გასროლის ხმა კასეტაზე მაქვს ჩაწერილი... ნინო სალუქვაძის მერვე ოლიმპიადა

AutoSharing Option
უბერებელმა ქართველმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ მორიგ რეკორდს გაარტყა - მერვედ მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია... ამ თამაშებში მონაწილეობის მხრივ, ის საქართველოში კარგა ხნის წინ გახდა რეკორდსმენი, ეს მიღწევა კი მსოფლიოს მასშტაბისაა - პისტოლეტიდან სროლაში ამდენი ლიცენზია მხოლოდ სერბ იასნა სეკარიჩს მოუპოვებია.

თუმცა სალუქვაძე კიდევ ბევრ რამეშია რეკორდსმენი შინ თუ გარეთ. თვით მსოფლიოს რეკორდი 19-ჯერ (!) გააუმჯობესა, ხოლო მისი რამდენიმე მიღწევა ისტორიაში შევიდა.

ის სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია.

სალუქვაძე საქართველოში ყოველთვის პირველი იღებდა ხოლმე საგზურს და ტრადიცია არც ამ
ოლიმპიურ ციკლში დაირღვა. მან ახალი მიღწევა წინა კვირას მოიპოვა სლოვენიურ მარიბორში, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მისი შვილი - ცოტნე მაჭავარიანიც საკმაოდ კარგად გამოვიდა ახალგაზრდებში.

ნინომ უკრაინელ ოლენა კოსტევიჩთან წააგო ბრინჯაოსთვის შეხვედრა და უმედლოდ დარჩა, თუმცა სეზონის მთავარი ამოცანა შეასრულა და ლიცენზია დაისაკუთრა.

არადა, რაც დრო გადის, ეს ამბავი სულ უფრო ძნელდება - თუ ადრე ისინი ლიცენზიებისთვის ბრძოლას სამწელიწად-ნახევრით ადრე იწყებდნენ, ამჯერად საამისოდ მხოლოდ 8 ტურნირია გამოყოფილი და მათგან 6 წლეულს ჩატარდა - შარშან მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცა, გაისად კი მარტო ევროპის პირველობა რჩება.

სალუქვაძე უჩვეულოდ გახარებულია ამ ახალი წარმატებით - ადრე საგზურის მოპოვება ასეთ სიხარულს არ ჰგვრიდა. მიზეზიც აქვს, რადგან ამჯერად ლიცენზიის მოპოვება შედარებით გაუჭიანურდა.

ინტერვიუც მილოცვითა და ამ გაჭიანურების მიზეზებზე საუბრით დავიწყეთ.

- უპირველესად, გილოცავთ ლიცენზიის მოპოვებას, რომელიც ცოტა კი გაჭიანურდა...
- გაჭიანურდებოდა, აბა, რა იქნებოდა, რადგან გადაკეთებულ შუქნიშანზე ვვარჯიშობ და ღია სასროლეთი საერთოდ არ მაქვს. ამ ტურნირამდე 10 დღე სომხეთში ვიყავი შეკრებაზე, სადაც 8 ვარჯიში ჩავატარე ღია სასროლეთზე და ეს შედეგიც ამან მოიტანა.

დახურულ ტირში რაც უნდა ივარჯიშო, გარეთ შეჯიბრება სულ სხვაა. ესაა თვალის ფიზიოლოგია, როცა დახურული დარბაზიდან გარეთ სულ სხვა, განათებულ გარემოში ხვდება, შეგუება სჭირდება. ეს ერთი ვარჯიში არანაირად არ გამოდის.

სამწუხაროდ, ჩვენს კლიმატურ პირობებს არ ვიყენებთ, თორემ აქ რომ ღია სასროლეთი იყოს, მარტიდან მოყოლებული გარეთ ვივარჯიშებ და ამხელა შედეგები გაცილებით ადრე მოვა. ბიჭებში 50-მეტრიანი დისტანცია საერთოდ არ გვაქვს.

- ანუ ასეთი მაღალი შედეგი მხოლოდ ამ ერთი შეკრების დამსახურებაა? წინა შეჯიბრებებზე იარაღის პრობლემა ხომ არ გქონდათ?
- ამჯერად ჩემი ძველი იარაღი დავიბრუნე, თუმცა ამასაც პრობლემა ჰქონდა - ბაქოდან დაბრუნების შემდეგ არ ისროდა და არ იტენებოდა. თურმე ერთი ისეთი დეტალი მოტრიალებულა, საერთოდ არც მეგონა, ის თუ მოძრაობდა, აქამდე მსგავსი არ მომხდარა.

წლეულს დათარსული სეზონი მქონდა - ხან ნემსი გატყდა, კორეაში თვითმფრინავის დაგვიანების გამო ტურნირზე დროულად ვერ ჩავაღწიეთ და რა არ გადაგვხდა, მაგრამ ამჯერად სლოვენიაში ყველაფერი ნორმალურად წარიმართა. უბრალოდ, ძალიან ცხელოდა.

იქ ორი ლიცენზია თამაშდებოდა. გრაფიკი ცოტა რთული იყო, დროში გაწელილი, რადგან დილით საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარი ტარდება, მერე კი შესვენებაა და ელოდები მეორე ნახევარს. ნახევარფინალში თუ გახვალ, ის შეჯიბრება ორი საათის მერე ტარდება.

ნახევარფინალში გასული 8 სპორტსმენისგან 4-ს ჰქონდა ლიცენზია, თუმცა ამაზე მაშინ ყურადღება არ გამიმახვილებია, არ დავკვირვებივარ, ვის ჰქონდა და ვის - არა. მე სხვა მიზანი მქონდა - 10.2 უნდა გამერტყა, რომ ჩამთვლოდა, თორემ ნახევარფინალსა და ფინალში 10.1-ც რომ გაარტყა, აღარ გეთვლება. 10-ვე გასროლა 10-იანში მქონდა, მაგრამ მხოლოდ 6 დამიფიქსირდა, რადგან 3 ტყვია 10.1-ში იყო, ერთიც - 10.0-ში. თუმცა ეს მაინც მეყო ფინალში გასასვლელად, სადაც ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მივიღე.

ფინალური ოთხეულიდან ლიცენზია უკვე 2-ს ჰქონდა - ბელორუს ვიქტორია ჩაიკას და უკრაინელ ოლენა კოსტევიჩს. აქედან გამომდინარე, ლიცენზიები მე და უნგრელმა სოფია ჩონკამ მივიღეთ.

ცხადია, ამან ძალიან გამახარა, თუმცა იმ დროს, შეჯიბრებისას ამის გასააზრებლად დრო არ მქონდა - ბრინჯაოსთვის შეხვედრა ნახევარფინალის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იწყება. ვინც ოქროსთვის იბრძვის, იმათ კიდევ უწევთ ცოტა დასვენება, ჩვენ კი - არა. სამწუხაროდ, ახალი წესებით ძალიან რთულია ბრძოლა - ხელიც გეღლება, თვალიც და ემოციურადაც იღლები.

- როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენთვის ამ სარეკორდო საგზურს?
- ცხადია, ყველამ მომილოცა და გაუხარდათ. ჩემი მეტოქეები ძალიან მქომაგობენ და გვერდით მიდგანან.

სხვათა შორის, ბევრ ძლიერ სპორტსმენს არ აქვს ლიცენზია - ბულგარელთა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მარია გროზდევას, სერბთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ზორანა არუნოვიჩს და სხვებს. არადა, ორად ორი სალიცენზიო ტურნირი დარჩა - აგვისტოში მსოფლიოს ბოლო თასი გაბალაში და გაისად ევროპის ჩემპიონატი. ძალიან შეზღუდულია და გამკაცრებული საგზურების მიღების წესები.

- ოლიმპიადებში მონაწილეობის რაოდენობით, სროლის სახეობებში მსოფლიოს მასშტაბით თქვენ და სეკარიჩს მხოლოდ ლატვიელი აფანას კუზმინსი გისწრებთ, რომელმაც 9-ჯერ იასპარეზა თამაშებში. მას თუ აქვს ჯერ ლიცენზია?
- მე და ის ერთად გავხდით ოლიმპიური ჩემპიონები სეულში. ბრაზილია მისთვის მეათე ოლიმპიადა იქნება, ოღონდ მან სამჯერ "ველური ბარათით" მიიღო ლიცენზია, მე კი ყველა ჩემით მოვიპოვე. კუზმინსს ჯერ არ აქვს საგზური, თუმცა აგრძელებს ბრძოლას.

- მოკლედ, თქვენ მისი რეკორდის გამეორებაც შეგიძლიათ...
- შემდეგ ოლიმპიადაზეა ლაპარაკი? ჯერ ეს ჩამამთავრებინა, მაგაზე ადრეა ლაპარაკი. თან მხედველობის პრობლემა მაქვს, თუმცა გერმანიაში იქაური სპეციალისტი კარგად დამეხმარა ჩემი საასპარეზო სათვალისთვის ლინზების შერჩევაში. ახლა მასთან შეჩვევის პროცესში ვარ.

- მარიბორში თქვენი ვაჟი - ცოტნე მაჭავარიანიც კარგად გამოვიდა, მეხუთეზე გავიდა ახალგაზრდებში...
- სამწუხაროდ, მე ადრე წამოვედი ოლიმპიური ჩირაღდნის ანთების ცერემონიალში მონაწილეობის გამო და ცოტნე დავტოვე, ვერ დავესწარი მის გამოსვლას. ცოტა ხელი შეეშალა ამ ჩემპიონატისთვის მზადებაში - წლეულს სკოლა დაამთავრა და მისაღები გამოცდების გამო სათანადოდ ვერც აქ ვარჯიშობდა და ვერც შეკრებაზე წავიყვანეთ ერევანში, ერთი ვარჯიშიც არ ჰქონდა ჩატარებული ღია სასროლეთზე.

თან, როგორც გითხარით, საქართველოში 50-მეტრიანი დისტანცია საერთოდ არ გვაქვს და ის ტირში 25-მეტრზე ვარჯიშობს. აი, ასეთი ბავშვი, რომელიც ნახევარ დისტანციაზე ემზადება და ისიც დახურულ დარბაზში, ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. ასეთ ბავშვს ხელი არ უნდა შევუწყოთ, განა ბევრი გვყავს ტალანტი? თუმცა ამას მარტო ჩემს შვილზე არ ვამბობ, იმავეს ვიტყვი ლიზი კილაძეზე და სხვა ნიჭიერ ბავშვებზე.

ცოტნე პირველად გავიდა ფინალში და მეორე ადგილზე მიდიოდა... ეტყობა, ფსიქოლოგიურად იმოქმედა... ის წუხელ ჩამოვიდა და მომიყვა, რაც მოხდა, რას განიცდიდა.

ცოტნე ჯერ 17 წლისაა, ახალგაზრდებში გამოსვლა კი 21-მდე შეუძლია. მაინც მწყდება გული, რომ იმ დროს მის გვერდით არ ვიყავი... შეჯიბრებისას გვერდით ვერ დავუჯდებოდი, მაგრამ რაღაცით შეიძლებოდა, დავხმარებოდი. ჩემს თავს ვადანაშაულებ, მედალი რომ დაკარგა.

- თქვენი რეკორდები ერთია და ახალგაზრდებიც მშვენიერ შედეგებს აჩვენებენ - ლიზი კილაძე, ცოტნე მაჭავარიანი, ახალგაზრდა ბიჭებმა კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს... ერთი სიტყვით, შედეგი არის და პირობების გაუმჯობესების პერსპექტივა თუ ჩანს?
- ჯერ ისევ ღია სასროლეთის მოლოდინში ვართ, რომელიც ჩვენი ოცნებაა. როგორც გითხარით, მარტიდან შეგვეძლება გარეთ ვარჯიში. ისედაც გადაკეთებულ შუქნიშნებზე ვვარჯიშობთ.

ამდენი წელიწადია, საზღვარგარეთ თანამედროვე დანადგარებზე ტარდება შეჯიბრებები, ჩვენთან კი ამის ფუფუნება არაა.

სპორტულში ჩემს მეტი არც არავინ ვარჯიშობს და კასეტაზე გასროლის ხმა მაქვს ჩაწერილი, რასაც ვარჯიშისას ვრთავ, საშეჯიბრებო ატმოსფერო რომ შევიქმნა და ის ხმაური უცხოდ არ მომეჩვენოს, თორემ წარმოიდგინეთ - სწრაფ სროლებში 3 წამში 40-50 კაცი ერთად რომ ისვრის!

ახლა გვპირდებიან ჩემი ტირის გაფართოებას გვერდით მდებარე ავტოშემკეთებელი სახელოსნოების ხარჯზე და ვნახოთ, რა გამოვა. სამინისტროს შენობაში ეს სახელოსნოებია და სპორტულ ობიექტს ფართი არ გვაქვს! ის რომ მოგვცენ, 12 ფარს დავაყენებ.

ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გვპირდება დახმარებას, უკვე წერილიც უნდა გაგზავნილიყო ეკონომიკის სამინისტროში. "ახალი თბილისის" ტერიტორიაზეც გვპირდებიან ღია სასროლეთის გაკეთებას, იქ არის სათანადო ფართი.

მონდომებაა საჭირო და ნება, თორემ ამდენი გაუკეთებელი არაფერია... მხოლოდ ჩვენი ღია სასროლეთი რომ გაკეთდეს, მარტივი ტიპის კონსტრუქცია, დაახლოებით 500 ათასი დოლარი დაჯდება. იმ ახალ დანადგარებსაც არ ვითხოვ, რაც 3 მილიონამდე დაჯდება და მაგას ვინ გაგვიკეთებს. ისევ იმ ძველ ფარებზე ვივარჯიშებთ, ოღონდ ღია სასროლეთი აგვიშენონ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული