"ხუთი ოლიმპიადაც რომ მოვიგო, ამ წაგების სიმწარეს ვერაფერი შემიმსუბუქებს"

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) რიოს ოლიმპიადის შემდეგ გაზეთ "კვირის პალიტრას" ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენსთან მარცზე და ბრინჯოას მედლისთვის შეხვედრაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ერთხელ გითხარი - ცივსისხლიანობით, მგონი, ირაკლი ცირეკიძესაც აჯობე-მეთქი... მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. რიოში პირველივე ორთაბრძოლისას გეტყობოდა, რომ ჩვეულად ვერ ჭიდაობდი...
- ჩემი ბრალია, ასეთი დაძაბული არ უნდა ვყოფილიყავი, პასუხისმგებლობაზე ამდენი არ უნდა მეფიქრა... სხვა დროს უფრო თავისუფლად ვჭიდაობ ხოლმე. რაც შეეხება ნახევარფინალს, დღემდე ვერ ვხვდები, სტივენსთან შეხვედრაში რატომ წამოვიწყე საბედისწერო ილეთი.
მუხლი მაწუხებდა და ის შესვლა სამი თვე აღარ გამიკეთებია. შეკრების დროსაც კი არ მიცდია და არ ვიცი, იქ რა დამემართა. სპორტსმენი ინსტინქტურად გრძნობს, როდის დგას მეტოქე ხელსაყრელ მდგომარეობაში და როდის დაიწყოს ილეთი. ვიგრძენი, რომ თუ შევუტევდი, დაეცემოდა, მაგრამ... ახლა ვფიქრობ, შესაძლოა, ამერიკელი შეგნებულად დგებოდა ისე, ილეთზე რომ შევსულიყავი.

- ლონდონშიც ხომ ტრევის სტივენსთან დამარცხდი - მხოლოდ ოლიმპიადებზე გიგებს?! თუმცა, მას შემდეგ ყველა ორთაბრძოლა მოუგე და ალბათ, რიოში სათანადოდ არ დააფასე...
- მოშვებული ნამდვილად არ გავსულვარ სტივენსთან საჭიდაოდ. არც გდებების და ილეთების გაკეთება მიცდია - შედეგზე ვჭიდაობდი! იმ ეპიზოდშიც, ინსტინქტურად წამოვიწყე ილეთი. მაშინაც ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ არ უნდა გამეკეთებინა და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გავაკეთე...

მტკივნეულზე რომ დამიჭირა, ინსტინქტურად დავარტყი ხელი ტატამს, ის ეპიზოდი საერთოდ აღარ მახსოვს.

- მუხლის ტრავმა ოლიმპიადაზეც გაწუხებდა?
- ისე არა, რომ მარცხი ამას დავაბრალო. ვიმეორებ - ნერვიულობის, ტაქტიკური შეცდომის გამო წავაგე!

ყველა შეხვედრაში შემეძლო, უფრო აქტიურად და ლამაზად მეჭიდავა, მაგრამ მთავარი შედეგი იყო. იმდენს ვაკეთებდი, რამდენიც მჭირდებოდა. სტივენსი თითქმის ყველა შეხვედრაში გდებით მყავს დამარცხებული. ეს არც რიოში იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოსაგებად გაფრთხილებაც იკმარებდა და... ტრევისი არ არის იმ დონის ძიუდოისტი, ოლიმპიურ ვერცხლს იმსახურებდეს და მასთან წაგება ორმაგად დასანანია, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება.

- თემურ ხუბულური ფიქრობს, ავთო ორი წლის წინ უფრო ძლიერი იყო, ახლა კი, როცა ყველაზე მეტად უნდა მოემატებინა, სწორედ მაშინ გაჩერდაო... ასეა?
- მომზადება ნამდვილად არ მაკლდა, მაგრამ შეტევისას შეცდომის შესაძლებლობაც მატულობს. ამიტომ, ეფექტიან ჭიდაობაზე აღარ მიფიქრია. რა მნიშვნელობა აქვს, გდებით მოიგებ თუ გაფრთხილებით?! ისე კი, ბოლო დროს ტრავმების გამოც ბევრი გამიცდა. ექვსი წელია, არ დამისვენია, სულ ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვარ, გიტარის სიმივით დაჭიმული... ალბათ, ორგანიზმიც ვეღარ უძლებდა და ამის გამოა, სულ რაღაც რომ მაწუხებს. ერთი თვე მაინც, ალბათ, არ განვაახლებ ვარჯიშს - კარგად უნდა დავისვენო, ტრავმები ბოლომდე მოვიშუშო და მერე... ფსიქოლოგიურადაც გადავიღალე: როგორც უნდა გიყვარდეს შენი საქმე, ყოველდღე ხუთ საათს რომ ვარჯიშობ, გბეზრდება კიდეც, ჟინიც გინელდება. არადა, უნდა გენატრებოდეს, სიხარულით მიდიოდე სავარჯიშოდ. შესაძლოა, წინათ უფრო აგრესიული სტილი მქონდა, თორემ ბოლო პერიოდში ორჯერ მეტს ვვარჯიშობდი, ვიდრე ორი წლის წინ.

- ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტატამზე გაშმაგებული კი შევარდი, მაგრამ... გეტყობოდა, რომ შენთვის ოლიმპიადა უკვე დამთავრებული იყო.
- თუ დამიჯერებთ, იმ ორთაბრძოლიდან არაფერი მახსოვს... რიოში საჩემპიონოდ ვიყავი ჩასული და ბრინჯაოს მედალზე კონცენტრირება ვეღარ მოვახერხე. პირად მწვრთნელთან ერთად დამუშავებული მქონდა ნაგასეს წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა, მაგრამ არ ვიცი, რას ვაკეთებდი ტატამზე. არც ჩანაწერი მინახავს... მხოლოდ ამერიკელთან წაგება მახსოვს, მეტი არაფერი.

- ტატამზე შენი ემოცია ყველამ ვნახეთ. მერე როგორ იყავი?
- ლიპოს ვერცხლმა ოდნავ გამომიკეთა გუნება. ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ვცდილობდი, მისთვისაც არ გამეფუჭებინა ხასიათი. წაგების შემდეგ სამი ღამე არ მიძინია, ოთახში არ შევდიოდი - არ გავაღვიძო-მეთქი. თურმე, არც ვარლამს ეძინა და გამთენიის სამ საათზე მწვრთნელებს მისწერა - სად არის, ყურადღება მიაქციეთო... რომ შევედი, ნახევარი საათი ვაწყნარებდი - ასე ნუ განიცდი, ვერცხლი ხომ მოიგე, მე საერთოდ უმედლოდ დავრჩი-მეთქი. ოქროს მოგება ყველაზე მეტად იმიტომ მინდოდა, რომ დამეყვირა: "ჩირიკ (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.), ეს შენთვის!.."

- იქნებ ეს მარცხი კარგიც იყო - სხვა­ნაირად შეხედავ ყველაფერს, ტოკიოს ოლიმპიადისთვის ორმაგად მოინდომებ...
- დაცემა ყველას შეუძლია, მთავარია, როგორ ადგები და გააგრძელებ გზას! ხუთი ოლიმპიადაც რომ მოვიგო, ამ წაგების სიმწარეს ვერაფერი შემიმსუბუქებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ორმაგი მონდომებით მოვემზადები. დანარჩენი კი უფლის ნებაა... ვიცი, რომ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ვარჯიში და წვალება მელის და ამისთვის მზად ვარ!

ინტერვიუს სრული ვერსია
ავტორი: რატი შელეგია
მკითხველის კომენტარები / 10 /
წელს არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატი
თინათინს
12:45 12-09-2016
0
უნდა იყო ის, რაც ხარ...
ავთო იყო ნამდვილი ქართული ძიუდოს წარმომადგენელი.. ულამაზეს ბრუნებს და გადავლებებს აკეთებდა, არც ქართული ჭიდაობის სხვა ილეთებზე ამბობდა უარს და ამიტომაც იყო ასეთი გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი სტილის მოჭიდავე..
ამას თავი დაანება და ჯაჯგურზე გადავიდა. უზნაძე მარტო იმიტომაა ნაკრებიდან გასაგდები, რომ ავთოს ჭიდაობა დაავიწყა და ჩაუნერგა მცდარი აზრი, რომ გაფრთხილებებით ბოლომდე გაიტანს ლელოს... ეგრე შეიძლება რომელიმე გრანპრი მოიგო, მაგრამ ოლიმპიადა? შანსი არაა! მეტოქეების შეუფასებლობაც არ ვარგა. მნიშვნელობა არ აქვს, შენზე ძლიერად თვლი, თუ სუსტად, ტიტულები აქვს, თუ არ აქვს. მეტოქე გყავს? უნდა მოუგო!
franio
12:37 12-09-2016
0

სიახლეები პოპულარული