ეკატერინე გორგოძე და ალექსანდრე მეტრეველი ჩიმკენტში ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ჩიმკენტში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

მანდილოსნებში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით განაგრძობს წინსვლას ეკატერინე გორგოძე. მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა 15 ოქტომბერს მეოთხედფინალში უზბეკი არინა ფოლცი დაამარცხა - 6:4, 6:2 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეორე ნომერ სოფიო ქვაცაბაიას მძლეველ პოლინა ნოვიკოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

სოფიომ გუშინ პირველი ხელი კი მოიგო - 6:3, მაგრამ მომდევნო ორი სეტი დათმო - 3:6, 3:6 და ერთეულთა ტურნირს დაემშვიდობა.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებს ჯულიეტა მარია სტეური (გერმანია), რომელმაც პირველსავე წრეში რეიტინგფავორიტ
მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) აჯობა, გუშინ კი მისი თანამემამულე დარია ლოდიკოვა დაჯაბნა. ალემანთან ურთიერთობას გაარკვევს ტურნირის მეოთხე ნომერი, მასპინძელი კამილა კერიმბაიევა. ამ უკანასკნელმა ადრიანა სოსნოვიჩი (მოლდოვა) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:4.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია პირველი ნომრები არიან. გუშინ ნახევარფინალში მათ იოლად აჯობეს არინა ფოლცსა (უზბეკეთი) და დარია ლოდიკოვას (რუსეთი) - 6:2, 6:2. გადამწყვეტ პაექრობაში ჩვენები მეორე ნომრებს - კამილა კერიმბაიევას (ყაზახეთი) და მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) შეხვდებიან.

რუსულ-ყაზახურმა დუეტმა ჯულიეტა მარია სტეურსა (გერმანია) და გუზელ იუსუპოვას (უზბეკეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:0.

წინა კვირასაც ჩიმკენტისვე მსგავს ტურნირში კერიმბაიევა-ლაზარევას ტანდემი მეორე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ნახევარფინალში უზბეკებთან - ალბინა ხაბიბულინასა და პოლინა მერენკოვასთან დამარცხდა, შუააზიელებს კი გორგოძემ და ქვაცაბაიამ აჯობეს. ქართველები ახლაც ახლოს არიან მიზანთან.

* * *
ვაჟთა 15.000-იან ტურნირში თბილისელმა ალექსანდრე მეტრეველმა გუშინაც იოლად დაამარცხა მასპინძელი ტიმურ ხაბიბულინი - 6:2, 6:0. ნახევარფინალში მას მეტოქეობას გაუწევს რუსი ანტონ გალკინი, რომელმაც მეოთხედფინალში რომან ხასანოვს (ყაზახეთი) სძლია - 2:6, 6:3, 6:3.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ დმიტრი პოპკო (ყაზახეთი) და ივან გახოვი (რუსეთი), რომლებმაც გუშინ, შესაბამისად, მარკოს კალოვენოლისი (რუსეთი, 6:4, 6:3) და ალექსანდრ ლაზოვი (ბულგარეთი, 6:4, 6:7, 6:4) ჩამოიშორეს გზიდან.

წყვილებში ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ცივაძე, რომლებმაც წინა ტურნირი მოიგეს, გუშინ ნახევარფინალში ივან გახოვსა (რუსეთი) და იაროსლაუ შილას (ბელორუსი) დანებდნენ - 6:3, 3:6, 1:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული