ჩინური დუბლი

AutoSharing Option
ისევე, როგორც წყალში ხტომა, მაგიდის ჩოგბურთიც ჩინელების სპორტია და აქ ორივე ერთეულთა თანრიგში ჩინური ფინალები გაიმართა.

ორივეგან საჭირო არ იყო ექვსდღიანი ტურნირის ჩატარება - ისედაც ყველამ იცოდა, რომ ფინალში ჩინელი ჩოგბურთელები დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

ქალებს შორის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ლიდერები - პირველი ნომერი ნინ დინი და მეორე ჩოგანი სიაოსია ლი შეხვდნენ.

ფინალამდე ორივემ ძალიან იოლად ჩამოიცილა გზიდან ყველა კონკურენტი, ხოლო ოქროს მედლისთვის მატჩში უფრო გამოცდილმა სიაოსია ლიმ გაიმარჯვა - 4:1. არადა, დინი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელი
გახლავთ.

სხვათა შორის, ეს ამ ჩინელების პირველი ოლიმპიური მედლებია კარიერაში.

* * *

ასევე პირველი ოქრო მოიპოვა კარიერაში 22 წლის იკე ჟანგმა. ფინალში მისი მეტოქე თანამემამულე ჰაო ვანი იყო, რომელიც შეიძლება თამამად მოვნათლოთ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო სპორტსმენად. საქმე ისაა, რომ ვანი ზედიზედ მესამე ოლიმპიადის ფინალს თამაშობდა და ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

გადამწყვეტი მატჩის წინ ორივეს შეეძლო უნიკალური შედეგის დაფიქსირება - მაგიდის ჩოგბურთში "დიდი სლემის" მოგებას უწოდებენ მსოფლიოს თასზე, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე გამარჯვებას. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ სამმა ჩოგბურთელმა შეძლო - ჩინელებმა ლიუ გუოლიანმა, კონგ ლინგჰუიმ და შვედმა იან-უვე ვალდნერმა. ახლა მათ რიცხვს იკე ჟანგიც შეემატა.

ფინალი მთლად დაძაბული ვერ გამოვიდა. ჰაიომ მხოლოდ ერთი სეტი აიღო, ორ წაგებულ სეტში გაიბრძოლა და ორჯერ პირწმინდად დამარცხდა. საბოლოო ანგარიშია - 4:1 ჟანგის სასარგებლოდ.

ახლა ეს ჩოგბურთელები გუნდურ პირველობაში ჩაებმებიან და რა თქმა უნდა, იქაც არავის დაუთმობენ ოქროს.

კაცები. ერთეულები
1/2-ფინალი
იკე ჟანგი (ჩინ)-დიმიტრი ოვჩაროვი (გერ) 11:8, 11:3, 5:11, 11:9, 11:8;
ჰაო ვანი (ჩინ)-ჩიჰ-იუან ჩუანი (ტაივ) 11:13, 11:2, 12:10, 11:6, 11:9.

მე-3 ადგილისთვის
დიმიტრი ოვჩაროვი (გერ)-ჩიჰ-იუან ჩუანი (ტაივ) 12:10, 9:11, 8:11, 13:11, 11:5, 14:12

ფინალი
იკე ჟანგი (ჩინ)-ჰაო ვანი (ჩინ) 18:16, 11:5, 11:5, 10:12, 13:11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული