააღმდეგობა და მას 16 მეასედი წამი მოუგო. გერმანელი მარია რიში მესამეზე გავიდა და ორი დღის წინ, სუპერკომბინაციაში მოპოვებულ ოქროს ბრინჯაოს მედალი დაუმატა.

ამჯერად, ხელი მოეცარა სლოვენიელ ტინა მაზეს. სეზონის ლიდერს მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთივე დისციპლინაში ჰქონდა დაგეგმილი მედლის მოპოვება, მაგრამ გუშინ ის 1.21-ის ჩამორჩა გამარჯვებულს და მეშვიდე ადგილზე გავიდა.

სწრაფდაშვება

კაცები
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) 2:01.32
2. დომინიკ პარისი (იტა) +0.46
3. დავიდ პუასონი (საფ) +0.97
4. კლაუს კრიოლი (ავსტრია) +1.35
5. ანდრეას რომარი (ფინ) +1.36
6. სილვენ ცურბრიგენი (შვეიც) +1.37

ქალები
1. მარიონ როლანო (საფ) 1:50.00
2. ნადია ფანკინი (იტალია) 1:50.16
3. მარია რიში (გერმანია) 1:50.70
4. ნადია კამერი (შვეიაცრია) 1:50.74
5. ჯულია მანკუზო (აშშ) 1:50.85
6. სტეისი კუკი (აშშ) 1:50.91

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარია რიშმა თავი შეგვახსენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული