აფროსნობა. ტრაგედია კალიფორნიის სანაპიროზე

AutoSharing Option
საშინელი ტრაგედია მოხდა კალიფორნიის სანაპიროზე, სან ფრანცისკოს ყურეში, სადაც საწვრთნელი გაცურვის დროს დაიღუპა აფროსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ენდრიუ სიმპსონი.

კატამარანი, რომელზეც სიმპსონი და კიდევ 10 ადამიანი იმყოფებოდა, მოულოდნელად ამოტრიალდა. მთელი ეკიპაჟი წყალქვეშ აღმოჩნდა, 36 წლის ბრიტანელი კი ბაგირებში გაიხლართა და დროულად ამოყვინთვა ვერ მოახერხა.

როგორც იტყობინებიან, მაშველი ნავები შემთხვევის ადგილას დროულად მივიდნენ. როცა აფროსანი, ბოლოს და ბოლოს წყლიდან ამოიყვანეს, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. ეკიპაჟის სხვა წევრების დაზიანება სერიოზული არ ყოფილა.

კატამარანი შვედეთის გუნდ "არტემისს" ეკუთვნის, რომელიც ამერიკის თასის
რეგატაში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. ეს რეგატა ივლისში დაიწყება და სექტემბერამდე გაგრძელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ენდრიუ სიმპსონი შვედებს კატამარანის მომზადების სტრატეგიულ საკითხებში ეხმარებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ავარიის მიზეზი. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა იახტსმენი ამერიკის თასისთვის მზადებისას იღუპება. 1999 წელს, ტაკელაჟის ნაწილი დაეცა თავში ესპანური გუნდის წევრს მარტინ უიზნერს.

36 წლის ენდრიუ სიმპსონი 2008 წელს, პეკინის თამაშების ჩემპიონი იყო, შარშან, ლონდონის თამაშებზე კი ვერცხლი მოიპოვა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული