თავისუფალი ჭიდაობა. სომხეთის ტურნირი: მედალთცვენა ვანაძორში

AutoSharing Option
სომხურ ვანაძორში ამ უქმეებზე ჩატარდა სტეფან სარგსიანის სახელობის XXII საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები. მათ ანგარიშზე 9 მედალია: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74) გახდა, ვერცხლს კონსტანტინე ხაბალაშვილი (70) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) დასჯერდნენ, მესამე ადგილზე კი შალვა ხუციშვილი (61), ომარ გურჯიძე, ლევან ქელეხსაშვილი (ორივე - 70), გიორგი ლობჟანიძე (74), დავით ხუციშვილი და ნიკა კენჭაძე (ორივე - 86) გავიდნენ.

ამათგან დამამშვიდებლის ფინალში ქელეხსაშვილმა ალექსანდრე ჯაჭვაძეს, ხოლო ნიკა კენჭაძემ ზაურ ბერაძეს
მოუგო.

ჩვენმა ნაკრებმა პირველ დღეს მხოლოდ ორი მედალი ირგუნა და ორივე - ერთ წონაში, თუმცა სწორედ ამ დღეზე მოდის ოქრო. კენჭაძემ თავიდან რუსი და სომეხი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი ქულების აშკარა უპირატესობით, 12:2 დაჯაბნა სომეხი ვარუჯან ქაჯოიანი. ამ დღის ყველაზე წარმატებულ წონაში ბრინჯაო ლობჟანიძემ მოიპოვა, თუმცა ქართველები ერთმანეთს არ შეხვედრიან.

მეორე დღეს ჩემპიონობის მოპოვება კიდევ ორ ქართველს შეეძლო, მაგრამ ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ხაბალაშვილი ფინალში რუს ზაურ სიდაკოვთან დამარცხდა, მეშვილდიშვილმა კი თანამემამულესთან, ოღონდ სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძესთან დათმო გადამწყვეტი პაექრობა. ხაბალაშვილმა ნახევარფინალში თანაგუნდელი ალექსანდრე ჯაჭვაძე დაამარცხა საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში.

ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა 86 კილოგრამიც, სადაც ფინალში ვერ გავედით, მაგრამ ორი მედალი მაინც დავისაკუთრეთ. აქ მედალზე უფრო მეტად აღსანიშნავია შიდა კონკურენციის გაძლიერება ამ ისედაც ძლიერ წონაში: დავით ხუციშვილს, დავით მარსაგიშვილს, სანდრო ამინაშვილსა და ირაკლი მწითურს ახლა უმცროსი კენჭაძეც ემატება, რაც შედეგებზეც აუცილებლად აისახება.

ჩვენი ნაკრები სომხეთში სათადარიგო შემადგენლობით, ლიდერების გარეშე გამოდიოდა. სასიამოვნოა ისიც, რომ უფროსებთან ერთად თავი ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს (იგივე ნიკა კენჭაძე, გურჯიძე, მეშვილდიშვილი და სხვები). ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის მიზანიც ეს იყო, როცა ახალი თაობა ტურნირზე მიჰყავდა - მათთვის თავის გამოჩენის შანსი მიეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული