ქართველმა "თავისუფლებმა" კუნაევის ხსოვნის ტურნირში 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს ყაზახურ ტარაზში ჩატარებული დინმუხამედ კუნაევის ხსოვნის ტურნირში, სადაც 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს.

ჩემპიონები დავით ტლაშაძე (70) და გიორგი საკანდელიძე (125) გახდნენ, მეორე ადგილს კი კონსტანტინე ხაბალაშვილი (65) და დავით მოძმანაშვილი დასჯერდნენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავი ტლაშაძის გამარჯვებაა, რადგან ფინალში ლამის წაგებული შეხვედრა შემოაბრუნა რუს ხალილ ამინოვთან - გორელი ფალავანი 0:8 აგებდა და თითქოს მეტოქეს წმინდა მოგებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, მაგრამ ქართველმა ჯერ 4-ქულიანზე დააგდო რუსი, მერე კი ბეჭებზეც დააწვინა. ამ სპორტული გმირობისთვის ჯილდოდ 5 000 დოლარი მიიღო.

თუმცა ტარაზში ჩვენთვის ყველაზე წარმატებული მძიმე წონითი კატეგორია გამოდგა, სადაც ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, თუმცა ის არ შედგა - მოძმანაშვილმა ხელის ტრავმის გამო უბრძოლველად დაუთმო გამარჯვება საკანდელიძეს.

კიდევ ერთი ვერცხლი ხაბალაშვილმა მოიპოვა, რომელიც ფინალამდე წარმატებით მივიდა, იქ კი რუს ისმაილ კასუმოვთან დამარცხდა.

ტარაზში ჩვენი ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არ გამოდიოდა, რადგან ლიდერები - 6 კაცი ბაქოში ჭიდაობდა "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ფალავნები საქართველოს ჩემპიონატისთვის გააგრძელებენ მზადებას, რომელიც 9-12 იანვარს თბილისში ჩატარდება."თავისუფლებისთვის" ეს შეჯიბრება ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი იქნება ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად, რადგან მათ ოთხი საგზური მოპოვებული აქვთ და მხოლოდ ორ წონაში დარჩათ ეს საზრუნავი, "ბერძენ-რომაელებისთვის" კი მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა საგაისო ნაკრების დასაკომპლექტებლად. შეგახსენებთ, რომ მათ ჯერ არც ერთი საგზური არ აქვთ მოპოვებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული