ვუდსს რეკლამა ეღირსა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა იაპონულ კომპანია Vantelin Kowa-სთან, რომელიც ტკივილგამაყუჩებელ წამლებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ვუდსის სარეკლამო კონტრაქტებში გასაკვირი არაფერია - სწორედ ასეთი ხელშეკრულებების წყალობით გახდა ტაიგერი პირველი სპორტსმენი ისტორიაში, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უბრალოდ, ეს ინფორმაცია იმით არის საინტერესო, რომ ეს არის ამერიკელის პირველი სარეკლამო კონტრაქტი 2009 წელს მომხდარი სექსუალური სკანდალის შემდეგ. მაშინ ყვითელ პრესაში ამოტივტივდა რამდენიმე ქალბატონის აღიარება იმის შესახებ, რომ ტაიგერი მათთან მეუღლეს ღალატობდა. ამის შემდეგ ვუდსს ცოლი გაექცა და
ამას მოჰყვა რამდენიმე კომპანიასთან სარეკლამო კონტრაქტის გაწყვეტა. ამასთან, ვუდსმა სპორტული ფორმაც დაკარგა და იმ ცნობილი სკანდალის შემდეგ მას არც ერთი ტურნირი არ მოუგია.

Vantelin Kowa-სთან გაფორმებული კონტრაქტი სამწლიანია. ჰონორარის შესახებ ჟურნალისტებმა ვერაფერი გაარკვიეს. ვუდსმა უკვე მიიღო მონაწილეობა იაპონური ბრენდის სარეკლამო რგოლის გადაღებებში.

2009 წლამდე ვუდსს სარეკლამო კონტრაქტები ჰქონდა რამდენიმე კომპანიასთან - Nike-თან, Gilette-თან, Accenture-თან, AT&T-თან და Gatorade-თან. ყოველწლიურად მარტო ამ ხელშეკრულებებით ტაიგერი წელიწადში დაახლოებით 90 მილიონ დოლარს იღებდა.

სხვათა შორის, 2010 წლის შედეგების მიხედვით, ტაიგერ ვუდსი ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე არაეფექტურ სარეკლამო სახედ მონათლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული