"შავი", "ტაისონა", "ზებედა"? საქართველოს ჩემპიონატს ძიუდოში სამეული დააკლდებაო

AutoSharing Option
26-27 ნოემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ვაჟთა შორის, რომელსაც რამდენიმე ტიტულოვანი და საინტერესო ფალავანი გამოაკლდება. მაგალითად, გადაწყვეტილია, რომ არ იჭიდავებს ახალგაზრდებში ევროპის 4-გზის (23-წლიანთა ჩათვლით) და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი, ვისაც ისევ თავის მშობლიურ 90 კილოგრამში უნდა ეჭიდავა.

მიზეზი მხრის ტრავმაა და გადაწყვიტეს, ვიდრე სრულად არ მოირჩენს, არსად არ იჭიდაოს. ეს ტრავმაც სწორედ ასე ფორსირებულმა კარიერამ გამოიწვია - ის არაა ახალი, არამედ ძველი გართულებების მონარჩენია, რომელიც კი არ იკლებდა, პირიქით, იზრდებოდა და ერთმანეთს ემატებოდა, რადგან ბოლომდე არ
იყო მორჩენილი. ბოლო პერიოდში ექიმებს იმისიც კი ეშინოდათ, "ტაისონა" (ღვინიაშვილის მეტსახელია) საოპერაციო არ ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევაში მომავალი სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდებოდა - 5-6 თვე (თუ მეტიც არა) მარტო მოშუშებას და ხელის სრულად დატვირთვას მოუნდებოდა, მერე კი საბოლოო ადაპტაციამდე რამდენი წყალი ჩაივლიდა, ღმერთმა თუ უწყოდა მხოლოდ.

ორშაბათს ბექას მხარი გადაუღეს, ჩაუტარეს სრული გამოკვლევა და, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ოპერაციას გადაურჩა, თუმცა ამბულატორიული მკურნალობის კურსს გააგრძელებს და პარალელურად, შესაძლებლობის ფარგლებში, მსუბუქად ივარჯიშებს კიდეც, ოღონდ მხარს ძალას არ დაატანს.

ესეც ახლებური მიდგომა იქნება ძიუდოისტთა ნაკრებში - ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სპორტსმენი ინდივიდუალურად ივარჯიშებს იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც ორგანიზმი და ტრავმა მისცემს, ფორმიდან ბოლომდე რომ არ ამოვარდეს. მაგალითად, თუ აწუხებს ფეხი, ხელით გასაკეთებელ ვარჯიშებს შეასრულებს და პირიქით, ანუ რაღაც ფორმით მაინც იქნება ჩართული საწვრთნელ პროცესში, რომ ორგანიზმი ტონუსში იყოს და არ მოდუნდეს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ღვინიაშვილს, რომლის ტატამზე დაბრუნების ზუსტი თარიღი, ბუნებრივია, ჯერ არავინ არ იცის - ეს დამოკიდებულია გამოჯანმრთელების პროცესზე, რამდენად სწორად და უმტკივნეულოდ წარიმართება სარეაბილიტაციო პროცესი. გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ ფალავანი გამოტოვებს საქართველოს ჩემპიონატს, რადგან იმ დროისთვის ვერანაირად ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. ეგ კი არა, ექიმები ჯერ ზუსტად ვერც იმას ამბობენ, იჭიდავებს თუ არა პარიზში გაისად, 11-12 თებერვალს გასამართავ "დიდ მუზარადზე", თუმცა დიდი შანსია, მანამდე გამოჯანმრთელდეს და ექიმებმა დართონ ასპარეზობის ნება.

აქ კიდევ ერთი საჩოთირო საკითხია საკლუბო ტურნირი, სადაც ღვინიაშვილს უწევს ჭიდაობა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ამას და არის თუ არა დღეს საამისოდ მზად.

ასევე გადაწყვეტილია, რომ ქვეყნის ჩემპიონატში არც ზებედა რეხვიაშვილი (81) გამოვა - ცოტა ხნის წინ მან მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

შესაძლოა, ქვეყნის პირველობა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც (73) გამოტოვოს, ოღონდ ეს საკითხი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გადაწყვეტილი და ბეჭედდასმული. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ტრავმა და ჯანმრთელობის პრობლემები არაფერ შუაშია - ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მფლობელი სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ ამ ეტაპზე არაა ფორმაში და თუ დაასვენებენ, მხოლოდ ამ მიზეზით.

ბუნებრივია, მწვრთნელები ითვალისწინებენ ოლიმპიადის ფაქტორს - ორგანიზმმა პიკი გადაიარა და ახლა ისევ თავიდან უნდა დაიწყოს აღმასვლა. შეღავათის გაკეთებაზეც მხოლოდ ამიტომ ფიქრობენ, თორემ ეს რომ უდისციპლინობით, რეჟიმის დარღვევით იყოს გამოწვეული, არც მას მოუთმენდნენ. ღვინიაშვილის მსგავსად, შავდათუაშვილსაც ინდივიდუალური გრაფიკი დაუსახეს სავარჯიშოდ.

ზოგადად, ნაკრებში შენარჩუნდება და კიდევ უფრო დაიხვეწება ინდივიდუალური მიდგომა, პირადი სავარჯიშო გეგმა. ამგვარი სისტემა წინა წლებშიც მუშაობდა, თუმცა ახლა მის კიდევ უფრო დახვეწაზე ფიქრობენ. მაგალითად, "ყველგან ჭიდაობის" მიდგომა წარსულს ბარდება, ყველა სპორტსმენზე შედგება ინდივიდუალური გეგმა და შეჯიბრებებშიც იმის მიხედვით გამოვლენ. ანუ, თუ არ იქნება მზად იმ მომენტში, შეჯიბრებაზე არ წაიყვანენ. გეგმაში ასევე დაისახება, რომელ ტურნირს რა დონეზე უნდა შეხვდნენ და ფორმის პიკში შესვლაზე გათვლაც ასე გაკეთდება.

შავდათუაშვილის ახლანდელი მაგალითიც ასეა - ყველაზე უკეთ მან იცის საკუთარი ორგანიზმის ამბავი და ყველაზე უკეთაც მართავს მას, რაც დაამტკიცა კიდეც ოლიმპიადამდეც და საკუთრივ ბრაზილიაშიც.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ნაკრების მწვრთნელთა პოზიციას - მათი სურვილია, საქართველოს ჩემპიონატში ყველა წამყვანმა სპორტსმენმა იჭიდაოს და ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად აქციონ. ამიტომ უსაბაბოდ არავის გათავისუფლებას არ აპირებენ, ხოლო ვინმეს თუ მართლა აწუხებს ტრავმა, ჭიდაობას არ დააძალებენ, რისი მაგალითიც ღვინიაშვილი და რეხვიაშვილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შავდათუაშვილის შემთხვევაში არ ვეთანხმები მიდგომას, რომ ფორმაში არაა და დავასვენოთო. თუ სპორტსმენს ტრავმა არ აქვს ან ოჯახური პირობები (ტრაგედია) არ უშლის ხელს, მან აუცილებლად უნდა იჭიდაოს საქართველოს ჩემპიონატი. თუ ფორმაში არაა ეგ მისი პრობლემაა და წააგებს შესაბამისად ტურნირს. არაფერი არაა ამაში პრობლემური.

პ.ს. ლაშას არაფერს ვერჩი, ის ჩემთვის საქართველოს ძიუდოს ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტსმენია. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპორტსმენი.
otia-83
13:54 25-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული