სექსიზმი გოლფში

AutoSharing Option
ჯორჯიას შტატის ქალაქ ოგასტაში სტარტი აიღო პროფესიული გოლფის ერთ-ერთმა მთავარმა ტურნირმა - "მასტერსმა".

სექსუალური სკანდალების გმირი ტაიგერ ვუდსი ტურნირში ჩაება, თუმცა, ამჯერად სკანდალი მის გამო არ აგორებულა.

საქმე შემდეგში მდგომარეობს: "მასტერსის" ორგანიზატორ გოლფ-კლუბში მდიდარი, მაგრამ, ამასთან, კონსერვატული პიროვნებები შედიან და გარკვეული წესები აქ მრავალი წელია, მოქმედებს. ერთ-ერთი წესი ასეთია - კლუბის წევრი არ შეიძლება ქალი იყოს.

სულ ცოტა ხნის წინ ამ საზოგადოებაში, ქალების გარდა, არც შავკანიანების ყოფნა იყო ნებადართული. პირველი შავკანიანი იქ მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა; ისიც საზოგადოების ზეწოლის
წყალობით, რომელიც კლუბს რასიზმში ადანაშაულებდა. ახლა საზოგადოება გოლფ-კლუბს სექსიზმში სდებს ბრალს.

ცნობილია, რომ ტურნირის სპონსორებს შორის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები არიან, მაგალითად, სანავთობო კომპანია Exxon Mobil და IBM. სწორედ IBM-ის გამო წარმოიშვა კამათი. ამჟამად ამ კომპანიის პრეზიდენტი ქალი გახლავთ - ვირჯინია რომეტი. მანამდე IBM-ს მამაკაცი ხელმძღვანელობდა და მისი გოლფ-კლუბის წევრად შეყვანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

ახლა მთელი ამერიკა სულგანაბული ელოდება - შეიყვანენ თუ არა რომეტის კლუბის წევრებს შორის. თუ ეს არ მოხდა, შეიძლება გიგანტური მასშტაბების სკანდალი აგორდეს. საქმე შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ "მასტერსმა" ძირითადი სპონსორების მხრიდან ბოიკოტი მიიღოს.

გოლფ-კლუბის პრეზიდენტი ბილი პეინი ჯერ ვერ ახერხებს ჟურნალისტების შემოტევის მოგერიებას, რომლებსაც არ ერიდებათ პროვოკაციული შეკითხვების დასმა. პეინი მოკლე კომენტარებით შემოიფარგლება: "ეს კლუბის შიდა საქმეა და არავის აქვს უფლება, თავისი ცხვირი ჩაჰყოს ჩვენს წესებში".

შესაძლოა, თავად ვირჯინია რომეტის მაინცდამაინც არ სურს გოლფ-კლუბის წევრობა, მაგრამ აქ პრინციპთან გვაქვს საქმე. ეს ეხება არა მხოლოდ რომეტის, არამედ IBM-ს. თუ კორპორაციის პრეზიდენტს არ მიიღებენ წევრად, ეს სერიოზულად დაარტყამს კომპანიის რეპუტაციას.

"პირადად მე ძალიან განაწყენებული ვიქნები, თუ ვირჯინიას არ მიიწვევენ გოლფ-კლუბში. საერთოდ, ეს სიტუაცია ველურობად მიმაჩნია. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ დარტყმა მიიღო რამდენიმე მოხუცისგან, რომლებსაც გოლფი უყვართ", - აღიარა IBM-ის ერთ-ერთმა ფუნქციონერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული