სუმოისტთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

AutoSharing Option
პოლონურ კროტოსცუნში დამთავრდა სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 17 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის - საქართველოს 10 წარმომადგენელი.

ჩვენმა სუმოისტებმა შესანიშნავად იასპარეზეს - 18-21-23-წლამდელებსა და უფროსებში 19 მედალი დაიმსახურეს: 2 ოქროსი, 8 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოსი.

საგულისხმოა, რომ კონტინენტის პირველობის პარალელურად, ევროპის სუმოს ფედერაციის კონგრესი გაიმართა, სადაც ქართველ სუმოისტთა თავკაცი თენგიზ რუხაძე 5 წლით ევროპის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტად აირჩიეს.

კონგრესზევე გადაწყდა, რომ
სუმოისტთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაისად პოლონურ ვროცლავში მსოფლიო თამაშები გაიმართება. შეჯიბრების პროგრამაში სუმოისტთა პაექრობებიც შედის. ჩვენებმა კროტოსცუნში 5-დან 3 წონით კატეგორიაში (ავთანდილ ცერცვაძე, გიორგი მეშვილდიშვილი, გიორგი კვირჭიშვილი) ამ თამაშების ლიცენზიები დაიმსახურეს.

ახლა კი უშუალოდ ორთაბრძოლების შესახებ: უფროსებში 4 მონაწილე გვყავდა. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ავთანდილ ცერცვაძემ ზედიზედ სამ მეტოქეს სძლია, გადამწყვეტი პაექრობა კი რუს ვასილი მარგიევთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამავე წონაში გიორგი კვირჭიშვილმა ნახევარფინალი უკრაინელ ივან ვერესიუკთან წააგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში პოლონელ მარეკ ლუტოს აჯობა.

115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე მესამე ადგილებზე გავიდნენ შამილ გოგოჭური და გიორგი მეშვილდიშვილი. ორივე ქართველმა სუმოისტმა ტურნირზე თითო პაექრობა წააგო, სამაგიეროდ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენებმა, შესაბამისად, რომა სიდოროვი (რუსეთი) და მარტინ ბორისოვი (ბულგარეთი) დაჯაბნეს.

გუნდურ პირველობაში საქართველოს ნაკრებმა სარბიელზე ტრავმირებული ცერცვაძისა და მეშვილდიშვილის ნაცვლად ახალგაზრდები - ლაშა ჯელაძე, შამილ გოგოჭური და ზურაბ აქუბარდია გაიყვანა. ამის მიუხედავად, მათ გიორგი კვირჭიშვილთან ერთად ოთხი შეხვედრა მოიგეს, მათ შორის, ბოლო - ფინეთთან და ბრინჯაოს მედალს დაჰყაბულდნენ.

21-წლამდელთა შეხვედრებში ხუთი ქართველი მონაწილეობდა. ქომაგებმა +115 კილოში ქართული ფინალი იხილეს: სამ-სამი მეტოქის ძლევის შემდეგ გადამწყვეტ პაექრობაში ლაშა ჯელაძემ გიორგი ფარადაშვილს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლი ფარადაშვილს ერგო. ჯელაძე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანვე ამ ჩემპიონატზე კიდევ ერთი მედალი მოიპოვა - 23-წლამდელებში (აბსოლუტურში) მესამე ადგილი დაიკავა.

21-წლამდელებში მესამე ადგილებზე გავიდნენ შამილ გოგოჭური (-115), ნიკოლოზ სისვაძე (-115) და გიგა გელაშვილი (აბსოლუტური). გუნდურში (ლაშა ჯელაძე, გიორგი ფარადაშვილი, გიგა გელაშვილი, შამილ გოგოჭური) ქართველებმა მხოლოდ გადამწყვეტი შეხვედრა წააგეს რუსებთან და ვერცხლის მედალი ხვდათ.

23-წლამდელებში ქართველთაგან, ძირითადად, ახალგაზრდებმა იასპარეზეს. +115 კილოში აქაც ქართული ფინალი გაიმართა: გიგა გელაშვილმა ზურაბ აქუბარდიას აჯობა და, შესაბამისად, ოქრო-ვერცხლით დაჯილდოვდნენ. მესამე ადგილებზე გავიდნენ შამილ გოგოჭური (-115) და გიორგი ფარადაშვილი (აბსოლუტური). გუნდურში ჯელაძემ, აქუბარდიამ, გოგოჭურმა და გელაშვილმა აქაც ბოლო ორთაბრძოლა რუსებთან წააგეს.

18-წლამდელებში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავდა - ბადრი ხატისკაცი, რომელიც აბსოლუტურში მესამე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორად დაგითვლიათ მედლები - 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 11 ბრინჯაოა.
ამირანი
06:32 28-04-2016
0

სიახლეები პოპულარული