საქართველო-თურქეთი 8:4 - ბოსფორიდან ბუდაპეშტი უკეთ გამოჩნდება

AutoSharing Option
თბილისში "ოლიმპიკის" აუზს ამდენი მაყურებელი არასდროს სწვევია: ქომაგებს სათანადო მიზეზიც ჰქონდათ - გასულ შაბათს აქ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ მატჩში თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა.

ფინალური ეტაპი წლეულს, ზაფხულში ბუდაპეშტში გაიმართება, ჩვენს ბიჭებს კი იქ მოსახვედრად რეალური შანსი მიეცათ. ამიტომ მის სარეალიზაციოდ პირველივე წუთებიდან აქტიურად გაისარჯნენ, ზედიზედ შეუტიეს ტოპალოღლუს კარს და 25-ე წამზე მასპინძლები ელეზმა დააწინაურა.

სანამ თურქი წყალბურთელები გონს მოეგებოდნენ, ფრანიჩევიჩს სამამდე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მან ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მე-3
წუთზე, სტუმრების შეტევისას ჩვენებმა დაცვაში უხეშად ითამაშეს და ესპანელი ჰაიმეს სასტვენმაც არ დააყოვნა (ალბათ, მიკერძოებაში არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ ეს პირინეელი არბიტრი პირით უფრო სტუმრებისკენ იყო და ხშირადაც უსტვენდა მათ სასარგებლოდ). პენალტი ოზბაკისმა უნაკლოდ გამოიყენა.

ამის შემდეგ ორჯერ ქართველთა მეკარე ჭუმბურიძემ იყოჩაღა და გოლისგან იხსნა თანაგუნდელები.

შეხვედრის მე-5 წუთზე გუნდის კაპიტანმა რურუამ ისევ დააწინაურა საქართველოს ნაკრები. პირველი პერიოდის ბოლომდე ელაჩამ მესამედ გამოატანინა ტოპალოლღუს ბურთი კარის ბადიდან.
წყალბურთის გულშემატკივრებმა, რომლებიც აუზზე ვერ დაესწრნენ შეხვედრას, ტელეეკრანზე ნახეს ეს მატჩი. ამიტომ ორთაბრძოლის პერიპეტიების დაწვრილებითი აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ვიტყვით მხოლოდ, რომ ისელიძის შეგირდები მთელი თავით მაღლა იდგნენ მეტოქეზე, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზება ვერ მოახერხეს.

ჩვენები დაცვაში კარგი თამაშით კი გამოირჩეოდნენ, თუმცა თავდასხმისას ხშირად უწყინარ სიტუაციაში კარგავდნენ ბურთს, იერიშების დაგვირგვინების დროსაც საკმაოდ სცოდავდნენ.

ამგვარი ლაფსუსები რომ არა, ანგარიშში სხვაობა უფრო სოლიდური იქნებოდა. არადა, განმეორებითი მატჩის წინ ეს სასურველიც იყო.

მით უმეტეს, რომ არბიტრები, რომლებმაც თბილისში მასპინძლები 11-ჯერ, ხოლო სტუმრები მხოლოდ 6-ჯერ დააჯარიმეს, სტამბულშიც "შეცდებიან" უფრო ხშირად თურქების სასარგებლოდ და ეს აქედანვე უნდა გავითვალისწინოთ, თორემ თბილისური მატჩის მიწურულს შესაძლებელი იყო, გუნდი ჩომახიძის გარეშე დარჩენილიყო, რადგან ბოლო წამებზე "შელაპარაკებისთვის" ჰაიმე ტეიქსიდომ ჩვენს ვეტერანს წითელი ბარათი უჩვენა, ოღონდ ისე, რომ ამ გაძევების გამო პლეი ოფის განმეორებით მატჩს არ გამოტოვებს.

ეს შეხვედრა კი სტამბულში პირველ მარტს გაიმართება და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს 0:3 წაგებაც ხელს აძლევს, თუმცა ჩვენი გუნდის მწვრთნელებსა და წყალბურთელებს ამგვარ ანგარიშზე გაფიქრებაც არ სურთ, ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ალექსანდრე ბითაძე, საქართველოს წყალბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: მეტად საჭირო მატჩი მოვიგეთ.

ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ეს ჩვენი მეორე ცდაა და ძალიან ახლოს ვართ, ოცნება რეალობად ვაქციოთ. თუმცა ეს იოლი არ იქნება.

თურქეთის ნაკრები ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის ფინალის მონაწილეა: ზაგრებში მეათე იყო, ეინდჰოვენში - მეთორმეტე. ამიტომ ბიჭების დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. მთლიანობაში, არც მსაჯობით ვარ გულდაწყვეტილი, რადგან არბიტრები ორივე გუნდის მიმართ უშვებდნენ შეცდომებს. ოთხი ბურთით მატჩის მოგების მიუხედავად, პლეი ოფში გამარჯვებულის ვინაობა მაინც სტამბულში გაირკვევა.

დღევანდელ წარმატებაში დიდი წვლილი ქომაგებსაც მიუძღვით. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი გულშემატკივარი თურქეთშიც აპირებს წამოსვლას. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ქომაგების ორგანიზებულად გადაყვანის საშუალება არ გვაქვს. არადა, სტამბულში მათი მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება
.

ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: "ჩვენი ბიჭების გამარჯვებით უზომოდ გახარებული ვარ. უაუზობის პირობებში რაც მათ დღემდე გააკეთეს, გმირობის ტოლფასია.

საქართველოში წყალბურთს მდიდარი ტრადიციები აქვს, ამიტომ სპორტის ამ სახეობის ასაღორძინებლად მეტი უნდა გავაკეთოთ. მართალია, ჩვენმა გუნდმა მატჩი 4 ბურთით მოიგო, მაგრამ იყო შეცდომებიც.

განმეორებით პაექრობამდე მათი გამოსწორება საერთო წარმატებამდე მიგვიყვანს. ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოხვედრით კი საქართველოში წყალბურთის ახალი ბუმი დაიწყება და ამ გამოწვევისთვის მზად ვართ".


ზურაბ რურუა: "შარშან ივნისში, სტამბულის საერთაშორისო ტურნირზე თურქებს 10:9 მოვუგეთ. თბილისში, ფაქტობრივად, იგივე გუნდი დაგვიპირისპირდა. შესაძლოა, მეტოქემ პირველი მარტისთვის შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინოს, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს. რთული მატჩი გველის. მაქსიმუმს გავიღებთ და გულშემატკივრებს ფინალურ ეტაპზე გასვლით გავახარებთ".

იოვან პოპოვიჩი: "დაცვაში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე თავდასხმაში. სტამბულამდე ეს ხარვეზი უნდა აღმოვფხვრათ. უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ თბილისში მატჩი მოვიგეთ. მთავარია, გოლები გავიტანოთ. მართალია, თურქებმა ნაკრები ნატურალიზებული წყალბურთელებით გააძლიერეს, მაგრამ ჩვენს ბიჭებს ეს ვერ შეაჩერებს, სტამბულში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".

დამირ ცრეპულია: "კმაყოფილი ვარ, რომ გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუეთ. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. 4 ბურთის სხვაობით მატჩის მოგება კარგია, მაგრამ საგზურის მოპოვების გარანტია არ არის. ჩვენ დავთქვით, რომ პირველი მატჩი თითქოს უშედეგოდ დამთავრდა, ყველაფერი სტამბულში უნდა გადაწყდეს. თურქებს ახალგაზრდული, კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ არც ერთ კომპონენტში არ გვჯობნიან. მათი კომფორტულობა შინაური კედლები და არბიტრების სიმპათიები იქნება. ორივეს უნდა ვაჯობოთ და გავიმარჯვოთ".

საქართველო-თურქეთი 8:4
3:1, 2:1. 2:1, 1:1
საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, გიორგი ხვედელიანი, დამირ ცრეპულია (2), მარკო ელეზი (1), გალაქტიონ ლაითაძე, მარკო ელაჩა (3), რევაზ ჩომახიძე (1), მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (1), კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ბექა კაპანაძე.
მთავარი მწვრთნელი - ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი - იოვან პოპოვიჩი.
თურქეთი: მეჰმედ აკიფ ტოპალოღლუ, არსლან სუტალო (1), ეგე ენგინ კოლაკი, ბერკ ბიიკი, იიღიტან ჰანტალი, ატაკან დესტიჩი, ანილ სუნმეზი, მიხაილო კოროლიჩა, კემილ ბაჰადირ ოზბაკიში, ალიკან კაგატეი, ბერკ გეზეკი.
მთავარი მწვრთნელი - მატუტინოვიჩი, მწვრთნელი - შაჰბაზი.
მსაჯები: სორინ რადუ მატაჩე (რუმინეთი), ხაიმე ტეიქსიდო (ესპანეთი), დელეგატი ჯანი ლონცი (იტალია), Finaს და Len-ის ტექნიკური კომისიის თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი.

* * *

აქვე შაბათ-კვირას გამართული პლეი ოფის დანარჩენი შეხვედრების შედეგებს გაუწყებთ: რუმინეთი-დიდი ბრიტანეთი 18:7 (3:2, 4:2, 6:2, 5:1), უკრაინა-ესპანეთი 5:17, (1:3, 2:5, 2:5, 0:4), სლოვაკეთი-ხორვატია 8:16 (2:5, 2:4, 1:4, 3:3), საფრანგეთი-მალტა 20:8 (4:3, 6:2, 7:2, 3:1), ჰოლანდია-რუსეთი 9:11 (3:1, 1:3, 3:4, 2:3).

განმეორებითი მატჩები 12 მარტს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული