ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში ქართული დუელი გაიმართება

AutoSharing Option
თურქეთსა და ეგვიპტეში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც სამი ქართველი მონაწილეობს.

ქაიროში სოფიო შაფათავა პირველ ნომრადაა განთესილი. სტარტზე წარმატების შემდეგ გუშინ მან ლაილა ელნიმრს (ეგვიპტე) სძლია - 6:1, 6:4. მეოთხედფინალში ჩვენებურს მეტოქეობას ასპარეზობის მეექვსე ნომერი, მასპინძელი სანდრა სმირი გაუწევს, რომელმაც თანამემამულე აჰლამ შავკატს აჯობა - 6:1, 6:2.

წყვილებში შაფათავა მიხაელა ნოსკოვასთან (სლოვაკეთი) ერთად, როგორც ტურნირის რეიტინგფავორიტი, შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმება და ანგელინა შახრანიუკ (უკრაინა)-აჰლამ სავკატის (ეგვიპტე) დუეტს გამოცდის.

ანტალიაში უდანაკარგოდ მიიწევენ წინ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე, თან ისინი
წყვილთა შორის ნახევარფინალში წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ. ერთეულებში მესამე ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ კლაუდია სიანსი (პორტუგალია) დაამარცხა - 6:2, 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სომეხ ანი ამირაგიანს შეხვდება. ამ უკანასკნელმა დაშა ივანოვა (აშშ) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 7:5.

ასპარეზობის მეოთხე ნომერმა ეკატერინე გორგოძემ იოლად დაჯაბნა ჯული ნოე (დანია) - 6:1, 6:0. მეოთხედფინალში ჩვენებურის მეტოქე ელენა გაბრიელა რუსემ (რუმინეთი) გუშინ ჯულიეტა მარია სტეურს (გერმანია) მოუგო - 6:1, 6:1.

წყვილებში სოფიო ქვაცაბაია-ალონა ფომინას (უკრაინა) დუეტმა პეტია არშინკოვა (ბულგარეთი)-ელენა გაბრიელა რუსეს (რუმინეთი) ტანდემს დაძაბულ პაექრობაში აჯობა - 7:5, 3:6, 11:9, რითაც ნახევარფინალისკენ გაიკაფა გზა. იქ კი მესამე ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძისა და ალინა ზუბკოვას (ბელორუსი) შეხვდება, რომლებმაც მეოთხედფინალში აკიკო ოკუდას (აშშ) და შირენ პეტერსონ-პაულს (კანადა) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:0, 6:3. მეორე ნახევარფინალში ჯაზმეი დრიუ (დიდი ბრიტანეთი)-დაშა ივანოვა (აშშ) და ქრისტინა საკოვეცი (გერმანია)-ალიონა სოტნიკოვა (უკრაინა) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული