ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

AutoSharing Option
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ზღვა სიხარული მოგვიტანა, თუმცა იგი სიამაყის საფუძველს ძალიან ხშირად გვაძლევს და წარმატებებითაც გვანებივრებს. გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 25 წლისაა და უკვე ევროპის 2-გზის, აგრეთვე, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია.

რიოში ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის სპორტსმენი და სუპერკლასის მოჭიდავეა. მან 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო, წლეულს რიოში კი,  ზუსტად 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, მისმა ოლიმპიურმა მედალმა "ფერი იცვალა" და დამსახურებულ ოქროდ გადაიქცა.

ლადოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრების შემდეგ სიამოვნებით გაუზიარებია გულშემატკივრებისთვის მოსაზრებები თავისი
ასპარეზობის შესახებ.

ახლა, ძირითადად, სწორედ რიოს ოლიმპიური თამაშების თაობაზე ვისაუბრეთ.

- 25 წლის ასაკში ფლობთ ყველა იმ ტიტულს, რომელიც მოჭიდავეს შეუძლია, რომ კარიერის მანძილზე დაიმსახუროს...
- რასაკვირველია, ეს დიდი პლუსია როგორც სპორტული კარიერისთვის, ისე ჩემი ცხოვრებისთვის. ახლა გაცილებით მშვიდად ვიქნები. ნაკლები იქნება ფსიქოლოგიური დატვირთვა, რადგან ყველა ტიტული მოპოვებული მაქვს და ამიერიდან მეორედ უნდა შევუდგე მათთვის ბრძოლას.

- ეს ფაქტორი როგორ იმოქმედებს სამომავლოდ მოტივაციაზე?
- მაგალითად, ევროპის ჩემპიონობა მეორედ უფრო გამიადვილდა, ვიდრე პირველად. უკვე მიღწეული სიმშვიდის საფუძველს მაძლევს და მეორედ მისთვის დამატებითი წნეხის გარეშე ვიბრძვი.

- გარდა მედლების ხარისხისა, რით იყო რიოში განსხვავებული თქვენი გამოსვლა ლონდონთან შედარებით?
- უწინარესად, გამოცდილებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი იმდენი გავიარე, რაც ლონდონამდე მქონდა გავლილი. მართალია, ლონდონშიც უკვე ვითვლებოდი ფავორიტებს შორის, მაგრამ რიოში ამ თვალსაზრისითაც ბევრად წინ ვიყავი. თანაც, ახლა უფრო დახვეწილი მქონდა ჭიდაობის სტილი. სპორტსმენი ყოველი შეჯიბრების შემდეგ იზრდება. მეც გავიზარდე ყველა ასპექტში, თუმცა პროგრესი ჯერ არ დამიმთავრებია.

- ოლიმპიადაზე შემთხვევით არ ხვდებიან და ეს პირველივე შეხვედრაში სანაევთანაც გამოჩნდა...
- როდესაც ჩემპიონობაზე ფიქრობ, ცხადია, არ უნდა წააგო და ყველა პაექრობაზე ისეთი განწყობით უნდა გახვიდე, როგორც ფინალზე. თანაც სანაევი (ყაზახეთი) ხომ ძალიან ძლიერი მოჭიდავეა. იგი მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავამარცხე, მაგრამ მეტად დაძაბულ ბრძოლაში 7:6. მასთან ამჯერადაც სათანადოდ განწყობილი გავედი და, მართალია, ისევ მინიმალური ანგარიშით, 4:3 ვაჯობე, მაგრამ შეხვედრის დინამიკას საიმედოდ ვაკონტროლებდი.

- რასაკვირველია, მშრალი სტატისტიკის უკან ბევრი დეტალია, მაგრამ ამ ოლიმპიადაზე ამ ანგარიშით სამჯერ იმარჯვეთ, ოღონდ ჩანდა, რომ თავდაჯერებას არც ანგარიშში ჩამორჩენისას კარგავდით...
- სწორად შეგინიშნავთ, ყველა შეხვედრას მართლაც ვაკონტროლებდი და, შესაძლოა, მაინცდამაინც ნახევარ წუთში რა უნდა მომხდარიყო, გათვლილი არ მექნებოდა, მაგრამ სადავეები ხელიდან არცერთხელ გამქცევია, თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანელ ალიევთან პაექრობას.

- ალიევთან ამ შეჯიბრებაზე ერთადერთხელ ანერვიულდით კიდეც და ცოტა არ იყოს, მსაჯებიც "აჭრილები" იყვნენ...
- ცოტა ხანს მართლაც დავიბენი, ოღონდ მსაჯების არა, ალიევის დამსახურებით, რადგან ის საკმაოდ მაღალი კლასის სპორტსმენია. ერთხანს წამართვა ინიციატივა, მერე კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

- ყველაზე მოულოდნელი ნახევარფინალში ბულგარელ დუბოვთან 0:4 ჩამორჩენა იყო. რის ხარჯზე შეძლო მან ოთხი ქულის ართმევა?
- მასთან ადრე არ მიჭიდავია, მაგრამ ერთობლივ სპარინგებში მიგვიღია მონაწილეობა და ვიცნობ. ის ფიზიკურად ძლიერი მოჭიდავეა. თავიდან ავლენს არაადამიანურ ძალას, თუმცა მერე იღლება. ამიტომ მიზნად მქონდა დასახული, რომ საწყის ორ წუთში ქულა არ დამეკარგა. ოღონდ იმდენად მძლავრად მიტევდა, ვერ გავაჩერე და ოთხი ქულაც დავკარგე. აი, შემდეგ კი შევუტიე, თან ვამჩნევდი, როგორ ეწურებოდა ფიზიკური რესურსი და ინიციატივის თანდათან ხელში აღებასთან ერთად ქულათა საკუთარი მარაგი რვამდე ავიყვანე.

- იაპონელი რეი ჰიგუჩი აქამდე არ გვენახა. არადა, საოცარი ტექნიკური მონაცემების და სისწრაფის პატრონი აღმოჩნდა...
- ის ჩემთვისაც უცნობი გახლდათ. არადა, ფინალამდე ორი მსოფლიოს ჩემპიონი გამოთიშა შეჯიბრებას. უფრო რაჰიმს ველოდი ფინალში და რომ მითხრეს, რაჰიმმა წააგოო, მეგონა, ხუმრობდნენ, არ ვიჯერებდი. სიმართლე გითხრათ, ამ ერთი პაექრობით ჰიგუჩის სუსტი წერტილი ვერც მოვუნახე. თუმცა, გამოცდილების ხარჯზე ვაჯობე და როდესაც ანგარიშში დაწინაურებული კიდევ ერთხელ შემოვიდა ფეხში, კონტრილეთზე დავიჭირე, რა დროსაც ორი ქულა ავართვი. შემდეგ გააფრთხილეს და ეს შანსიც გამოვიყენე. ბოლო ორ წუთში კი მივხვდი, მისი შეტევებისგან თავი როგორ დამეცვა, მაგრამ სუსტი წერტილი, როგორც აღვნიშნე, მაინც ვერ ვუპოვე.

- რიოში უკვე ის ემოციაც შეიგრძენით, რაც ოლიმპიურ ჩემპიონობას და იქ საკუთარი ქვეყნის დროშის აღმართვას მოაქვს...
- მართლაც შეუდარებელია, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნის დროშას ყველაზე მაღლა სწევენ და ჰიმნზე მთელი დარბაზი ფეხზე დგება.

- შეჯიბრების შემდეგ, კულისებს მიღმა თუ ესაუბრე კონკურენტებს?
- ბევრ ჩემს მეტოქესთან, ხალიჩის მიღმა კარგი ურთიერთობა მაქვს. მე და ალიევს, მაგალითად, ბავშვობიდან გვიწევდა სხვადასხვა შეჯიბრებაზე ერთად გამოსვლა და ვმეგობრობთ კიდეც. ახლაც, დაჯილდოების შემდეგ შევხვდით და ვისაუბრეთ. მასაც ესმის, რასაკვირველია, რომ ეს სპორტია და ყველა პირველ ადგილზე ვერ გავა. ჰიგუჩისთანაც მივედი და შევაქე. სხვათა შორის, შევატყე, რომ უკმაყოფილო არ ჩანდა შედეგით.

- უწინდელი თაობების სპორტსმენებისაგან განსხვავებით, დღეს ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გეძლევათ საშუალება, რომ უშუალო ურთიერთობა გქონდეთ ათასობით გულშემატკივართან, მიიღონ პირადად მათგან მილოცვები და ესაუბროთ...
- სასიამოვნოა მათგან გამოხატული სითბო და ყურადღება. სასიამოვნო იყო თბილისის აეროპორტში და გორში მოწყობილი დახვედრაც. ლონდონის შემდეგაც გულთბილად მიგვიღეს გორში, მაგრამ ახლანდელმა ყურადღებამ მოლოდინს გადააჭარბა.

- საზოგადოდ, საქართველოს ოლიმპიური გუნდის რიოში გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
- შედეგი ძალიან კარგი იყო, მაგრამ რეალურად მეტი რესურსი გვქონდა. ვფიქრობ, რომ ერთი მედალი ძიუდოისტებსაც უნდა აეღოთ, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ელიზბარ ოდიკაძეს მედლის მოპოვება ნამდვილად მართებდა. გენო პეტრიაშვილი კი ფინალში უნდა გასულიყო და გამორიცხული არაა, იქ ტაჰა აკგული კიდევ ერთხელ დაემწუხრებინა, რადგან ტაჰას ფორმის პიკი, ვფიქრობ, რომ წელიწადნახევრის წინ ჰქონდა, გენო კი ახლა სულ უფრო უმატებს. მან უბრალოდ ირანელთან შეხვედრაში მოვლენებს გაასწრო. ირანელ გასემისთან ადრე ადვილად ჰქონდა მოგებული და რიოშიც თავიდანვე 3:0 დაწინაურებული ცოტა მოდუნდა.

- დიდებული კადრი იყო, როდესაც თქვენ საქართველოს დროშით ხელში პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელს მიულოცეთ...
- ცხადია, იმის გამოც კმაყოფილი ვიყავი, რომ იგი გავახარე. აღზრდილებს შორის მას ახლა ოლიმპიური ჩემპიონიც ჰყავს.

- და ეს ნაკრების მწვრთნელის, რეზო მინდორაშვილის წარმატებაც იყო...
- მას ახლა უკვე ყველა ის ტიტული აქვს მწვრთნელის ამპლუაში, რაც ჰქონდა სპორტსმენობისას!

- თქვენი წარმატებებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე, ხელისუფლება შეჰპირდა გორელებს სპორტის სასახლის აშენებას. ახლა კი იმაზეცაა საუბარი, რომ გორში სპორტის მუზეუმიც გაკეთდება...
- გორი დიდი სპორტული წარმატებების ქალაქია და სპორტის სასახლის აგებას ადრეც იმსახურებდა, თუმცა მთავარია, რომ გაკეთდება და თან მალე. მუზეუმიც, ვფიქრობ, კარგად წაადგება ქალაქს. კმაყოფილი იქნება გულშემატკივარიც და ქალაქში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

- ახლა, რიოს შემდეგ ალბათ ისევ დაუბრუნდებით 61 კგ წონით კატეგორიას...
- დიახ, ევროპის ჩემპიონატიც ხომ 61 კგ-ში მოვიგე და წონა ოლიმპიადისთვის დავიკელი. ახლა დავუბრუნდები ისევ 61 კგ-ს და ვიბრძოლებ ყველა იმ დიდი ტიტულის ხელახლა მოსაპოვებლად, რაც აქამდე მომიპოვებია. სექტემბრის ბოლოდან კი ვარჯიშსაც შევუდგები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოკლედ რომ ვთქვათ არსებობს :"გორის ფენომენი". რამდენ სახელმწიფოს არ ჰყავს იმდენი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, რანდენიც ამ პატარა ქალაქს. სტუმარი გვყავდა პორტუგალიიდან და მთხოვა გორში წამეყვანა სტალინის სახლმუზეუმის დასათვალიერებლად. რიოს ოლიმპიადა ახალ დამთავრებული იყო. სიტყვამ მოაყოლა და ვუთხარი, რომ ჩენი ოლიმპიური ჩემპიონი აქაურია მეთქი. თანაც წავიტრავახე რომ მსოფლიოს, ევროპის და ოლომპიური ჩემპიონები ამ ქალაქისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მეთქი. კინაღამ გაგიჟდა, აღმოჩნდა რომ გორელებს პორტუგალიაზე მეტი ჩემოპიონები ჰყავს.....
ოთარ ქარჩავა
10:28 31-08-2016
0
ნიკა,პირველ ადგილზე იქნება უცილობლად,მაგაში ვერავინ შეგედრებათ გორელებს,გაუმარჯოს გორს და გორელებს,კიდევ ერთხელ გილოცავთ!
nana
09:22 31-08-2016
0

სიახლეები პოპულარული