საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯონდო მუზაშვილი
საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები ემზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 10-14 ნოემბერს სოფიაში გაიმართება.

ჩვენი ვაჟთა გუნდი დღეისათვის ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში" გადის პირველ შეკრებას, რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყო და 23-ში დასრულდება. ამის შემდეგ სპორტსმენები რამდენიმე დღით ოჯახებს დაუბრუნდებიან, 28-ში კი მეორე და დასკვნით შეკრებას დაიწყებენ, ოღონდ სად, ეს ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული. ალტერნატივა ორია - გორი ან თბილისი, თუმცა რადგან გორის დარბაზში გარკვეული ტიპის სარემონტო სამუშაოებია, ამ შეკრების მასპინძლობის უფრო დიდი შანსი თბილისს აქვს.

ჯერჯერობით ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ
ჯონდო მუზაშვილს
ბულგარეთში წასაყვანი შემადგენლობა არ დაუსახელებია, თუმცა გასარკვევიც ბევრი არაფერი დარჩა - ორიოდე წონა. ოღონდ მწვრთნელი ჯერ არც ამ ვაკანტურ წონებს ასახელებს, რათა კონკურენცია დანარჩენებშიც ბოლომდე შეინარჩუნოს. სავარაუდოდ, ის ამ შეკრების ბოლომდე გამოაცხადებს გუნდის შემადგენლობას. სოფიაში მონაწილენი გოგოების ტურნირშიც გვეყოლებიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან ჩვენმა სამბისტებმა წარმატებით იჭიდავეს მაროკოულ კასაბლანკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თანაც - ორი ერთად, რაც ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57) და დავით ლორიაშვილმა (100) შეძლეს.

ჩვენი ვაჟების აქტივში კიდევ სამი ბრინჯაოს მედალი იყო, რომელსაც ლევან ნახუცრიშვილი (68), ბესარიონ ბერულავა (74) და ბექა ბერძნიშვილი (+100) დაეუფლნენ.

ბიჭებს დიდად არც გოგოები ჩამორჩნენ, რომლებმაც 4 მედალი მოიპოვეს - 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნინო ოძელაშვილი (68) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ, მესამეზე კი შორენა შარაძე (60) და ირინე ლეონიძე (80) გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩიდრაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო ოძელაშვილმა ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ფინალი. სამაგიეროდ, წლეულს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საჭიდაო სახეობებში ამ ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი ქალი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული