საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპს ბაკურიანი უმასპინძლებს

AutoSharing Option
სამთო თხილამურობაში 2013 წლის საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა და თასის გათამაშებამ სტარტი შარშან, წლის მიწურულს აიღო. როგორც გაუწყეთ, პირველ ეტაპს გუდაურმა უმასპინძლა.

გიგანტურ სლალომში ლიდერობენ: 13-14-წლიანებში - კატო გოცირიძე (გუდაური) და გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი); 15-16-წლიანებში - ნუცა ხურცილავა (გუდაური) და გიორგი კურტანიძე; 1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი: სუსანა გავა (ბაკურიანი) და ალეკო ბენიაიძე (გუდაური).

კალენდრით, მეორე-მესამე ეტაპებიც 12-13 და 26-27 იანვარს გუდაურში უნდა გამართულიყო, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზით ასპარეზობათა განრიგი შეიცვალა და უახლოეს თასის ეტაპს 30-31 იანვარს ბაკურიანში დიდველის ტრასა
უმასპინძლებს.

* * *

უიღბლო დღე
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, 19 წლის ჯაბა გელაშვილმა, რომელიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის იბრძვის, 22 იანვარს სლოვენიურ ტურნირზე სლალომში იასპარეზა.

ამავე ტურნირში გამოდიოდა ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი სანდრო ოგბაიძე (იგი წლეულს 17-22 თებერვალს რუმინელ ბრაშოვოში ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე დაიცავს საქართველოს სპორტულ ღირსებას).

სლოვენიაში გელაშვილმა და ოგბაიძემ პირველი დისტანცია ვერ ჩაამთავრეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

დავძენთ, რომ ზემოაღნიშნულ ფესტივალზე, სანდროს გარდა, გამოვლენ სამთო მოთხილამურეები - ნიკოლოზ კოზანაშვილი, სოსო ჯაფარიძე და შოთა ნათაძე; ასევე, გიორგი წამალაიძე და ბექა მერკვილიშვილი - სნოუბორდში, ხოლო არმენ აგაიანი - ფიგურულ ციგურაობაში.

* * *
თოვლის დღეს მიეძღვნა
გუდაურში თოვლის საერთაშორისო დღე საქართველოს სათხილამურო სპორტის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მეორედ აღინიშნა. ღონისძიება თოვლის, მთისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მიეძღვნა.

ზეიმი განსაკუთრებით მოზარდების ესტაფეტამ გაახალისა - სპორტსკოლების წარმომადგენლები სწრაფდაშვებაში ორ გუნდად შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ასპარეზობის მონაწილეებს ამ დღის აღსანიშნავად სპეციალური მაისურები გადაეცათ საჩუქრად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული