ტყვიის სროლა. მსოფლიო თასი: ამჯერადაც ულიცენზიოდ

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ტყვიის მსროლელების წარუმატებლობაზე გვიწევს წერა - მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 1-ელ ივნისს პნევმატური პისტოლეტიდან ქალებმა ისროლეს, ჩვენები კი ფინალში ვერ გავიდნენ.

თუმცა წარუმატებლობასაც გააჩნია - ნინო სალუქვაძემ ჩააგდო პირველი სერია, ხოლო შესარჩევი ეტაპი 373 ქულითა და... 77-ე ადგილით დაასრულა. გასაკვირიც მისი ასეთი წარუმატებლობაა, თორემ ჩვენს მეორე მონაწილეს, 15 წლის ლიზი კილაძეს ურიგოდ არ უასპარეზია - შესარჩევში 378 ქულა დააგროვა და თავის ჯგუფში მე-18 ადგილზე გავიდა, საერთო ჩათვლაში კი
- 38-ზე.

არ ვიცით, რატომ ისროლა სალუქვაძემ ასე წარუმატებლად - იარაღმა უმტყუნა, ავად გახდა თუ რა მოხდა, მაგრამ ტურნირი ძალიან ცუდად დაიწყო და პირველივე სერიაში უჩვეულოდ დაბალი შედეგი ჰქონდა - 86 ქულა. მეორეში კი მოუმატა და 97 დააგროვა, მაგრამ მომდევნო ორში კვლავ მოუკლო - 94 და 96 ქულა დააგროვა.

კილაძის შედეგი მთელი 6 ქულით ჩამორჩება მის პირად რეკორდს, მაგრამ საყვედური მაინც არ ეთქმის, ურიგოდ არ უსვრია. თუმცა ერთიცაა - თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მოუკლო. შესაძლოა, არ ეყო მომზადება, ვერ გაუძლო სატურნირო ტემპს. პირველ სერიაში 96 ქულა დააგროვა (მხოლოდ 4 გასროლა ვერ მოარტყა ათიანში), მომდევნოებში კი 93, 95 და 94 ქულა დააგროვა. მეორე სერიაში ერთხელ 8-იანიც გამოურია, მეოთხეში კი მერვე ცდაზე 7-იანიც ჰქონდა.

თუმცა ეს ჩავარდნებიც რომ არა, თავისი რეკორდის გამეორების შემთხვევაშიც კი ფინალში ვერ გავიდოდა, მიუნხენში იმდენად მაღალი შედეგები დაფიქსირდა - საუკეთესო ოქტეტში ბოლო ორი, მეშვიდე-მერვე ადგილებით 385 ქულით ჩრდილოკორეელი სუკ იონ იო და ბულგარელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ანტოანეტა ბონევა შევიდნენ.

შესარჩევი ეტაპი 390-ით უკრაინელთა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიგო, 387-ით სამეულში სერბი ევროპის ორგზის ჩემპიონი ბობანა ველიკოვიჩი და რუსთა ევროპის სამგზის გამარჯვებული ახალგაზრდებში ლიუბოვ იასკევიჩი შევიდნენ. ამ დუეტს კვალში 386-იანთა ტრიო ჩაუდგა - ჩინელთა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვენჯუნ გუო, ამერიკელი ლიდია პატერსონი და ტაივანელი ინ ჩია ვუ. თუმცა ფინალში ყველაზე უკეთ ბონევა გამოვიდა და 200.6 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილი შეინარჩუნა ველიკოვიჩმა (198.2), მესამე - იასკევიჩმა (177.4), რომლებმაც შესაბამისი სინჯის მედლებიც მოიპოვეს.

ამ ტურნირის შემდეგ ჩვენებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურების მოპოვების ძირითად შანსად აგვისტოში აზერბაიჯანულ გაბალაში გასამართავი მსოფლიოს თასის დასკვნითი ეტაპი რჩებათ, თუმცა, ამის გარდა, კიდევ რჩებათ რამდენიმე სალიცენზიო შეჯიბრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული