ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა

AutoSharing Option
ბოლო, ფორმალური ეტაპის წინ, ველომრბოლელებს შაბათს ბოლო სერიოზული გამოცდა ელოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ მე-20 ეტაპის სიგრძე მხოლოდ 125 კილომეტრი იყო, სპორტსმენებს კარგად ესმოდათ, რომ წინ იყო ამ ტურზე ერთ-ერთი ყველაზე რთული სამთო რბოლა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ფინიში მთა სემნოზზე, რომელიც პირველად იყო შეტანილი ტურის მარშრუტში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი გამოვიდა.

საერთო ჩათვლის ლიდერს კრისტოფერ ფრუმს შეეძლო ოდნავ მოდუნება, რადგან წარმოუდგენელი იყო ერთ ეტაპზე კონკურენტებთან ხუთწუთიანი უპირატესობის განიავება. თან მეტოქეებს მისთვის არ ეცალათ, რადგან კინტანა, კონტადორი, კროიციგერი და როდრიგესი
პოდიუმის მეორე და მესამე საფეხურისთვის იბრძოდნენ.

როგორც ვთქვით, ყველაზე საინტერესო მოვლენები ბოლო აღმართზე განვითარდა. ამ დროისთვის ყველა გაქცევა მოგერიებული იყო ფავორიტების მხრიდან და ჩამოყალიბდა გუნდების კაპიტანთა ჯგუფი, რომელსაც უნდა გამოევლინა ეტაპის გამარჯვებული და ტურ დე ფრანსის საბოლოო პოდიუმი.

ფავორიტთა ჯგუფში ძალიან მალე გაირკვა ძალთა თანაფარდობა. აღმოჩნდა, რომ ალბერტო კონტადორი კვლავ არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში. ფრუმისა და როდრიგესის შეტევებმა ის გამოიწვია, ესპანელი დამხმარეს გარეშე დარჩა და ლიდერთა სამეულს (ფრუმი, როდრიგესი, კინტანა) თითქმის წუთით ჩამორჩა. მალე მას თანაგუნდელი რომან კროიციგერი დაეწია და სცადა, კონტადორისთვის საბოლოო პოდიუმი გადაერჩინა, მაგრამ წინ აქტიურად მუშაობდა როდრიგესი, რომელმაც ალბერტოს საპრიზო სამეულში მოხვედრის ყველანაირი შანსი მოუსპო.

ასე რომ, "კატიუშას" კაპიტანი გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გავიდა.

ფინიშამდე კილომეტრით ადრე კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო კრისტოფერ ფრუმმა, მაგრამ მის უკნიდან კონტრშეტევაზე გადავიდა ნაირო კინტანა, რომელმაც ამ ეტაპზე სერიოზული კოლექცია შეაგროვა - მოიგო შაბათის რბოლა, დაიკავა მეორე ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში, დაისაკუთრა საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლელის თეთრი მაისურა და "მთის მეფის" მაისურა.

ასე რომ, 23 წლის კინტანას ტურ დე ფრანსზე ფანტასტიკური დებიუტი გამოუვიდა. ის გახდა პირველი კოლუმბიელი, ვინც ფრანგულ ველომარათონზე მეორე ადგილი დაიკავა. 1988 წელს მესამე იყო მისი თანამემამულე ფაბიო პარა. გარდა ამისა, კინტანა პირველი კოლუმბიელია 2007 წლის შემდეგ, ვინც ტურ დე ფრანსის ეტაპი მოიგო. 2007 წლის 17 ივლისს, ტურის ეტაპზე გაიმარჯვა მაურისიო სოლერმა. 23 წლის ასაკში კინტანამ მოიგო "მთის მეფის" სტატუსი. ბოლოს, ასეთ ადრეულ ასაკში 1955 წელს მოიგო ეს ტიტული ლუქსემბურგელმა შარლი გოლმა.

თავის მხრივ, ფრუმმა მშვიდად გაუშვა წინ კინტანა და როდრიგესი და მესამე მივიდა ფინიშზე, მაგრამ ბრიტანელისთვის უკვე სულერთი იყო. გასული წლის შემდეგ, როცა კრისტოფერი იძულებული იყო, ბრედლი უიგინსზე ემუშავა, წარმოშობით კენიელმა კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ტურ დე ფრანსზე.

21 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი წლევანდელ ტურზე 12-ჯერ შეამოწმეს დოპინგზე, სულ კი კრისტოფერმა მიმდინარე სეზონში ეს პროცედურა 50-ჯერ გაიარა და ყოველთვის "სუფთა" აღმოჩნდა.

რაც შეეხება 21 ივლისის ეტაპს, რომელიც ტრადიციულად, პარიზში დასრულდა, ყველაზე საინტერესო ფინიშზე სპრინტერული გარჩევა იყო, რის შემდეგაც ფრუმისა და კინტანას გარდა, წლევანდელი ტურის კიდევ ერთ გმირად მოინათლა გერმანელი სპრინტერი მარსელ კიტელი. მან მეოთხე ეტაპის მოგება შეძლო და პირად დაპირისპირებაში 4:2 დაამარცხა ბრიტანელი მარკ კევენდიში.

XX ეტაპი
1. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - 3:39.04; 2. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +0.18; 3. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - +0.29; 4. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +1.42; 5. რიჩი პორტი (ავსტრა, Team Sky) - +2.17; 6. ენდრიუ ტალანსკი (აშშ, Garmin-Sharp) - +2.27...

XXI ეტაპი
1. მარსელ კიტელი (გერ, Team Argos-Shimano) - 3:06.14; 2. ანდრე გრაიპელი (გერ, Lotto Belisol) - იგივე დრო; 3. მარკ კევენდიში (ბრიტ, Omega Pharma-Quick Step) - იგივე დრო; 4. პეტერ საგანი (სლოვაკ, Cannondale) - იგივე დრო; 5. რობერტო ფერარი (იტა, Lampre-Merida) - იგივე დრო; 6. ალექსანდრ კრისტოფი (ნორ, Team Katusha) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 80:49.33; 2. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +5.03; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +5.47; 4. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +7.10; 5. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +8.10; 6. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +12.25...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: არის პირველი ფრანგული გამარჯვება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული