კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა

AutoSharing Option
ისრაელმა მეოცედ უმასპინძლა მსოფლიო მაქაბიადას, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში პლანეტის ყველა ქვეყნის ებრაელი სპორტსმენები იბრძვიან მედლების მოსაპოვებლად.

ამჯერად ჯილდოები სპორტის 35 სახეობაში გათამაშდა, მათ შორის - კარატეში, რომელიც ტრადიციულად შედის მაქაბიადების პროგრამაში. საქართველოს წარგზავნილებმა სწორედ ამ სახეობაში მოიპოვეს ოთხი მედალი.

პირად კუმიტეში შესანიშნავად იასპარეზა შოთა გორელაშვილმა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ყველას აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მსგავს წარმატებამდე ერთი მოგება დააკლდა 75 კილოში ჰენრი ვეკუას, რომელმაც ფინალი ჰოლანდიელ ბრიან ლუისთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ჩვენებურები, ასევე, მეორე ადგილზე გავიდნენ გუნდურ კუმიტეში (ალექსანდრე ჟამურაშვილი, ჰენრი ვეკუა, თამაზ გოჩელაშვილი, შოთა გორელაშვილი და ნიკა თეთრუაშვილი) - ნახევარფინალში ამერიკელებს სძლიეს, ფინალში ისრაელის ნაკრებთან დამარცხდნენ. მესამე ადგილი ამერიკელებს ერგოთ.

გუნდურ კატაში საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. ჩვენები ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ისრაელის პირველ გუნდთან დამარცხდნენ, რომელიც მერე მაქაბიადის ჩემპიონი გახდა, მეორე ადგილზე ისრაელის მეორე გუნდი გავიდა. საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდნენ შოთა გორელაშვილი, ჰენრი ვეკუა და თამაზ გოჩელაშვილი.

- აქ საოცარი ატმოსფერო სუფევს - თავი ოლიმპიურ თამაშებზე გეგონება, - გვითხრა საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, რომელსაც გუშინ ისრაელში შევეხმიანეთ. - ჩვენს მცირერიცხოვან დელეგაციას ყველგან სიყვარულით ხვდებიან. შესანიშნავი იყო მაქაბიადის საზეიმო გახსნა. როგორც გვეუბნებიან, არანაკლები იქნება შეჯიბრების საზეიმო დახურვა. ბედნიერები ვართ, რომ სპორტის ასეთ დიდ ფორუმზე ყველა სინჯის ოთხი მედალი მოვიპოვეთ და, რაც მთავარია, მაქაბიადაზე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული