დაკარი 2014: ახლა კარლოს საინსის ჯერია

AutoSharing Option
რალი-რეიდ დაკარის მეოთხე ეტაპის სიგრძე 657 კილომეტრი იყო. ავტომარათონი კვლავაც არგენტინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ჯერჯერობით ყველაზე საინტერესოდ მოვლენები ავტომობილების კლასში ვითარდება. ოთხი დღის განმავლობაში აქ უკვე ოთხჯერ შეიცვალა ლიდერი.

ამჯერად გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა ლეგენდარული ესპანელი რალისტი კარლოს საინსი. შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე მან 16 წუთი წააგო ხოან ნანი რომასთან და შესაბამისად, 9 იანვარს მისგან ასეთ გმირობას არავინ ელოდა, მაგრამ ესპანელმა კარგად გამოიყენა კონკურენტების შეცდომები, თავად კარგი ტემპი განავითარა და ახლა საერთო ჩათვლაში რომას ორ წუთს უგებს.

მეოთხე ეტაპზე თავიდან
ყველაზე კარგად კიდევ ერთი რალისტი, ყატარელი ნასერ ალ-ატიია გამოიყურებოდა, რომელიც მერვე საკონტროლო პუნქტამდე ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ძვირად დაუჯდა ნავიგაციური შეცდომა და საბურავის დაზიანება. ამის გამო მან 10 წუთი დაკარგა.

კოშმარული მესამე ეტაპის შემდეგ ოდნავ გონს მოეგო სტეფან პეტერანსელი. ის მეორე ადგილზე გავიდა და საბურავის მორიგი დაზიანების მიუხედავად, მხოლოდ ექვსი წუთი წააგო საინსთან. ახლა ფრანგსა და ესპანელს შორის სხვაობა 18 წუთია, რაც სულაც არ არის კატასტროფული ჩამორჩენა. შვიდწუთიანი დეფიციტით, გენერალურ კლასიფიკაციაში მეასეა ალ-ატიია.

* * *
მეოთხე ეტაპის მთავარი ანტიგმირი აღმოჩნდა მოტოციკლების კლასში მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი სირილ დეპრე: ერთ-ერთმა ფავორიტმა ძალიან კარგად დაიწყო გამოსვლა და ლიდერებს შორის იყო ბოლო საშუალედო ნიშნულამდე, მაგრამ ზედ ფინიშზე მის მოტოციკლს პრობლემები შეექმნა, რამაც ფრანგს 40 წუთი ჩამორჩენა მოუტანა გამარჯვებულთან. ეს სერიოზული დარტყმაა დეპრეს საჩემპიონო ამბიციებზე და საინტერესოა, როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან მთავარი ფავორიტი.

პრობლემები ვერ აიცილა თავიდან საერთო ჩათვლის ლიდერმა ხოან ბარედა ბორტმა, რის გამოც გაფლანგა მარკ კომასთან ჰანდიკაპის დიდი ნაწილი: ბორტმა ეტაპზე ცხრა წუთი წააგო და ახლა მისი უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში სამ წუთამდე დავიდა. ახლოს არის ფრანსისკო ლოპეს კონტადრო, რომელიც ბორტთან ხუთ წუთს აგებს, დანარჩენები კი ლიდერს 25 წუთზე მეტით ჩამორჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული