ალექსანდრე მეტრეველი ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
გასულ კვირას ქართველ ჩოგბურთელთაგან კორტებს ყველაზე დიდხანს ალექსანდრე მეტრეველი შემორჩა. ანტალიის ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში მან რუს ალექსანდრ ბობორიკინს აჯობა - 6:0, 6:1, შემდეგ ბელგიელი ბენჟამინ დოე ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3, მეოთხედფინალში ვასილ ანტონესკუს (რუმინეთი) სძლია - 6:3, 4:6, 6:3, ნახევარფინალში კი ავსტრიელ გაბრიელ დიარას დანებდა - 6:7, 2:6.

წყვილებში მეტრეველი იაროსლაუ შილასთან (ბელორუსი) ერთად მეოთხედფინალში ვადიმ ალექსეენკოს (უკრაინა) და რომან ხასანოვის (ყაზახეთი) დუეტთან დამარცხდა - 6:3, 5:7, 6:10.

მეტრეველი ანტალიაში რჩება და ამ კვირიდან ახალ 10.000-იან ტურნირში
ჩაებმება, რომელშიც მეორე ნომრად იქნება განთესილი და სტარტზე იტალიელ დანიელე კაპეცის შეხვდება.

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა საფრანგეთში იმყოფება და 25.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. მესამე ნომრად განთესილი ჩვენებური პირველ წრეში საკვალიფიკაციოდან აღზევებულ მეტოქეს ელოდება.

წყვილებში ბელორუს ანასტასია შლეპცოვასთან ერთად მიხაელა ბოევსა (ბელგია) და ლუსი ვაგნერს (საფრანგეთი) შეხვდება. შაფათავას ტრადიციული მეწყვილე ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) მინსკშია და იქაურ 25.000-იან ტურნირში ითამაშებს.

წყვილებში ეკატერინე გორგოძესთან ერთად პირველი ნომერია. სტარტზე მათ მეტოქეობას გაუწევს ივანა იაროვიჩისა (სერბეთი) და ვიქტორია კანის (რუსეთი) ტანდემი.

ერთეულებში გორგოძე ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ირინა ხრომაჩევასთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ამავე ტურნირში სოფიო ქვაცაბაია სტარტზე "ველური ბარათით" დაშვებულ მასპინძელს - სადაფმოხ ტოლიბოვას გამოცდის.

წყვილებში ქვაცაბაია უკრაინელ ვალერია სტრახოვასთანაა შეამხანაგებული და პირველ წრეში განთესვით მესამე ნომერ ირინა მარია ბარას (რუმინეთი) და ნინა სტოიანოვიჩს (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული