აშშ-ის ღია პირველობა: დაუბრეიკებელი რაფაელ ნადალი

AutoSharing Option
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცებმა მეორე წრე დაასრულეს და მესამეში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა, ქალებმა კი სრულად დააკომპლექტეს მერვედფინალური წყვილები.

აქამდე მამაკაცთა ბადეში მოულოდნელი შედეგები იშვიათი იყო და სწორედ მეორე წრის დასასრულს მოხდა ჯერჯერობით მთავარი სენსაცია. მისი ავტორი გახდა ავსტრალიელი ვეტერანი ლეიტონ ჰიუიტი, რომელმაც ხუთსეტიან მარათონში დაამარცხა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

ორგანიზატორებმა ეს მატჩი საღამოს სესიის ბოლოსთვის შემოინახეს და შეხვედრამ გაამართლა მაყურებელმა იმედები. ბევრი ორმხრივი შეცდომის მიუხედავად, თამაში სანახაობრივი გამოვიდა. ლეიტონი სეტებში 1:2 ჩამორჩენის მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებდა,
კარგ შემოვლით დარტყმებს ასრულებდა, დელ პოტრო კი მარჯვნიდან საფირმო ფორჰენდს იყენებდა.

მეოთხე სეტში ჰიუიტმა შეძლო ბრეიკით დაწინაურება, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე ითამაშა ძალიან კარგად და თამაში ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა. აქედან მოყოლებული, ავსტრალიელი შეუდარებელი იყო. მეხუთე სეტში მას მეტი ძალა შერჩა და დიდი უპირატესობაც მოიპოვა, რითაც, ბოლო წლებში, კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია - 6:4, 5:7, 3:6, 7:6(2), 6:1. ლეიტონის შემდეგი მეტოქე რუსი დონსკოი იქნება.

დელ პოტროს ეს მარცხი კი იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი ერთი პოზიციით დაქვეითდება რეიტინგში და მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდება, როჯერ ფედერერი კი, შესაბამისად, მეექვსე ადგილზე გადავა. გარდა ამისა, შვეიცარიელს ასევე ტომაშ ბერდიხის გასწრებისა და მეხუთე პოზიციაზე გადასვლის შანსი აქვს.

ფავორიტებს პირველი სირთულეები
სხვა მატჩებშიც ფავორიტები გარკვეულ სირთულეები წააწყდნენ. ნოვაკ ჯოკოვიჩი ბენჯამინ ბეკერის წინააღმდეგ თამაშობდა და პირველ პარტიაში თავის შესაძლებლობებზე სუსტ თამაშს აჩვენებდა. ბეკერი კარგად აწვდიდა და უკანა ხაზზეც უნარიანად მოქმედებდა. ამის ხარჯზე მან სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ორი სეტბოლი გაანიავა და ტაი-ბრეიკზე წააგო. მომდევნო ორ პარტიაში კი ჯოკოვიჩის უპირატესობა აშკარა იყო - 7:6(2), 6:2, 6:2.

ტომაშ ბერდიხს ორი მძიმე სეტი ჰქონდა დენის კუდლას წინააღმდეგ, მაგრამ ჯოკოვიჩის მსგავსად, მანაც სამ პარტიაში გაიმარჯვა - 7:6(3), 7:6(3), 6:3. ერთი პარტიის დათმობა მოუწია ენდი მარეის. ბრიტანელი ლეონარდო მაიერის წინააღმდეგ თამაშობდა და ისევე როგორც ნოვაკს, პირველ სეტში სერიოზული პრობლემები შეექმნა, სამაგიეროდ, მეორე პარტია ძალიან დამაჯერებლად აიღო. თითქოს გამარჯვებულის საკითხი გარკვეული იყო და მარეი ოდნავ მოდუნდა, რითაც არგენტინელმა კარგად ისარგებლა. მან უფრო აქტიურად მოქმედება დაიწყო, ენდიმ კი შეცდომებს უმატა. ბრიტანელი მეოთხე სეტში გამოფხიზლდა და მართლაც კარგი თამაში აჩვენა - 7:5, 6:1, 3:6, 6:1

ნადალმა და ფედერერმა გაისეირნეს
გუშინ დაიწყო მესამე წრე და ბადის ქვედა მხარეს მყოფმა ფავორიტებმა უპრობლემოდ მოიპოვეს მერვედფინალის საგზურები. რაფაელ ნადალი ივან დოდიგის წინააღმდეგ თამაშობდა, რომელსაც ერთხელ დამარცხებული ჰყავდა ტიტულოვანი ესპანელი. მაგრამ, ამჯერად, ამ გმირობის გამეორების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ესპანელმა 37 "ვინერსი" შეასრულა და ოთხი ბრეიკი შეასრულა, რითაც 6:4, 6:3, 6:3 მოიგო. ნადალის შედეგები მართლაც ფენომენალურია:

მან მერვედფინალის საგზური სეტისა და საკუთარი გეიმის წაგების გარეშე მოიპოვა: სამ მატჩში 37 გეიმი ჩაატარა თავის მოწოდებაზე და ყველა მოიგო! რაფას მოგებათა სერია ჰარდზე 18 მატჩამდე ავიდა და ახლა, მეოთხედფინალში გასასვლელად გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება.

სეტის წაუგებლად უახლოვდება ნადალთან მეოთხედფინალს როჯერ ფედერერი, რომელსაც სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა ფრანგი ადრიან მანარინოს დასამარცხებლად - 6:3, 6:0, 6:2. ლეგენდარულ შვეიცარიელს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, რაც მის უდიდეს უპირატესობაზე მეტყველებს. როჯერმა 23-ე მატჩი ჩაატარა არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტზე და 22-ე გამარჯვებას მიაღწია. ფედერერის შემდეგი მეტოქე ესპანელი ტომი რობრედოა, რომელმაც ბრიტანელი სენსაცია დანიელ ევანსი ოთხ სეტში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ფედერერს რობრედოსთან ურთიერთშეხვედრებში 10:0 მიჰყავს ანგარიში.

დეჟავიუ ისნერისთვის
ზედიზედ მეორე წელია ამერიკის ღიას მესამე რაუნდში ჯონ ისნერი და ფილიპ კოლშრაიბერი ხვდებიან ერთმანეთს. თუ შარშან გერმანელს ხუთი სეტი დასჭირდა მოგებისთვის, ახლა, ამისთვის ოთხი სეტი იკმარა. მეოთხე პარტიის ბოლოს, ისნერმა პარტიაზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ამ მნიშვნელოვან მომენტში ცუდად ითამაშა. ასე რომ, მამაკაცთა ბადეში ერთადერთი შემორჩენილი ამერიკელია ტიმ შმიჩეკი.

ასევე წააგო ამ ეტაპზე კიდევ ერთმა ამერიკელმა ჯეკ სოკმა. ახალგაზრდა ჩოგბურთელი იანკო ტიპსარევიჩთან დამარცხდა. სერბი თანდათან იბრუნებს ძველ დამაჯერებლობას. მილოშ რაონიჩმა ოთხ პარტიაში დაამარცხა ფელისიანო ლოპესი. კანადელს მერვედფინალი ელის რიშარ გასკესთან და ფაქტობრივად, ეს არის მატჩი TOP10-ში მოსახვედრად.

ყაზახმა მიხაილ კუკუშკინმა ბრძოლა გაუმართა ტურნირის მეოთხე ნომერს დავიდ ფერერს. ესპანელმა გაჭირვებით მოიგო პირველი ორი სეტი, მესამეში კი კუკუშკინმა თავისი შანსი გამოიყენა და პარტია აიღო. მეოთხეშიც ყაზახმა შეძლო ორმაგი ბრეიკიდან ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მაინც დამარცხდა - 4:6, 3:6, 6:4, 4:6.

II წრე
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 7:6(2), 6:2, 6:2; ჟოაო სოუზა (პორ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 1:6, 6:3, 3:6, 6:3, 6:4; ტიმ შმიჩეკი (აშშ)-ალექს ბოგომოლოვი (რუს) 3:6, 7:6(6), 2:6, 6:4, 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-რაჯივ რამი (აშშ) 3:6, 4:6, 6:2, 6:3, 7:5; ტომი ჰაასი (გერ, 12)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 6:4, 7:6(3); მიხაილ იუჟნი (რუს, 21)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 7:5, 6:1, 6:3; ევგენი დონსკოი (რუს)-პეტერ გოიოვჩიკი (გერ) 6:3, 6:4, 3:6, 4:6, 6:3; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6) 6:4, 5:7, 3:6, 7:6(2), 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ლეონარდო მაიერი (არგ) 7:5, 6:1, 3:6, 6:1; ფლორიან მაიერი (გერ)-დონალდ იანგი (აშშ) 7:5, 6:3, 6:4; ანდრეას სეპი (იტა, 20)-სომდევ დევარმანი (ინდ) 7:6(8), 6:4, 7:5; დენის ისტომინი (უზბ)-ტობიას კამკე (გერ) 6:4, 6:2, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:5, 7:6(8), 6:4; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 17) 6:2, 6:2, 6:2; ჟულიან ბენეტო (საფ, 31)-ჟერემი შარდი (საფ) 6:4, 6:3, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-დენის კუდლა (აშშ) 7:6(3), 7:6(3), 6:3.

III წრე
რიშარ გასკე (საფ, 8)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს, 32) 6:3, 2:6, 6:4, 4:2 უარი; მილოშ რაონიჩი (კან, 10)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 23) 6:7(4), 6:4, 6:3, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 18)-ჯეკ სოკი (აშშ) 3:6, 7:6(1), 6:1, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:4, 6:3, 4:6, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 7)-ადრიან მანარინო (საფ) 6:3, 6:0, 6:2; ტომი რობრედო (ესპ, 19)-დანიელ ევანსი (ბრიტ) 7:6(6), 6:1, 4:6, 7:5; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22)-ჯონ ისნერი (აშშ, 13) 6:4, 3:6, 7:5, 7:6(5); რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ივან დოდიგი (ხორ) 6:4, 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: რაფა და როჯერი დომინირებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული