თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?

AutoSharing Option
11-13 თებერვალს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირი მორიგ ტურნირს უმასპინძლებს. ესაა თბილისის თასის ღია გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა პნევმატური იარაღიდან სროლაში ერთ თვეში - 6-12 მარტს სლოვენიურ მარიბორში ტარდება.

იანვარში ჩვენები მიუნხენის ტრადიციულ საერთაშორისო შეჯიბრებაში გამოვიდნენ და ცოტნე მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თან საკუთარი რეკორდიც გაზარდა. მაგრამ სროლის სახეობათა ფედერაციას სურს, დამატებით კიდევ მისცეს სატურნირო პრაქტიკა თავის სპორტსმენებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს
და ამიტომ გადაწყვიტა ამ ტურნირის ჩატარება. მასში დედაქალაქელ მსროლელებთან ერთად ქუთაისელი და თელაველი ჩუბინებიც გამოვლენ.

მესამე საშეჯიბრო დღეც სწორედ თელაველთა გამო დაემატა - ფინანსური პრობლემების გამო ისინი იმავე დღეს უნდა დაბრუნდნენ უკან, კვირას კი ამას ვერ მოასწრებდნენ, რადგან ასპარეზობა გვიან დასრულდება. ამიტომ ორშაბათს ჩამოვლენ და თან ისვრიან, როცა არ იქნება ბევრი მონაწილე.

თუმცა თელაველები ერთი სიახლითაც მოდიან დედაქალაქში - პნევმატურ თოფშიც მოჰყავთ მონაწილე. ეს დისციპლინა ჩვენთან ჯერ ახალია, თუმცა აქამდე ერთი კი ისროდა და ისიც თელაველი - პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული, ვისი დიდი დამსახურებაცაა თელავში ტირის გახსნა (რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რომელმაც 9 ფარი შეიძინა, რაც საქართველოსთვის დიდი ფუფუნებაა). ამჯერად ეს დისციპლინა კლასიკურ სახეობაშიც გამოჩნდება, ოღონდ, რადგან მხოლოდ ერთი მონაწილე იქნება, საკონტროლო სროლები ექნება.

თბილისის თასზე ასაკობრივი დაყოფა არ იქნება და ახალგაზრდები უფროსებთან ერთად ისვრიან. 11-ში ქალები იასპარეზებენ, მომდევნო ორი დღე კი ვაჟებს დაეთმობათ. 13-შივე, 15 საათზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალიც.

შეგახსენებთ, რომ უკვე გარკვეულია ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი შემადგენლობა. ახალგაზრდებში გოგონებში ქუთაისელები - ლიზი კილაძე და ამ ასაკში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე გამოვლენ, ბიჭებში კი სრულად დაკომპლექტებული გუნდით ვიასპარეზებთ: თანატოლებში ევროპის გუნდური პირველობის მესამეპრიზიორებს, მაჭავარიანსა და აკაკი მოსულიშვილს ამჯერად ვლადიმერ მაიოროვის ნაცვლად (ის უკვე გადავიდა უფროსებში) ივა ჭანკოტაძე დაემატება.

უფროსებში ჯერ მხოლოდ ქალთა ტურნირის მონაწილეა გარკვეული - თავად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქაძე, მწრთნელად კი ვახტანგ სალუქვაძე გაჰყვებათ. ჯერ არაა გადაწყვეტილი ლევან ქადაგიძის საკითხი - ფული თუ იშოვეს, ისიც იასპარეზებს. სლოვენიაში წასვლამდე ჩვენები გერმანიაში გაივლიან შეკრებას.

ზოგადად, დაფინანსების საკითხი ამჟამად ყველაზე მტკივნეული თემაა როგორც ამ ფედერაციის, ისე - დანარჩენებისთვის. სპორტის სამინისტროს ჯერაც არ დაუმტკიცებია მათი ბიუჯეტი და მსროლელებმა დიდწილად ამ გაურკვევლობის გამო უარი თქვეს ინდოეთში მსოფლიოს თასზე წასვლაზე, რომელიც 22 თებერვალს იწყება. ამავე მიზეზით გაურკვეველია, გამოვლენ თუ არა მაისში მიუნხენში მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპზე, აი, მესამეზე კი ნამდვილად წავლენ ივნისში, რადგან ის აზერბაიჯანულ გაბალაში ტარდება და ავტობუსით მიდიან. იმედია, სამინისტრო ამ სასიცოცხლო საკითხის მოგვარებას დააჩქარებს.

ტყვიის მსროლელებმა თუ იუარეს ინდოეთში წასვლა, სამაგიეროდ, სწორედ ის ტურნირი აირჩიეს მესტენდურებმა, რომლებიც იქ ასეთი შემადგენლობით წავლენ: დავით ქვათაძე, გივი ქვათაძე, თენგიზ იმნაიშვილი და ვლადიმერ ნარჩემაშვილი მრგვალ სტენდზე სროლაში ვაჟთა ტურნირში გამოვლენ, ქალებში კი ისევ მოსკოვიდან გადმოყვანილი ნატალია პანასის იმედზე ვიქნებით. გუნდს მწვრთნელებად თამაზ იმნაიშვილი და გივი შენგელია მიჰყვებიან. ისინი რამდენიმე დღით ადრე ჩავლენ დელიში და შეჯიბრების დაწყებამდე ხანმოკლე შეკრებასაც გაივლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული