სამთო თხილამურები: სენსაცია ამერიკელისგან

AutoSharing Option
სტარტის წინ თითქმის ყველა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა ნორვეგიელ აქსელ ლუნდ სვინდალს. ის სწორედ სუპერგიგანტის სპეციალისტია და წელს, მსოფლიოს თასზე ამ დისციპლინაში გამართული ოთხი ეტაპიდან სამი მოიგო და ერთხელ მეორე ადგილი დაიკავა. სკანდინავიელმა შეძლო პოდიუმზე ასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიადებზე მეცხრე მედალი მოიპოვა, მაგრამ სვინდალს ეს შედეგი ნამდვილად არ გაახარებდა. მესამე ადგილი, რომელიც მან შლადმინგში მოიპოვა, ყველაზე უარესი შედეგია წელს მისთვის სუპერგიგანტში.

სვინდალისთვის ყველაზე დასანანი ის არის, რომ მას გაუსწრეს იმ მოთხილამურეებმა, რომლებსაც ფავორიტებს არ მიაკუთვნებდნენ. ნორვეგიელზე 0.02 წამით უფრო სწრაფი
იყო 31 წლის ფრანგი გოტიე დე ტესიერი. მას თავის ხანგრძლივ კარიერაში მსოფლიოს თასის მხოლოდ ერთი პოდიუმი აქვს მოპოვებული, შემთხვევით მოხვდა სასტარტო სიაში - ორი დღით ადრე ტრავმა მიიღო მისმა თანაგუნდელმა იოჰან კლერეიმ და სწორედ ის შეცვალა დე ტესიერმა. შეცვალა და მერე როგორ... ფრანგს მეოთხე სასტარტო ნომერი ჰქონდა და ისეთი ძლიერი ორიენტირი დააფიქსირა, რომელიც მხოლოდ ერთმა მოთხილამურემ გააუმჯობესა.

ეს მოთხილამურე აღმოჩნდა ამერიკელი ტედ ლიგეტი. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალია, მოგებული აქვს ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ მაინც, მისი ტრიუმფი დიდ სენსაციად მოინათლა. საქმე ისაა, რომ ლიგეტი გიგანტური და სპეციალური სლალომის სპეციალისტია და კარიერაში არასოდეს მოუგია გიგანტური სლალომის სტარტი.

და აი, 6 თებერვალს ამერიკელმა ტექნიკურად იდეალურად გაიარა ტრასა და პირველად მოიგო სუპერგიგანტის სტარტი, თანაც პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ლიგეტიმ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო - 2011 წელს, გარმიშში მან გიგანტურ სლალომში იმარჯვა და მომავალ კვირას ამ ტიტულის დაცვას ეცდება. მას აგრეთვე ერთი ოლიმპიური ოქრო აქვს - ჯერ კიდევ 2006 წელს ტურინში მოიგო სუპერკომბინაცია.

7 თებერვალს შლადმინგში დასვენებაა, 8 თებერვალს კი გაიმართება კომბინაცია ქალებს შორის, სადაც ისევ ფავორიტად სლოვენიელი ტინა მაზეა მიჩნეული.

სუპერგიგანტი

კაცები
1. ტედ ლიგეტი (აშშ) 1:23.96
2. გოტიე დე ტესიერი (საფ) +0.20
3. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) +0.22
4. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) +0.55
5. მატიას მაიერი (ავსტრია) +0.95
6. ალექსის პინტურო (საფ) +1.03

ვონმა სეზონი დაამთავრა
სამთო თხილამურებში აშშ-ის ნაკრების წარმომადგენლებმა დააზუსტეს მსოფლიოს თასის ოთხგზის ჩემპიონის, ამერიკელი ლინდსი ვონის ტრავმის ხასიათი. შეგახსენებთ, რომ ვონი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი სტარტის დროს ტრასაზე დაეცა. მას 12 წუთის განმავლობაში ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, რის შემდეგაც ვერტმფრენით ზალცბურგის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

“ვონმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სხვა რამდენიმე დაზიანებაც მიიღო”, - ამბობს აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ასე რომ, ვონს მრავალთვიანი მკურნალობა ელოდება და ის ამ სეზონში ვეღარ შეძლებს ტრასაზე გასვლას. ის კი არა, ამერიკულ პრესაში სერიოზული დისკუსიაა გამართული იმასთან დაკავშირებით, მოახერხებს თუ არა ლინდსი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის ოპტიმალური ფორმის აღდგენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვონი კლინიკაში, მაზე მწვერვალზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული