მირიან ცალქალამანიძის ნამოსახლარზე გაზრდილი ჩემპიონი

AutoSharing Option
ჭიდაობა-სამბოს ისტორიას არ ახსოვს, რაც წლეულს მოხდა მსოფლიოს 37-ე ჩემპიონატზე - 75 ქვეყნის სპორტსმენები ასპარეზობდნენ სანკტ-პეტერბურგში. ეს იყო სარეკორდო შემადგენლობა, რაც სამბოს დაარსების 75 წლის საიუბილეო თარიღმაც განაპირობა.

სპორტულ სამბოში 75-დან მხოლოდ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა შეძლეს ოქროს მედლების მოპოვება. მათ შორის ორი ჩემპიონი საქართველოდანაა.

ვახტანგი დაბადებულია 1991 წლის 18 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში.

- 15 წელიწადია, რაც სამბოში ვარ. 11 წელიწადი თელავში ვვარჯიშობდი, შემდეგ პერიოდულად თელავსა და თბილისში. 8 წლის ვიყავი, მამაჩემმა თელავში მწვრთნელ გივი ფოთოლაშვილთან რომ მიმიყვანა სავარჯიშოდ.

- მამაც ხომ არ ჭიდაობდა?
- არათუ მამაჩემი, ჩემს გვარშიც არავინ ყოფილა მოჭიდავე. ისე, ჩიდრაშვილები კონდოლში ბლომად სახლობენ. გვარში მსახიობი გვყავს...

- კონდოლელებს გყავდათ დიდი ფალავანი, მეთექვსმეტე ოლიმპიური თამაშების (1956 წ.) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში მირიან ცალქალამანიძე...
- დიახ, მირიანს ვინ არ იცნობდა. მე სწორედ მირიან ცალქალამანიძის ნამოსახლარზე ვცხოვრობ კონდოლში. პაპაჩემს, ვახტანგ ჩიდრაშვილს, რამდენიმე ათეული წლის წინათ უყიდია მირიანისგან პატარა სახლი და ეზო. დღეს იმ სახლის ადგილზე მარანი გვიდგას.

- გამოდის, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ნამოსახლარზე ისევ ჩემპიონი აღიზარდა, ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში...
- ასე გამოდის. 37-ე მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბევრს ლაპარაკობდნენ სამბოს ოლიმპიურ პროგრამაში შეტანაზე. ვინ იცის, მე თუ არა, მომავალში შეიძლება ოლიმპიური ჩემპიონებიც გახდნენ ჩვენი სამბისტები...

- შენ კონდოლიდან პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ხარ...
- როგორც მითხრეს, საერთოდ თელავიდანაც.

- ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოსთან რა კავშირი გაქვს?
- ბავშვობაში ქართული ჭიდაობის გარეშე, აბა, როგორ იქნებოდა?! საჭიდაოდ დავდიოდი გრემში, შილდაში, ყვარელში, ახალსოფელში... ძიუდოშიც გამოვდიოდი, მაგრამ ფეხში ჩავლება რომ ამოიღეს, მერე შევეშვი. მე დაბლა ვჭიდაობ და იმიტომ. ძირითადად, კარგად გამომდის წისქვილა, ჩოქელა კისრული, მაჯებიდან აკიდება...

- სწავლა-განათლების საქმე როგორა გაქვს?
- კონდოლის სკოლაში მეცხრე კლასამდე კარგად ვსწავლობდი. მერე მივხვდი, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფულს მე ვერ გადავიხდიდი. ამიტომ სპორტს უფრო მეტი ყურადღება მივაქციე და და ასე ვთქვათ, პროფესიონალურ სპორტზე გადავედი. სწავლა გვერდზე დამრჩა.

- შეყვარებული?
- მყავს. თანასოფლელია. მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი, 10 წუთის მერე დავრეკე მასთან და ჩვენებთან. არ მიჯერებდნენ, რომ ჩემპიონი გავხდი.

- ვითომ რატომ არ გიჯერებდნენ?
- იმიტომ, რომ 2011 წელს, ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობებზე პრაღასა და რიგაში, ფინალები წავაგე; წლეულს, გაზაფხულზე, დიდების ევროპაზე იტალიაში და ანატოლი ხარლამპიევის საერთაშორისო ტურნირზეც (მსოფლიოს თასის ეტაპზე) მეორე ვიყავი. მოკლედ, სულ ვერცხლის მედლები... და ამიტომაც აღარ სჯეროდათ, ოქროს თუ მოვიპოვებდი.

- როგორ გადალახე "ფინალის სინდრომი"?
- წლეულს დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ვიჭიდავე. მოსაგებად ვიყავი განწყობილი.

ვარჯიში არ ჩამიგდია, არც კი დამისვენია. კარგად ვიყავი მომზადებული, რაც უფროსი მწვრთნელის, ჯონდო მუზაშვილის დამსახურებაა.

სამართლიანი და ყველასთან მიმდგომი კაცია. ბევრი ისეთი სიახლე შეგვასწავლა, მანამდე არც ვიცოდით. ერთფეროვან დატვირთვას არ გვაძლევდა. თავისი საქმე იცის ძალიან კარგად. ისე გეტყვის და დავალებას ისე მოგცემს, რომ არ გააკეთო, წარმოუდგენელია.

- კონდოლელებს თუ აძლევ მაგალითს?
- ძალიან ლამაზი ნაკრძალი გვაქვს. აი, იმ ნაკრძალში დავრბივარ ხშირად. საუცხოო ჰაერი და ბუნებაა. იქ ვარჯიშს არაფერი მიჯობს. მაგალითიც ალბათ ესაა.

- თანასოფლელებმა როგორ აღნიშნეს შენი გაჩემპიონება?
- რომ არ მოველოდი, იმდენი ხალხი დამხვდა თბილისის აეროპორტში: ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, სკოლის ამხანაგები, მასწავლებლები... გახარებულები იყვნენ.

- წინ 2014 წელია. რას ფიქრობ?

- გაისად მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიაში გაიმართება. მეტი მომზადებაა საჭირო, ჩემს წონაში ძლიერი კონკურენტები მეყოლება. მათ შორისაა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ყაზახი ბაიბატიროვი; შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი, აზერბაიჯანელი გასიმოვი, ბელორუსი ანისკევიჩი და სხვები, მაგრამ მომზადებას არ დავიკლებ და ყველაფერს გავაკეთებ, 2013-ის შედეგი გაისადაც გავიმეორო...

ესაუბრა გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ წარმატებებს გისურვებ დზან მიყვარხარ
iako
14:51 05-06-2015
0
გილოცავ! ღმერთმა სულ გამარჯვებები მოგცეს. აი ესაა ქართული სული....
alkapone
14:44 06-12-2013
0

სიახლეები პოპულარული