ჩემპიონს მედლამდე ნაბიჯი არ ეყო - გოგიტა არქანია პარიზში ბრინჯაოს ვერ შესწვდა

AutoSharing Option
ფოტოზე: რიუტარო არაგა და გოგიტა არქანია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დამთავრდა კარატისტთა (JKF-ის ვერსიით) დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მრავლად მოიყარეს თავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა. არც არის გასაკვირი, რადგან სპორტის ეს სახეობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი, ფედერაციები აქედანვე ზრუნავენ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის სპორტსმენთა შერჩევა-მომზადებას.

შეჯიბრებაში საქართველოს რვა კარატისტი მონაწილეობდა. სხვებზე უკეთ იასპარეზა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა გოგიტა არქანიამ (84 კგ), რომელმაც ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: დაამარცხა დემიან სეილერი (შვეიცარია, 8:0), ანტონიო დი სტეფანო (იტალია, 2:0), ტიმოთი პეტერსენი (ჰოლანდია, 2:2), პაბლო
არენასი (ესპანეთი, 3:).

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ რიუტარო არაგას დაუპირისპირდა. 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არქანიამ სწორედ ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელს სძლია. ამჯერად არაგამ რევანში აიღო - 6:1, შემდეგ იაპონელმა გადამწყვეტ პაექრობაში რუს ილია გრანოვერსოვს აჯობა 4:1 და მთავარი პრიზი დაიმსახურა.

არქანია ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჩაება, სადაც ვენესუელელ ფრედი ვალერას კი მოუგო 2:1, მაგრამ ირანელ პურშაბ ზაბიჰოლახისთან დამარცხდა 1:5 და მე-5 ადგილს დასჯერდა. ირანელთან ერთად კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ბერძენი ზანოს გეორგიოსი ავიდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა მოიგო დავით ტყებუჩავამ. პირველ წრეში იტალიელი ანტონიო ვასტოლა დაჯაბნა - 5:0, მერე მის გზას გაუყენა მამუდუ მამადუ (საფრანგეთი, 2:0), ლუიშ ფერნანდესი (პორტუგალია, 3:1) და მასინისა ბენ ელ ჰოსინე (საფრანგეთი, 6:1), მეხუთე წრეში კი თავად დამარცხდა მინიმალური ანგარიშით შვეიცარიელ ნოაჰ პისინოსთან (1:2). ოთხი გამარჯვება კი დამამშვიდებელში გადასართავად და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სამ შეხვედრაში მიაღწია წარმატებას დავით პატარიძემ (67 კგ): სძლია გონსალო ნავაროს (არგენტინა, 4:1), დანიელ პერეს გუილენს (ესპანეთი, 8:0), ადამ ელ შაფეის (შოტლანდია, 3:2), ბრაზილიელ ვინიკუს ფიგუეირას კი ვერ გასცდა - 0:3.

ამავე წონაში ჰენრი ვეკუამ სულ ორი ორთაბრძოლა ჩაატარა: სტარტზე დავიდ ჰონინგს (უნგრეთი, 8:0) აჯობა, მეორე წრეში ჯალალ ბუზჰერთან (მაროკო) დამარცხდა - 0:2 და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველივე პაექრობები წააგეს 55 კილოში დიანა დარჩიაშვილმა (თურქ ასენა პეკმეზოღლუსთან - 2:3) და 75 კილოში თამაზ გოჩელაშვილმა (მაროკოელ რედა მასუდისთან - 0:1), ირაკლი ტყებუჩავამ (67 კგ) კი სტარტზე ვალდარიმ რაშიტისთან (კოსოვო, 0:0) ორთაბრძოლა ფრედ დაამთავრა, მაგრამ არბიტრების გადაწყვეტილებით, მომდევნო ეტაპზე კოსოვოელი გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული