მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი

AutoSharing Option
მიუნხენის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ფრიად წარმატებული გამოდგა ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელისთვის - ცოტნე მაჭავარიანისთვის: ის ორივე სტარტზე ფინალში შევიდა, აქედან კი პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოინადავლა, ხოლო მეორე ვარჯიშში კვარცხლბეკზე ვერ ავიდა, თუმცა მთავარი ამბები სწორედ იქ მოხდა - საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და რაც მთავარია, ამ გამოსვლით პირადი რეკორდიც გააუმჯობესა.

ახლა ეს ნიშნული 583 ქულამდე გაიზარდა (ორი ქულით მოიმატა), რაც სერიოზული განაცხადია უფროსთა ტურნირებშიც კი.

არადა, მაჭავარიანმა მიუნხენში ახალგაზრდებში იასპარეზა და წლევანდელ სეზონს ძირითადად თანატოლებში გაატარებს, რადგან მსოფლიოს მეორე
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საგზურია მოსაპოვებელი.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ტურნირი მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ტარდება, რადგან ამავე დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია. სწორედ ამიტომ ორი სტარტია, რათა ჩუბინებმა რაც შეიძლება მეტი სატურნირო პრაქტიკა მიიღონ.

ბედის ირონიაა, რომ მაჭავარიანმა როცა უკეთ ისროლა, იქ უმედლოდ დარჩა, პირველ სტარტზე კი საკვალიფიკაციო ეტაპზე მისთვის მეტად დაბალი შედეგით - 575-ით მოიპოვა ჯილდო. ამ შედეგით მან მეოთხე-მეშვიდე ადგილები გაიყო სამ თანატოლთან ერთად, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მეექვსე ადგილი ერგო. ფინალში ჩვენმა მსროლელმა კიდევ უფრო უკეთ იასპარეზა და 216.3 ქულით მესამეზე გავიდა.

ჩემპიონი რუსი ანტონ არისტარკოვი გახდა 237.9-ით, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპიც მოიგო 582-ით. ვერცხლი იტალიელმა ალესიო ტორაჩიმ მოიპოვა 235.8 ქულით.

მეორე სტარტზე მაჭავარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპი შეუდარებლად კარგად ჩაატარა და 583 ქულით მეორეზე გავიდა. მას ისევ რუსმა გაუსწრო, ოღონდ ამჯერად - ალექსანდრ პეტროვმა, თუმცა ახლა - მხოლოდ ერთი ქულით, 584 დააგროვა.

მაჭავარიანმა მეორე სერია ჩააგდო, თორემ ბევრად მეტსაც დააგროვებდა და ვერც ამ ეტაპის პირველობას შეეცილებოდა ვინმე - 94 ქულა ჰქონდა, როცა დანარჩენებში ორ-ორჯერ 97 და 98 მოაგროვა, ერთხელ კი 99 გაარტყა. სამწუხაროდ, ეს შემართება ფინალში ვერ გაჰყვა და მეოთხე წრიდან გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას 177.1 ქულით.

ჩემპიონი ისევ არისტარკოვი გახდა 239.1-ით, იმის მიუხედავად, რომ ფინალში ბოლო, მერვე ადგილით შევიდა. ვერცხლი კვლავაც იტალიელს, ოღონდ ამჯერად პაოლო მონას ერგო - 238.7, ბრინჯაო კი - ბელორუს ანდრეი როჰაუს, ვინც 217.0 ქულით დაასრულა გამოსვლა.

მიუნხენში ახალგაზრდებში, მაჭავარიანის გარდა, კიდევ ორი ჩვენებური ისროდა - იოანე ჭანკოტაძე და აკაკი მოსულიშვილი. პირველს 43-ე ადგილი ერგო. მეორე კი 47-ე აღმოჩნდა.

ახალგაზრდულ ტურნირში გოგონებშიც გვყავდა ორი მონაწილე და ორივე ქუთაისელი - ამ ასაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე და ლიზი კილაძე, თუმცა ამჯერად ვერ იყოჩაღეს.

პირველ ტურნირში ორივემ 370 ქულა დააგროვა და ცხრილშიც ერთმანეთის მეზობლად განლაგდნენ: უკეთესი კოეფიციენტებით კილაძეს 23-ე ადგილი ერგო, ხუციბერიძეს - 24-ე. კილაძე მეორე სტარტზე ცოტა უკეთ გამოვიდა და გაზარდა შედეგი - 373 ქულა მოინადავლა, თუმცა ეს ფინალში გასასვლელად კვლავაც არ ეყო და მე-15 ადგილზე გავიდა. ხუციბერიძემ 366 ქულამდე და მე-40 ადგილამდე ჩაიჩოჩა.

ქალთა შორის ვერც ჩვენი გუნდის ლიდერი ნინო სალუქვაძე გავიდა ფინალში. არადა, პირველ დღეს თითქოს ურიგოდ არ უსვრია - 381 ქულით დაასრულა შესარჩევი ეტაპი, მაგრამ მიუნხენში ძალიან მაღალი შედეგები დაფიქსირდა და ქართველი ჩუბინი ფინალში ვერ მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული